რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, დაისჯება ყველა, ვინც ჩართულია, ან ხელს აფარებს ხე-ტყის უკანონო მჭრელებს

მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში, ან ხელს აფარებს ამ უკანონობაში ჩართულ ადამიანებს, _ განაცხადა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

“მინდა გამოვეხმაურო ისეთ საკითხს, როგორიც არის ხე-ტყის უკანონო ჭრა. თქვენ იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული ღონისძებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში. მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი, თუკი იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებსს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, – 

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება“.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და დღეს ფინანსთა სამინისტროს მთავრობაზე გამოაქვს ამ პრობლემის ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი გადაწყვეტის საკითხი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია, ამასთან ერთად მნიშვნელოვანი შეზუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე.

რეგულაციები იქნება ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.
ეს საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავიწყოთ ტყის აღდგენის პროცესი.
მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას ქვეყანაში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა ქვეყანაში და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ეს ასე ვეღარ გაგრძელდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით მთავრობა რეგულაციების შემოღებას დაჩქარებულად აპირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.