რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა მსხვილფეხა პირუტყვის  საძოვრული შენახვის დროს

ფერმერები ხშირად გვეკითხებიან თუ რა წესების დაცვაა საჭირო მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრული შენახვის დროს.

დღეს ჩვენ ჟურნალის საშუალებით ფერმერებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხებს „აგროექსპერტთა ასოციაციის“ ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა:

1)      მსხვილფეხა პირუტყვის (ძროხა) ძოვებისთვის ყველაზე კარგი პერიოდია დილისა და საღამოს საათები;

2)      ძროხა დღის ყველაზე ცხელ პერიოდში უნდა ისვენებდეს;

3)      მწვანე, ახალმოთიბული ბალახი საღამოს და არა დილით უნდა ვაჭამოთ;

4)      ძროხას მცირე რაოდენობით კონცენტრატი (მარცვლეულის ნარევი) მაინც აუცილებლად უნდა მივცეთ;

5)      თუ ფიქრობთ, რომ მსხვილფეხა პირუტყვი, რაც უფრო მეტი ხანი იმყოფება საძოვარზე, კარგია,  შეცდომაა;

6)      როგორი მოვლილი საძოვარიც არ უნდა იყოს, პირუტყვი 8 საათზე მეტს არ ძოვს, დანარჩენ დროს ისვენებს და იცოხნება.

გაითვალისწინეთ:

1)      მცენარეული საკვები მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, ამიტომ  ძროხას რეგულარულად უნდა მივცეთ დამატებით სუფრის მარილი. 1ლ. რძით გამოიყოფა 1გრ კალცის ქლორიდი – ბალახში არის ბევრი კალციუმი, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ნატრიუმი და  იწვევს მარილის შიმშილს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია საქონელს დღეში  30-70 გრ მარილი მივცეთ.

2)      საძოვრული პერიოდის დასაწყისში ძროხას არ უნდა მივცეთ ხორბლის  ნარჩენები (ქატო), რომელიც აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ათხიერებს კუჭის შიგთავსს. ამ დროს უკეთესია მივცეთ 1კგ-მდე დაუმუშავებელი  კონცენტრატი, რადგან მას  შემკვრელი თვისებები გააჩნია;

3)      ძროხა  საძოვარზე საშუალოდ  5-6 წუთში ერთ კილოგრამამდე მწვანე საკვებს  ჭამს;

4)      პირუტყვი საძოვრულ კვებაზე  თანდათანობით უნდა გადავიყვანოთ: ჯერ 1,5, შემდეგ რამდენიმე საათი და ა.შ. _ ორი კვირის განმავლობაში;

5)      თუ ეს შესაძლებელია, ნახირი საძოვარზე უნდა გავიყვანოთ ცვრის აღების შემდეგ;

6)      თუ ძროხა პარკოსან მცენარეთა საძოვარზე იმყოფება, მას წყალი საძოვარზე გაყვანიდან 1,5 საათის შემდეგ უნდა დავალევინოთ, რომ ფაშვის ტიმპანია (ფაშვის ტიმპანიას (ფაშვის გაბერილობა) იწვევს დიდი რაოდენობის აირების დაგროვება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ბალახეულმა მცენარეებმა-განსაკუთრებით თუ ეს ბალახი ნამიანია) არ განვითარდეს;

7)      საძოვრულ პირობებში შენახვის დროს რძის დანაკარგი სადგომიდან საძოვრამდე ძროხის ერთ კილომეტრ მანძილზე გადაადგილებისას 300-400გრამამდე მერყეობს (რელიეფის მიხედვით);

8)      ძროხა ცუდად ჭამს 15-20 სმ-ზე დაბალ, ასევე 30 სმ-ზე მეტი სიმაღლის ბალახს;

9)      საძოვარი ეფექტიანად გამოიყენება მორიგეობით ძოვების დროს;

10)   ძროხამ 100 კგ. ცოცხალ  წონაზე უნდა მიიღოს 2-3კგ.  მშრალი ნივთიერება (მნ), ხოლო ახალ მწვანე წვნიან ბალახში ეს (მნ) ძალიან ცოტაა (1კგ მწვანე ბალახში დაახლოებით 170 გრ. მშრალი ნივთიერებაა. ბალახის 1 კგ. მშრალი ნივთიერება ტოლია 5,8 კგ. მწვანე მასის),  ძროხა ზოგჯერ ვერ აგროვებს  სათანადო რაოდენობით მშრალ ნივთიერებას,  ამიტომ დამატებით ეძლევათ დღეში 2-3 კგ. ჩალა,  ბადაგის  ხსნარი (შეიძლება შაქრის ხსნარიც) (არაუმეტეს 200-250გრ, 0.5ლ წყალში) დაფქვილი ქერი  150 გრ. 1კგ. რძეზე. ასეთ დროს მონაწველი 10-15%-ით იზრდება და იზრდება  ცხიმიანობაც;

11)   საშუალოდ ძროხა კარგ საძოვარზე  10 კგ. მშრალ ნივთიერებას იღებს, ეს კი საკმარისია 13-14კგ რძის საწარმოებლად.

მიხეილ ჭიჭაყუა
ბიოლოგიის დოქტორი,
„აგრო ექსპერტთა ასოციაცია“