რა ვალდებულება ეკისრება ოჯახს თუ 300-მდე ფრთა ფრინველი, ან 10-მდე ფუტკრის ოჯახი ჰყავს

აღნიშნული დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ეხება სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახს ჰყავს, ან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მაინც აწარმოებს:

ა) არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველი და მისგან წარმოებული ხორცი, ან კვერცხი;
ბ) არაუმეტეს 10 ფუტკრის სკა და მისგან წარმოებული თაფლი;
გ) არაუმეტეს 30 სული ბოცვრისნაირი და მისგან წარმოებული ხორცი.

ამასთან, ცვლილებებს ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5 სულს; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15 სულს; არაუმეტეს 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე წარმოებული სურსათი ან/და ცხოველის საკვები.

დადგენილების თანახმად, თუ ოჯახური წარმოების სუბიექტი აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს, ის ვალდებულია:

_ რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში − სააგენტო);

_ შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

_ ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;

_ უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა;

_ უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

_ უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

_ გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

_ შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

_ შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;

_ ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

_ საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.

ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციისთვის, რეგისტრაციის განახლებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან, დაწესებულებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

რეგისტრაციისას სააგენტო ოჯახური წარმოების სუბიექტს ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს, რომელიც არის ფიზიკური პირის პირადი ნომერი.

ცნობისთვის, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.

ავტორი: ინგა მურუსიძე

წყარო: bm.ge