რა ზომებს მიიღებს სახელმწიფო 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური საშუალების მობილიზება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება, რათა არსებული გამოწვევიდან გამომდინარე –  საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებებით  და სპეციალური ტექნიკით დროულად უზრუნველყოფა განხორციელდეს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შემუშავებულია, რომელიც   2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება. მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიური საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიანი მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა).

მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის გატარების შედეგად,  როგორც მინისტრი ამბობს, სამინისტრომ შეძლო მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნული მავნებლის ბიოლოგიისა და  მასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. მოსახლეობას სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ მათი ჩართვის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებით შედეგს ვერ მივიღებთ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტით, 2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად,  ფინანსთა სამინისტროს მიერ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით გამოიყო 35 მლნ ლარი, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, სურსათის ეროვნულმა საგენტომ განახორციელა ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურები და გამარტივებული შესყიდვის პირობებში, სამი მომწოდებლისგან (აღსანიშნავია, რომ პროცესში ჩაერთო პრეპარატის მომწოდებელი ფაქტობრივად ყველა კომპანია) შეიძინა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ქიმიური პრეპარატები, რომლისთვისაც 15 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, 2018 წელს გაძლიერდება აზიური ფაროსანას  მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახელმწიფო შეიძენს 100 ათასზე მეტ ფერომონს, რომლებიც განთავსდება  მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლა. ამ მიზნით, გათვალისწინებულია  360 ტონა პრეპარატის  გამოყენება.  გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია 120 ერთეული სპეციალური მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკა) ტექნიკის  შეძენა, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

გარდა ამისა, საერთაშორისო დახმარების ფორმატში,  USAID-ის მიერ, გათვალისწინებულია 17 ერთეული აგრეგატის, ევროკავშირის მიერ 17 შესაწამლი აპარატის შეძენა, ხოლო 37 მაღალი გამავლობის ავტომობილი ჩინეთის ტექნიკური დახმარების ფარგლებში იქნება შესყიდული.

სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ხშირად დგება სხვდასხვა გამოწვევის წინაშე. გლობალური კლიმატური  ცვლილებების ფონზე ჩნდება ახალი მავნებლები.  ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო პროგრამას ამერიკული თეთრი პეპელას და იტალიური კალიის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად დღეს მათი პოპულაცია რეგულირებადია და ეკონომიკური ზარალი მინიმუმამდეა შემცირებული.

აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება, ანუ მას არ ჰყავს ბუნებრივი მტერი და, სწორედ ამიტომ, გამრავლების შესაჩერებლად, საჭიროა ქიმიური და მექანიკური გზებით ბრძოლა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნას, სადაც მავნებლის ბუნებრივი მტრებისა და პარაზიტების შესწავლა-დაკვირვება მოხდება.

    2018 წელს, იმუშავებს უწყებათშორისი საკოორდინაციო სამუშაო შტაბი, სადაც ჩაერთვებიან სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლები.

              საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს და რომლის წინააღმდეგ ბრძოლას, სამწუხაროდ, არაერთი წელი და ადამიანური და ტექნიკური რესურსის სრული მობილიზება დასჭირდება.

              მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლებში, საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებისა და ღონისძიებების შემუშავების პროცესში, სამინისტრომ ითანამშრომლა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კვალიფიციურ სპეციალისტებთან, მათ შორის: ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორ  მარტინ ვორდთან, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივანი ჯინიუენ შიასთან, პენსილვანიის უნვერსიტეტის პროფესორი გრეგორი კავჩუკისთან.

მავნებელთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების მიზნით, კომპანია „აგრიჯორჯიას“ ორგანიზებით საქართველოში გაიმართა წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები: კაკლოვანი კულტურების საბჭოს კვლევითი და სახელმწიფო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კალკანი, ბიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი შვეიცარიაში ტიმ ჰეი, ენტმოლოგი (კანადა) ტარა გარიეპი.

            აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ყველა კომპეტენტურ მხარესთან, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერებთან.

სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შექმნილია  სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფი და უწყება, რომელიც  მზად არის,  წარმოდგენის შემთხვევაში  მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ახალი წინადადებები განიხილოს.