რაჭაში რთველის დაწყების გამო პოლიცია კონტროსლს ამკაცრებს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესულ მანქანებს პოლიცია აჩერებს და ამოწმებს. როგორც სამართალდამცავებმა „რეგინფოს“ განუმარტეს, ავტომობილებს სამინისტროს დავალებით ამოწმებენ, რათა სართვლოდ ამბროლაურში სადაც ღვინო „ხვანჭკარის“ მიკროზონაა, ვინმემ არაენდემური ჯიშის ყურძენი არ შეიტანოს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით მხეიძის განცხადებით, მუჯურეთულისა და ალექსანდროულის კრეფა დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება.
„ტრადიციულად ასე ხდება ხოლმე, რათა ბარიდან სხვა ჯიშის ყურძენი არ შემოვიდეს. წინა წლებში იყო შემთხვევები, როდესაც შემოჰქონდათ შესახედაობითა და ფერით მსგავსი ყურძენი და აბარებდნენ ან ცდილობდნენ ჩაებარებინათ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ფასებში.
პრევენციის მიზნით დგანან და აკონტროლებენ, რომ შევინარჩუნოთ ის სუფთა ჯიშები, რაც არის“, – უთხრა „რეგინფოს“ ამბროლაურის მერმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, „რთვლის პერიოდში რეგიონი იკეტება“. მათივე თქმით, პოლიცია კონტროლს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე ახორციელებს. განკარგულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩაბარების პროცესში ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.
ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის ფასი შარშან 7 ლარი იყო. ამ ჯიშების ყურძნისგან ადგილწარმოშობის დასახელების, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ მზადდება.
წყარო: reginfo.ge