რატომ არ უნდა ვიყიდოთ უკონტროლო რძე და რძის პროდუქტები

სამწუხაროდ ბოლო 20 წელიწადია, რძისა და რძის პროდუქტების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მეწარმეების მონდომება რძის ხარისხის გაუმჯობესება დიდია, ობიექტური გარემოებები სულ სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს.
ქვეყანაში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია, განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობაში. ხშირად მყიდველი უკონტროლო პუნქტებს, გარე ვაჭრობის ობიექტებს ირჩევს, სადაც უხარისხო პროდუქტის შეძენის რისკი ძალიან მაღალია. რძისა და რძის პროდუქტების ხარისხიანობის პრობლემა კონტროლირებად სავაჭრო ქსელებშიც არსებობს, სადაც ბევრი პროდუქტის სარგებლობა საკამათოა.

რატომ არ უნდა ვიყიდოთ უკონტროლო რძე და რძის პროდუქტები და რატომ არის მათი მოხმარება ჯანმრთელობისთვის სახიფათო?

იმიტომ რომ:
  1. თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ დაავადებულიათუ არა ძროხა, ბრუცელოზით, სალმონელოზით, თურქულით, ტუბერკულოზით, პარატუბერკულოზით, ლეიკოზით  (არც ტუბერკულოზი და ლეიკოზი არის იშვიათი შემთხვევა ჩვენში).

ტუბერკულოზი მედიცინასა და ვეტერინარიაში დღესაც ერთ-ერთ მთავარი ინფექციური პრობლემაა. 2015 წელს ტუბერკულოზით მსოფლიოში 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაავადდა (მათ შორის, 1 მილიონზე მეტი ბავშვი). ტუბერკულოზი ცხოველებში უმეტესწილად ქრონიკულად მიმდინარეობს, მისი აღმძვრელი კი რძეში 10 დღემდე ძლებს, ყველში _ 100 დღემდე, კარაქში _ 45 დღემდე. პასტერიზაცია ტუბერკულოზის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმებიდან მონაწველ რძეს ვერ აუვნებლებს. დუღილის დროს ტუბერკულოზის ჩხირები 10 წუთის განმავლობაში ისპობა, თუმცა არსებობს მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ ტუბერკულოზის ჩხირს 120°C-ის ზღვარზეც კი შეუნარჩუნებია გამძლეობა.

შემაშფოთებელია ისიც, რომ ლეიკოზის გამომწვევი მიზეზები მეცხოველეობაში შეუსწავლელია. ადამიანის ლეიკოზი კი განსხვავდება ძროხის ლეიკოზისაგან. თუმცა, ბოლომდე არ არის გარკვეული ძროხის ლეიკოზის ვირუსი მოქმედებს თუ არა ადამიანის ორგანიზმზე, ამიტომ დაავადებული ცხოველის რძის გამოყენება აკრძალულია. ლეიკოზით დაავადებული რძე დაბალი ხარისხისაა და მისი გამოყენება  ყველის წარმოებაში დაუშვებელია.

სამწუხაროდ ბაზრის ლაბორატორიაში თუ საოჯახო პირობებში შეუძლებელია განვსაზღვროთ ლეიკოზით დაავადებულია თუ არა რძე. კვლევებით, ლეიკოზით უფრო შავ-ჭრელი ძროხები ავადდებიან, მეტწილად 4-8 წლის ასაკში. დაავადება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

შეგვიძლია სახლის პირობებში რძე ავადუღოთ, რა დროსაც ლეიკოზის ვირუსი იღუპება, მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას მშვიდად ვიყოთ, რადგან ანადუღარი ლეიკოზიანი რძეც არ არის ორგანიზმისათვის უსაფრთხო, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, რომელთა იმუნურ სისტემასაც ასუსტებს. სამწუხაროდ, ეს ვირუსები მხოლოდ ულტრამაღალი ტემპერატურული დამუშავებისას კვდება;

  1. თქვენ არ შეგიძლიათ განსაზღვროთ არის თუ არა რძე მასტიტით დაავადებული საქონლიდან მიღებული.

    ინფექციური დაბინძურების შემთხვევაში ნედლი რძე 15 წუთიანი დუღილის შემთხვევაში წყვეტს ინფექციური დაავადების პრობლემას. თუმცა, ეს არ ეხება მასტიტიან რძეს, ის დასალევად არ გამოდგება ადუღების შემდეგაც.

მასტიტი არის ორი სახის – ფარული და კლინიკური. ფარული მასტიტის დროს რძის გამოყენება შეიძლება, მაგრამ იგი დაბალი ხარისხისაა,     კლინიკიკური მასტიტის დროს კი რძის გამოყენება აკრძალულია. მასტიტი ცვლის რძის ქიმიურ შემადგენლობას, ამცირებს კალცს და ფოსფორს, ზრდის რძეში სომატური უჯრედების რაოდენობას, აქვეითებს თერმოსტაბილურობას, რძე ადუღებისას „იჭრება“, ყველის დასამზადებლად არ გამოდგება, იზრდება ლპობის ბაქტერიების რაოდენობა.

  1. თქვენ არ შეიძლება იცოდეთ ძროხას მიღებული აქვს თუ არა ანტიბიოტიკი, რომელიც გადადის რძეში

    . მართალია არსებობს ანტიბიოტიკი „ცეფტივილი“, რომელიც არ გადადის რძეში და მისაღებია მერძეული ძროხისთვის, თუმცა, შეძინის დროს ჩვენთვის უცნობია, რომელი ანტიბიოტიკი აქვს მიღებული პირუტყვს. მერძეულ საქონელში ანტიბიოტიკებს ხშირად  მაღალი დოზებითაც იყენებენ, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკებს.

  2.  თქვენ არ შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორ დაფასოვდა ეს რძე.

    ხშირად გინახავთ ალბათ, როგორ აგროვებენ ქუჩაში გადაყრილ პოლიეთილენის ბოთლებს, რომელშიც შესაძლებელია ის რძეჩაისხა, რომელიც თქვენ იყიდეთ. უცნობია, როგორ განხორციელდა რძის ტრანსპორტირება, შენახვა. არასწორი შენახვის დროს (ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა) რძეში შეიძლება ჩამოყალიბდეს ლპობის ბაქტერიები, საფუარი და ნაწლავის ჩხირი. ასეთი რძის გამოყენება უსათუოდ გამოიწვევს ინტოქსიკაციას.

  3. თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ ნამდვილად იყიდეთ თუ არა ნატურალური რძე.

გამორიცხული არ არის, რომ დამატებული ჰქონდეს წყალი და 4-5%-იანი ცხიმიანი რძის მაგივრად თქვენ ყიდულობთ 1-2%-იანს. გარდა ამისა, შესაძლოა რძეში (ყველშიც) შერეული აღმოჩნდეს სახამებელი, ცარცი, სოდა, თაბაშირიც კი, რათა რძე ისევე სქელი იყოს, როგორც მოუხდელი ცხიმიანი რძე.

  1. რძე და რძის პროდუქტები შეიძლება დამზადებული იყოს დაბალი ხარისხის რძის ფხვნილისგან და ცხიმიანობისთვის გამოყენებული იყოს მაღალი ზეჟანგვითი რიცხვის მქონე ცხიმები, ტრანსცხიმები

    , რომელიც ძალიან მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, როდესაც დანიამ აკრძალა ტრანსცხიმების გამოყენება რძის და სხვა პროდუქტებში, მოსახლეობაში სიკვდილიანობა 30%-მდე შემცირდა.

მთაში ან თუნდაც ბარში, სოფლის საძოვრებზე ნაკვები ძროხისგან მიღებული რძე და რძის პროდუქტები გაცილებით მაღალი სარგებლობის არის (თუ მინდვრის ბალახს, თივას ღებულობს უფრო მეტს, ვიდრე – კონცენტრატს.), მაგრამ ხარისხიანი რძისთვის ძროხა აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ჯანმრთელობაზე.

ფერმერები მრპ-ის ინფექციური დაავადების გამოვლენისთვის სასურველია იყენებდნენ რძის საველე ტესტებს, ტესტ-ჩხირებს მასტიტზე, ბრუცელოზზე, ტუბერკულოზზე.

სამწუხაროდ, არათუ ჩვენთან, მსოფლიოში მოიმატა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინფექციური დაავადების მიგრაციამ და ჩვენ ამ საკითხებს, როგორც ცოდნით, ასევე მოქმედებით, მომზადებულები უნდა შევხვდეთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პესტიციდებითა და სასუქებით დაბინძურებული საძოვრები და სავარგულები, მნიშვნელოვნად განაპირობებს მეცხოველეობის პროდუქტების არაეკოლოგიურობას. ამ და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, რძესა და რძის პროდუქტების ბავშვთა კვებაში გამოყენებაზე გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს. მაგალითად, საბავშვო ბაღებს სპეციალურად შერჩეული ზონებიდან მიღებული რძე და რძის პროდუქტები უნდა მიეწოდოს.

მიხეილ ჭიჭაყუა
ბიოლოგიის დოქტორი
„მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტკონსულტანტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.