რატომ გადაწყიტეს ქუთაისელმა ვაჭრებმა იმერული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა?

იმერულ ღვინოზე საუბრისას, პირველ რიგში იმერეთის რეგიონი არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთგვაროვან ტერიტორიად, სადაც ყველგან ხარისხიანი ყურძნის მოსავალი მოდის. იმერეთში მევენახეობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონები, ასევე კარგი ხარისხის ყურძენი მოდის ქუთაისის ახლოს მდებარე სოფლებშიც. რაც შეეხება ჭიათურას, საჩხერეს, ხონს, სამტრედიასა და ხარაგაულს ამ რაიონებში მოწეული ყურძნის ხარისხი ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია. 

იმერული ღვინის ბოთლის ჩამოსხმა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, მეფის რუსეთის მართველობის დროს, ქუთაისელმა სირაჯებმა დაიწყეს. ღვინით მოვაჭრეებმა გადაწყვიტეს რუსეთში ღვინო ევროპული შეფუთვით ანუ ბოთლით გაეტანათ. ბოთლში ჩამოსხმული პირველი იმერული ღვინოები იყო: “კუტაისსკი”, “ცოლიკოური”, “გელათი” და სხვა… ამავე საუკუნეში, ღვინის ტექნოლოგებმა იმერული ყურძნის ჯიშისაგან მასიურად ცქრიალა ღვინის ე.წ შამპანურის წარმოება დაიწყეს. როგორც ცნობილია, იმერული ღვინის ჯიშები ევროპული და კლასიკური ქართული (ქვევრის) ღვინოების დასაყენებლად საუკეთესოა.

1946 წელს იმერეთში ვენახები დაახლოებით 2 ათას ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამ ვენახების უმეტესობა საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა. მოწეული მოსავლისგან დაყენებული ღვინო ძირითადად რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში იყიდებოდა. იქედან გამომდინარე რომ დასახელებულ ქვეყნებში ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებზე დიდი მოთხოვნა იყო, იმერელი მეღვინე იძულებული გახდა სწორედ ამ ტიპის ღვინის წარმოებაზე გადასულიყო. მაგალითად, თუკი მეგრული ოჯალეში, რაჭული ტვიში და მუჯურეთული იძლევა ტკბილი ღვინის დაყენების საშუალებას, იმერულ ღვინოში ხელოვნურმა ჩარევებმა ღვინის ხარისხს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

როგორც ცნობილია, იმერეთში ვენახების მასიური გაშენება გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. თუმცა შემდგომ წლებში აღმასვლას კვლავ დაღმასვა მოჰყვა. დღევანდელი მონაცემებით, მთელ იმერეთში ვენახები სულ რამდენიმე ჰექტარზეა გაშენებული. ბოლო წლებში იმერულ ღვინოსა და მეღვინეობას მხსნელად მსოფლიოში ე.წ “ბიო” ღვინით მოვაჭრეები მოევლინენ. ღვინის სპეციალისტებმა იმერული ღვინის პირველივე დეგუსტაციაზე უმაღლესი შეფასება მისცეს და ერთხმად აღიარეს, რომ იმერული ღვინო გამორჩეულია. მსოფლიო ღვინის სხვადასხვა გამოფენაში იმერული ღვინოების მიერ მოპოვებული მაღალი სინჯის მედლები ბევრ რამეზე მეტყველებს. დღეს იმერულ ღვინოებს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად ამზადებენ.

წყარო: allwine.ge