რძის პროდუქტების მწარმოებელი “შავი მეწარმეები” გლეხის სახელს აფარებენ თავს

რძის პროდუქტების მცირე და საშუალო მწარმოებლები ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მეწარმეების პრობლემაზე საუბრობენ. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე მოქმედებენ კერძო პირები, რომლებსაც არც შესაბამისი სერთიფიკატი გააჩნიათ, არც ნორმებს იცავენ, პროდუქტს იაფად ყიდიან, რაც ე.წ. კეთილსინდისიერ მწარმოებლებს აზარალებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე მწარმოებელმა გასულ წელს სოფლის მეურნეობის მინისტრს და სურსათის უვნებლობის სამსახურს მისწერა. მწარმოებლების ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ამ დრომდე სიტუაცია არ გამოსწორებულა.
“შირაქის რძის პროდუქტების” ხელმძღვანელი დავით აფციაური აცხადებს, რომ ერთადერთი რაც შეიცვალა ისაა, რომ თუ აქამდე კომპანიის მაღაზიებს თვეში ერთხელ ამოწმებდნენ, ახლა სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები კვირაში ერთხელ სტუმრობენ.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არათანაბარ პირობებში აყენებს კეთილსინდსიერ და არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს და რეალიზატორებს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური მას მცირე დარღვევებზე აჯარიმებს, მის გვერდით არსებულ გამყიდველს კი, რომელიც დარეგისტრირებული არ არის, კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაშიც არ უწერს ჯარიმას.
– მე მაცივარში თერმომეტრი რომ არ მაქვს, ჯიხურს მიხურავენ, 400-ლარიან ჯარიმას მიწერენ და ამ ადამიანებს, საერთოდ მაცივარი რომ არ აქვთ, ყველის ეტიკეტი არ აქვთ, მათ მიმართ არანაირი მოთხოვნები არ არის. შავი მეწარმეები გლეხის სახელს აფარებენ თავს, ვითომ გლეხის ყველს ყიდიან,- აცხადებს დავით აფციაური.
იმავე პრობლემებზე საუბრობს კომპანია “დედოფლისწყაროს ნობათის” ხელმძღვანელი ბესიკ თოფჩიშვილი. მისი ინფორმაციით, მიუხედავად მათ მიერ გაგზავნილი წერილისა, უშუალოდ მის რეგიონში სიტუაცია არ შეცვლილა.
მეწარმეები გასულ წელს მინისტრისთვის მიწერილ წერილში მოითხოვდნენ, მომხდარიყო იდენტიფიკაცია და კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების გავრცელება იმ სუბიექტებზე, რომლებიც ფიზიკური პირის სტატუსის საფარქვეშ ეწევიან არაერთჯერად, ორგანიზებულ და მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას და კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით წარმოებული სურსათის ბაზარზე განთავსებას; ასევე, მწარმოებლები მოითხოვდნენ, გამკაცრებულიყო სახელმწიფო კონტროლი სარეალიზაციო ობიექტებზე, გახშირებულიყო ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება, რაც შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფოს სრულად აღექვა არსებული ვითარების სიმწვავე და მასშტაბურობა.
“კანონის მოთხოვნათა დაცვა და უვნებელი პროდუქციის წარმოება დაკავშირებულია ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირებასთან წარმოებაში, რაც საბოლოო ჯამში აისახება კიდევაც ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე.
ამავდროულად, ბაზარზე გვევლინებიან ისეთი სუბიექტები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ სურსათის უვნებლობის კოდექსით ფიზიკურ პირთათვის 2020 წლის 1 იანვრამდე გათვალისწინებული გამონაკლისებით და ეწევიან არაკეთილსინდისიერ მეწარმეობას, თავს არიდებენ რეგისტრაციასა და სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას და ყოველგვარი სანიტარული თუ სხვა პირობების დაუცველად აწარმოებენ პროდუქციას, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია ეწოდოს რძის პროდუქტი”,-აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: akhalitaoba.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.