როგორ აქციეს ჩინელებმა უდაბნო ოაზისად, ქართველებმა კი ოაზისი …

თუ შემოგთავაზეს ახალდაკრეფილი შუშა კიტრი და მწვანილი გობის უდაბნოდან, არ გაგიკვირდეთ. გრანდიოზული პროექტის განხორციელებას უკვე შეუდგნენ ჩინელი მეცნიერები. მათ მიერ შექმნილ საირიგაციო ნანოტექნოლოგიას უდაბნოს უნაყოფო ქვიშის ნოყიერ ნიადაგად გადაქცევა შეუძლია.

თუ წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მოგვარდება, ბევრ რეგიონში ნახევრადუდაბნოსა და უდაბნოს კლიმატი _ მცხუნვარე მზე და წლის საერთო ტემპერატურათა ჯამი ბოსტნეული თუ სხვა კულტურების წარმოების იდეალურ პირობებს ქმნის.

საგზაო რუკა, რომელიც გაეროს სასურსათო ორგანიზაციამ შეიმუშავა დედამიწაზე გლობალური დათბობის შედეგად ნიადაგების გაუდაბნოების დაჩქარებული პროცესის შენელებას ისახავს მიზნად. ეს კაცობრიობის წინაშე არსებული, მართლაც ერთ-ერთი უმწვავესი საკითხია, რადგან ყოველწლიურად დედამიწაზე ათიათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნადგურდება ეროზიისა და გაუდაბნოების შედეგად.

გაუდაბნოების წინააღმდეგ მიმართული კვლევები და პრაქტიკული სამუშაოები დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ მხრივ გარკვეულ შედეგსაც აღწევენ, მაგრამ, ჩინელმა მეცნიერებმა, შეიძლება ითქვას, დროს გაუსწრეს და მითი რეალობად აქციეს.

როგორც  ჩონგქინგ ჯიაოთონგის უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი ზჰაო ჩაოჰუა ამბობს, მათ შექმნეს ტექნოლოგია, სპეციალური მასალები და დანადგარები, რომელიც უდაბნოს ქვიშას ნიადაგად გარდაქმნის და მცენარის ზრდა-განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

ექსპერიმენტი შუა მონღოლეთში ქალაქ ეროს მიდამოებში უდაბნოში მიმდინარეობს, უკვე ათვისებულია 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, სადაც მარცვლეული, პამიდორი, სორგო, მწვანილი, ყვავილები და სხვა კულტურები მოჰყავთ.

უდაბნოში ხუთას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობი 6 თვეში საოცარ ოაზისად იქცა.

ეს იმ ახალი ტექნოლოგიის შედეგი გახლავთ, რომელიც ჩონგქინგ ჯიაოთონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიგონეს. მათ ბუნებრივი მასალებისგან შექმნეს ბიომასა, ერთგვარი კრემ-ჟელე, რომელიც მცენარეს წყლითა და სხვა საჭირო საკვები ელემენტებით ამარაგებს. ამ ჟელეს ნიადაგში, მცხუნვარე მზის გულზეც კი შეუძლია შეინარჩუნოს წყალი, ჟანგბადი, სხვა მინერალები და მცენარეებს კომფორტული პირობები შეუქმნას

_ უდაბნოში, ჩვენი გამოთვლით 70 -ზე მეტი სხვადასხვა სახის მცენარის კულტივირება შიძლება, _ აღნიშნავენ მეცნიერები.

როგორც უკვე ვთქვით, ახალი ტექნოლოგიური მასალებით და დანადგარებით უდაბნოს ქვიშა გარდაიქმნება ნაყოფიერ მიწად, რაც მეცნიერებს თამამი პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.

მკვლევარების გუნდს ძალიან დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ამავე შემოდგომაზე ისინი იმედოვნებენ, დამატებით კიდევ უდაბნოში 400 ჰექტარზე მოიყვანონ სხვადასხვა კულტურები.

ამავე მეთოდით მათ უდაბნოში წიწვოვანი და სხვა სახის ტყეების გაშენებაც აქვთ დაგეგმილი.

უახლოეს წლებში კიდევ 13 ათასი ჰექტარ უდაბნოს ქვიშიან ტერიტორიას აითვისებენ, საერთოდ კი ჩინელები ფიქრობენ, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას მისცემთ, მათ ტერიტორიაზე არსებული უდაბნოს 50% ნაყოფიერ სავარგულებად აქციონ.

გაუდაბნოების პრობლემა საქართველოშიც უმწვავესად დგას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონისთვის ეს ძალიან მტკივნეული ამბავია,  სასმელი თუ სარწყავი წყლის „ექსპორტით“ ქვეყნის გადარჩენაზე ვლაპარაკობთ და ამ დროს ჩვენი სოფლები უწყლობით იღრჩობა, თავის დროზე ათიათასობით ჰექტარი გასარწყავებულ-გაკულტურებული სავარგულები წლების განმავლობაში მიტოვებულია და მათი მეტი ნაწილი ან უკვე  გაუდაბნოებულია, ან  მალე გაუდაბნოვდება… 

 

Comments are closed.