„როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“

…„ამ მხრივ ამერიკა ინგლისის მაგალითს მისდევს. მე-19 საუკუნის 20-იან წლების ამერიკული მაქსიმა: „არ გააკეთო ის, რასაც ინგლისელები გეუბნებიან, გააკეთე ის, რაც ინგლისელებმა გააკეთეს“ დღეს უმტკივნეულოდ შეიძლება გდაგკეთდეს შემდეგნაირად: „არ გააკეთო ის, რასაც ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთე ის, რაც ამერიკელებმა გააკეთს“.
„მდიდარ ქვეყნებს აქვთ მიდრეკილება ღარიბ სახელმწიფოებს მოახვიონ თავს ის თეორიები, რომელსაც თავად არასდროს მისდევდნენ და „ალბათ“არც არასდროს გაჰყვებიან.“

ეს არის ამონარიდი ერიკ ს. რეინერტის წიგნიდან _ „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“, რომლის პრეზენტაცია თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საპრეზენტაციო დარბაზში 15 იანვარს გაიმართა.

წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა „საზოგადოების  კვლევის ცენტრისა“ და “კავკასიური სახლის“ პროექტების ფარგლებში; „სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“/ პარტიის თავმჯდომარე პროფესორ გია ჟორჟოლიანი/ ინიციატივით, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის თანადგომით, წიგნი „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად” მთარგმნელებმა: ტატო ხუნდაძემ და ივანე აბრამაშვილმა მკითხველს ავტორთან, პროფესორ ერიკ რეინერტთან ერთად წარუდგინეს.

ერიკ რეინერტის წიგნი „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად” 2007 წელს გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. იგი აერთიანებს ეკონომიკური აზრის ისტორიასა და განვითარების ეკონომიკის იდეებს და არგუმენტირებულად უპირისპირდება გავრცელებულ თვალსაზრისს, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას განვითარების ერთადერთ გზად წარმოაჩენს.

ავტორმა პროფესორმა ერიკ რეინერტმა პრეზენტაციაზე ვრცლად ილაპარაკა წიგნის შექმნის ისტორიაზე, თავის დაკვირვებებზე, რომ მკითხველისთვის ნათლად მოეთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებიან მდიდარი ქვეყნები სახელმწიფოს აქტიური ჩარევით, ინოვაციების წახალისებით, სტრატეგიული ინვესტირებითა და სამთავრობო თანადგომით, მაშინ, როდესაც ღარიბი ქვეყნები გლობალურ თავისუფალ ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეობით სულ უფრო მეტად იძირებიან სიღარიბეში.

ავტორი მკითხველს სთავაზობს საინტერესო პერსპექტივას, როგორ შეუძლია ღარიბ ქვეყნებს დაძლიონ სიღარიბე და მოიძიონ ადგილი თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში.

და ბოლოს: ერიკ რეინერტი თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი ჰეტეროდოქსული განვითარების ეკონომისტია. ამჟამად იგი ტექნოლოგიების მართვისა და განვითარების სტრატეგიების პროფესორია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ნორვეგიაში კი – „სხვა კანონის ფონდის” დირექტორია.

2008 წელს რეინერტმა ​ წიგნისთვის _ „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“ პრესტიჟული მირდალის პრიზი“ მიიღო.