როგორ განვსაზღვროთ შეძენილი თესლის ვარგისიანობა

მცენარის აღმოცენების უნარი პროცენტულად განისაზღვრება. მაგალითად, თუ 10 თესლიდან მხოლოდ 6 ამოვიდა, მაშინ აღმოცენების მაჩვენებელი 60%-ია. თუ მცენარეთა თესლის აღმოცენების მაჩვენებელი 30 %-ზე დაბალია, მაშინ თესლის ეს პარტია წუნდებულია და აღარ გამოიყენება.
თესლის ვარგისიანობის შესამოწმებლად ლამბაქზე რამდენიმე ფენა სველი ხელსახოცი დააფინეთ, აიღეთ სასურველი კულტურის 10 ცალის თესლი დაალაგეთ ლამბაქზე მოთავსებულ დამბალ ქაღალდზე ზევიდან ისევ გადააფარეთ  2 ფენა მსგავსად დასველებული ქაღალდი და შეფუთეთ… პოლიეთილენის ფირით (პარკით) და დადეთ  თბილ ადგილას. ლამბაქზე დაფენილი ქაღალდი არ უნდა გამოშრეს, არც ძალიან ტენიანი უნდა იყო. 4-8 დღის შემდეგ თესლი უნდა გაღივდეს. სწორედ ამის მიხედვით გამოთვლით პროცენტულ მაჩვენებელს!

ფალსიფიცირებული თესლის გამოვლენის ასეთი პრაქტიკაც არსებობს: შალის ნაჭერს პლასტმასის ღერო რამდენჯერმე უნდა გაუსვათ (დამუხტოთ) და გადაატაროთ მაგიდაზე გაშლილი თესლის ფენას, ფუჭ თესლს პლასტმასის ღერო მიიკრავს.

აუცილებლად გადაამოწმეთ შეძენილი თესლი, რომ სეზონზე იმედი არ გაგიცრუვდეთ და ნაკვეთი არ მოაცდინოთ.

ლია მღვდელაძე