რუსეთში ხორბლის ფასმა ნავთობის ფასს გაასწრო
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის შიდა ბაზარზე ერთი ტონა ხორბლის ფასი 1000 რუბლით გაძვირდა და 13.4 ათას რუბლს მიაღწია, წერს კომერსანტი. ეს ისტორიული მაქსიმუმია _ რუსეთში ხორბლის ფასმა ნავთობის ფასს გაასწრო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი ტონა ხორბალი 170, 5 დოლარამდე გაძვირდა, მაშინ როცა ერთი ტონა URAL-ის ტიპის ნავთობი წლევანდელი 23 მარტის მდგომარეობით 164 დოლარი ღირდა. მანამდე რუსეთის ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 155 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
როგორც რუსი ექსპერტები აღნიშნავენ მარცვლეულზე ფასის ზრდა რუბლის დასუსტებამ გამოიწვია. გასულ კვირას ხორბლის ფასები მსოფლიო ბირჟებზეც იზრდებოდა, ხოლო რუსულ ხორბალზე ტონა ხორბლის ფასმა 207 აშშ დოლარს მიაღწია.
მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის მოთხოვნა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 6-7%-ით გაიზარდა, ხოლო ნავთობის ფასი დაეცა.
ამ ვითარებაში ექსპორტიორები შესასყიდ ფასს ზრდიან. ჯერ-ჯერობით რუსეთი ხორბლის ექსპორტს არ ზღუდავს, აგროფირმები კი მომენტის გამოყენებას ცდილობენ, რადგან საგაზაფხულო სამუშაოების სეზონი იწყება, რასაც ფული სჭირდება, ასევე საჭიროა ახალი მოსავლისთვის საწყობების გამონთავისუფლებაც.
მანამდე კი მარცვლეულის ფასი როგორც რუსეთის ისე მსოფლიო ბაზარზე სუსტი რუბლის ფონზე ზრდას აგრძელებს. თუ ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნდა, რუსული ხორბალი ექსპორტიორებისთვის ძალზე ძვირი გახდება და მის მიმართ მოთხონა შემცირდება.