საინვესტიციო სისტემა კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერისთვის
ახალი გამოწვევების მიმართ ადექვატური ღონისძიებების გატარების გარეშე ქვეყანა აღმოჩნდება „კეთილი ზრახვების მქონე ტირანიის” (ერიკ რეინერტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი) გავლენის ქვეშ, ანუ გვექნება დისფუნქციური ეკონომიკა, რომელიც ვერ ქმნის ძირეული ცვლილებებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს და რომელსაც არ შესწევს ქვეყნის დაჩქარებული განვითარებისთვის აუცილებელი სწორი პოლიტიკის გატარების უნარი.
მიმდინარე პერიოდში ქართული სოფლის მდგომარეობა კიდევ უფრო აძლიერებს აგრარული სექტორის აქტიური და კარგად გააზრებული მხარდაჭერის მოტივაციას როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხრიდან.
აგრარული სფეროს განვითარება დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ფინანსურ-ეკონომიკურ მდგრადობაზე. მათი დახმარება კი თავის მხრივ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორის ძირითადია ხელშეწყობის ფორმებისა და მიმღები სუბიექტის სწორად განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მიზნობრივ მართვას.
წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა სახელმწიფო ხელშეწყობისა და დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ კოოპერაციულ საწყისებზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების ხელშეწყობა მიიჩნიეს, რადგან მხოლოდ კოოპერირების საშუალებით არის შესაძლებელი ორი საწყისის გაერთიანება: საკუთრების, რომელიც აძლევს მის მფლობელს არჩევანის თავისუფლებას და მასშტაბური წარმოების, რომელიც განაპირობებს ერთის მხრივ — ტექნიკურ და ეკომომიკურ უპირატესობას და მეორეს მხრივ — სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე ავტორიტეტსა და წონას.
საქართველოს აგრარული სექტორის არსებითი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ძირითადად დაკავშირებულია 750 000-მდე მიწის წვრილ მესაკუთრეთა მცირემასშტაბიან სამეურნეო საქმიანობასთან, მხოლოდ კოოპერაციული, ანუ ეკონომიკური და სოციალური სოლიდარობის სისტემის ხელშეწყობით არის შესაძლებელი აგრარულ რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და ჯანსაღი საშუალო ფენის ჩამოყალიბების რთული პროცესის განხორციელება. კოოპერირების გარეშე მცირე ფერმერული მეურნეობების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე, რაც, საბოლოო ანგარიშით, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათ სამეწარმეო განვითარებას.
კოოპერატივი არის მრავალგანზომილებიანი გაერთიანება, რომელიც ქმნის მაკრო და მიკროეკონომიკურ სიმძლავრეებს ქვეყანაში. მისი წარმატება აიხსნება გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური გარემოთი. კოოპერაციული სისტემა ახორციელებს ბაზარზე მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას პროდუქციის ხარისხის, უვნებლობის, მიკვლევადობის და მდგრადი ფისკალური და მონეტარული ბალანსის სახით, მიგრაციის შეჩერებას, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მყარი და სტაბილური საწარმოო ფაქტორების დამკვიდრებას, დაცული აგროეკოლოგიური და ბიოლოგიური წარმოების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.
სოფლად კოოპერაციული საწარმოების ინტენსიური განვითარების აქტუალობას განსაკუთრებით აძლიერებს ის გარემოება, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში აგრარული სექტორის ფუნქციონირების ეკონომიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ქართული სოფლისა და მისი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას: სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს ფაქტობრივად შეზღუდული აქვთ სარეალიზაციო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა. მათი პროდუქციის შესყიდვა ძირითადად ხდება ერთის მხრივ — შუამავალი, გადამყიდველი პირებისა და კომპანიების, მეორეს მხრივ — გადამმუშავებელი საწარმოების მიერ, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახით. ისინი პრაქტიკულად გადაიქცნენ ბარიერად გლეხობასა და თავისუფალ ბაზარს შორის და ამის ძირითადი მიზეზი შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციული ფორმების სავსებით გასაგები ბუნებრივი ინტერესებია — საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით შეისყიდონ აგრონედლეული რაც შეიძლება დაბალი ფასით. სხვა სიტყვებით. რომ ვთქვათ, ხდება გლეხის სრული ექსპლუატაცია: გლეხს, პრაქტიკულად, არ აქვს იმის საშუალება, რომ გაისად ამ დროს ერთი ლარით უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე დღეს არის.
საწარმოო ურთიერთობათა ასეთი ფორმის განვითარების ხელშეწყობა, რომელზეც სახელმწიფო პროგრამების — „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“ — ძირითადი რესურსებია მიმართული, გლეხობიდან პროდუქციის შემსყიდველი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების გაძლიერებას ხმარდება, რაც საბოლოო ანგარიშით, სოფლის მოსახლეობისთვის მხოლოდ უკუშედეგის მომტანი გახდება, რადგან გლეხები, სუსტი და დაუცველი პოზიციების გამო იძულებულნი არიან დათანხმდნენ გადამმუშავებელი საწარმოების მიერ, უმეტესად კარტელური შეთანხმებებით დაწესებულ ნედლეულის შესყიდვის დისკრიმინაციულ, დაბალ ფასებს, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს თვით ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი, და ავტომატურად იწვევს გლეხობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციის და ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოშლას.
გვახსოვდეს: კონკურენცია ყველა წარმოების ოპტიმალური რეგულირების უძლიერესი უნივერსალური მექანიზმია. სადაც ეს მექანიზმი უკმარისია, შედეგის მიღებისთვის, იქ არსებობს ერთადერთი მიზეზი. ეს მიზეზია მიზანმიმართული ურთიერთკოორდინირებული მოქმედება საქონელმწარმოებელთა — ამ შემთხვევაში — გლეხთა წინააღმდეგ.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამმუშავებელი საწარმოს მდგრადი და ბალანსირებული განვითარების საფუძველს მათი ურთიერთინტეგრაცია წარმოადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში ვერტიკალური ინტეგრაციის, როგორც სპეციფიური ფორმის გამოყენება წარმოადგენს ობიექტურ აუცილებლობას საწარმოო ურთიერთობების განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც განსაკუთრებით იზრდება ორგანული ურთიერთკავშირის აქტუალობა ნედლეულის წარმოებასა და გადამმუშავებელ საწარმოს შორის. კოოპერაციული წარმოების ორგანიზაციული ფორმა უნდა იყოს იმდენად სრული, რომ ადგილს არ უტოვებდეს საწარმოო პროცესში სხვის (არაადგილობრივის) მატერიალური რესურსის დიქტატს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ფარგლებში კოოპერაციისა და ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპებზე დამყარებული მოდელი გახდება საფუძველი ნედლეულის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნისა, სადაც პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ჩართული მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან. ასეთი ტიპის სამეურნეო სისტემაში კოოპერატივის თითოეული წევრი შემოსავლების გაზრდის მიზნით დაინტერესებულია აწარმოოს უფრო მეტი რაოდენობის მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავე დროს აქტიურად არის ჩართული გადამმუშავებელი საწარმოო პროცესების ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სრულყოფაში, საბოლოო პროდუქციის რეალიზაციაში და ახორციელებს ერთიანი საწარმოო ციკლის მონიტორინგს სამეწარმეო საქმიანობის ყველა დონეზე. მეურნეობრიობის ეს ფორმა ერთის მხრივ — საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი (მეორე, მესამე) დონის მქონე კოოპერაციული ფორმების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ — ქმნის აგრარულ საწარმოთა დაფინანსებაში ახალი, ეფექტური ელემენტების შეტანის მოტივაციას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში აგროსამრეწველო ინტეგრაციის მხარდაჭერა შესაძლებელია ინტენსიური პირველადი წარმოების, მაღალი დონის საწარმოო ინფრასტრუქტურისა და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნის გზით. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის სამეურნეო სისტემაში შესაძლებელი გახდება სოფლის მეურნეობისთვის არაეფექტური და მოუქნელი საბანკო კომერციული კრედიტის ტიპიური ფორმა თამამად ჩანაცვლდეს ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა თავდებობა, ლიზინგი, შეღავათიანი კრედიტი. ფინანსური ურთიერთობის ასეთი ფორმა გავრცელებულია წარმატებული ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყნაში და უმეტესად სწორედ კოოპერაციულ სისტემებთან არის დაკავშირებული.
ინვესტიციების დაცულობის კუთხით, მართვის დემოკრატიული პრინციპები და კოოპერატივის ფარგლებში ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნის პერსპექტივა აყალიბებს სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანის რეალურ პირობებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი და მიმზიდველია „სარისკო კაპიტალის“ ინვესტირებით დაინტერესებული კომპანიებისთვის და გზას უხსნის კოოპერატივებს „შეღავათიან აგროკრედიტსა“ და სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო პროგრამებში მონაწილეობისათვის.
„სარისკო კაპიტალი“ ინვესტიციის ისეთი ფორმაა, რომელიც დღემდე პრაქტიკულად არ არსებობდა საქართველოში და განსაკუთრებულად მიმზიდველია დამწყები (სტარტ-აპი) და ზრდადი ბიზნესებისთვის. საკითხი ეხება აგრარულ სექტორში მრავალმხრივი და კომპლექსური ხასიათის მქონე ახალი საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, რაც უზრუნველყოფს მისი ყველა ფუნქციის ბალანსს და იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას.
„სარისკო კაპიტალის“ ინვესტირების მეშვეობით ინვესტიციის გამცემი (სპეციალიზებული კომპანიები) პარტნიორის სახით მონაწილეობს ინვესტიციის მიმღები კომპანიის რისკისა და მოგების განაწილებაში. ასეთი ტიპის პარტნიორობა შეიძლება განხორციელდეს ინვესტიციის მიმღებ კომპანიაში წილის შეძენით, საფინანსო ინსტიტუტების წინაშე საგარანტიო უზრუნველყოფით ან მონაწილეობრივი სესხის გაცემით. ასეთ ინვესტიციას`სესხს გააჩნია კომერციულ ბანკებთან შედარებით გაცილებით უფრო დაბალი გირაოს მოთხოვნა და უფრო ხანგრძლივი დაფარვის ვადა, გადახდები კი, როგორც წესი, მიბმულია დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობასთან. ვინაიდან საინვესტიციო კომპანია ინაწილებს რისკებსა და სარგებელს, იგი აქტიურად მუშაობს ინვესტიციის მიმღები კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომპანიის საერთო მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს საოპერაციო და სტრატეგიულ მხარდაჭერაში, ფინანსურ კონტროლში, მარკეტინგის საკითხებში, წარმოების სტანდარტებში, გაყიდვებში, რაც არაა ტიპიური ტრადიციული კომერციული სესხის გამცემი ორგანიზაციებისათვის. ინვესტირება ხდება მხოლოდ წარმატების პოტენციალის მქონე საინვესტიციო პროექტებში, რომელთა გამოვლენას, იდენტიფიცირებას და, შესაბამისად, პროექტის ინიცირებას თავად ახდენს საინვესტიციო კომპანია. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინვესტირება ხორციელდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი ახალი დაწყებულია და კოოპერატივები ვერ იღებენ სესხს კომერციული ბანკებიდან. შესაბამისად ვერ ხერხდება მათი ჩართვა „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და სხვა სახელმწიფო პროგრამებში შემდეგი მიზეზების გამო:
მათი უმრავლესობა პრაქტიკულად იმყოფება „სტარტაპ“-ის მდგომარეობაში, რაც მიუღებელია ბანკებისთვის;
ბანკების მხრიდან კოოპერატივებზე სესხის გაცემა დაკავშირებულია კოოპერატივის მრავალრიცხოვანი წევრების ფინანსურ-ეკონომიკური და მატერიალური მდგომარეობის შესწავლასთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ღონისძიების დროსა და დანახარჯებს. ამიტომ ბანკები უპირატესობას ანიჭებენ მცირეწევრებიანი, ან სულაც ერთი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ორგანიზაციების დაფინანსებას.
მათ უმრავლესობას არ გააჩნია საბანკო სესხის საგარანტიო უზრუნველყოფის რესურსი. კომერციული ბანკების საქმიანობის პრიორიტეტი კი მიმართულია მხოლოდ გარანტირებული უკუგების მქონე სფეროებზე და, შესაბამისად, საგარანტიო უზრუნველყოფით გამყარებულ პროექტებზე;
ამიტომ მიზანშეწონილია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობ ღონისძიებებში ჩაერთოს დაფინანსების ახალი, ძლიერი ელემენტი, საინვესტიციო-საგარანტიო ფუნქციის განმახორციელებელი სპეციალიზებული კომპანიების სახით, რომელიც კოოპერატივის რეალური საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის, შესაძლებლობების, საკადრო საკითხების, განვითარების პერსპექტივებისა და სიცოცხლისუნარიანობის შესწავლის შემდეგ მოახდენს მის ინვესტირებას საგარანტიო უზრუნველყოფის ნაწილში. ასეთი ტიპის კომპანია მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით ახდენს საწარმოო რისკების შეფასებას და ახორციელებს კრედიტის გარკვეული ნაწილის საგარანტიო უზრუნველყოფას.
მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის ასეთი მოდელი (განსხვავებით სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისგან) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დამახასიათებელი შიგასაწარმოო ურთიერთობები წარმოადგენს სამეურნეო რისკების მინიმუმამდე დაყვანისა და, საბოლოო ანგარიშით, მდგრადი სიცოცხლისუნარიანობის საფუძველს შემდეგი მოტივების გამო:
1. კრედიტის საგარანტიო უზრუნველყოფის ობიექტს მნიშვნელოვანწილად თვით ამ კრედიტით შეძენილი ძირითადი საშუალებები წარმოადგენს;
2. კოოპერატივის ფარგლებში ერთის მხრივ — ერთიანი საწარმოო ციკლის (ღირებულებათა ჯაჭვი) შექმნა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები დაინტერესებული იქნებიან საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით;
3. კოოპერაციული სისტემისთვის დამახასიათებელი ეკომომიკური თვითმმართველობა (თვითანაზღაურება, თვითრეგულირება, თვითკონტროლი);
4. კონსულტირება, მონიტორინგი და აუდიტი ინვესტიციის გამცემის მხრიდან.
არსებულ ეტაპზე საქართველოში შექმნილია 1540-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. სახელმწიფო პროგრამებთან ერთად 2014 წლიდან ოთხწლიან პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა ENPARD (200 კოოპერატივის მხარდაჭერა ოთხწლიან პერიოდში). მიუხედავად ამისა, სპეციალიზებული კომპანიების ჩართვის გარეშე, მხოლოდ ზემოთხსენებული ინსტიტუტების ძალისხმევა არ არის საკმარისი იმ გამოწვევების მიმართ, რასაც მოითხოვს ქვეყნის მასშტაბით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ინტენსიური განვითარება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ის მიერ 2016 წელს განხორციელდა ჶნჵაღდ-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 200 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მომზადდა დასკვნა, სადაც ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული 200 კოოპერატივის წმინდა მოგების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 40%, აქედან 7 კოოპერატივის წმინდა მოგებამ 100%-საც კი გადააჭარბა.
თუნდაც მხოლოდ ამ კვლევის შედეგებით არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება, რომ კოოპერაციის პროცესში ჩართულობამ ფერმერები გაიყვანა მოგების ისეთ მაჩვენებელზე, რასაც ისინი დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ მიაღწევდნენ; რომ სწორედ კოოპერაციის პროცესის აქტიური თანადგომა არის ის მთავარი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ინტენსიურ ზრდას და შექმნის ადგილზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების რეალურ პერსპექტივებს.
კოოპერაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კოოპერატივების ფინანსური მხარდამჭერი (საინვესტიციო) ინსტიტუტების ჩამოყალიბების სტიმულირება, ამ კუთხით განვითარებული არაერთი ქვეყნის მსგავსად, სადაც კოოპერატივების ფინანსური ხელშეწყობის და ინვესტირების ინსტიტუციონალური მოწყობის პრაქტიკა არაერთ ათეულ წელიწადს ითვლის. კოოპერაციული სისტემის ინვესტირების საკითხებში ახალი გამოწვევების ადექვატური, ქმედითი ელემენტების დანერგვა შექმნის საფუძველს იმ წინააღმდეგობათა გადალახვისთვის, რაც აფერხებს აგრარული სექტორის ტრანსფორმაციას მრავალფეროვანი საწარმოო და საფინანსო ურთიერთობების გაფართოებულ სისტემებზე.
ზემოაღნიშნული მოტივებიდან აშკარად იკვეთება, რომ აგროსამრეწველო ინტეგრაციის ეფექტური მოდელის შექმნისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და მათი განვითარების მხარდამჭერ სპეციალიზებულ კომპანიებს განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოთ.
ბოლო ორი ათეული წელია, ნეოლიბერალისტური ეკონომიკის გავლენით ეკონომიკური ანალიზი ძირითადად ორიენტირებულია ვაჭრობაზე და ფინანსურ შედეგებზე და თითქმის ჩამოცილდა წარმოების ინდუსტრიულ განვითარებას და ტექნოლოგიებს. ამიტომ დღეს საქართველოს ეკონომიკის სწორი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი შეფასებები ნეოლიბერალისტური პოლიტიკის შედეგებზე. კერძოდ: ბაზარი ეკონომიკური განვითარების იარაღია და არა მიზანი. ამიტომ მომავალი განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს წარსული შეცდომების გამოვლენას და კატეგორიულ შეფასებას, რაც უპირველეს ყოვლისა ნეოლიბერალისტური პოლიტიკის შედეგად, სოციალური კაპიტალიზმის იგნორირების შედეგების გაანალიზებას და კატეგორიულ გადაფასებას საჭიროებს.
აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ კუთხით ჯერჯერობით აშკარად იგრძნობა როგორც პოლიტიკური ნების, ასევე საჭირო პროფესიული ცოდნის დეფიციტი.
საქართველოს განვითარება მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზეა შესაძლებელი, რომელსაც იდეოლოგიური სათავე ჯერ კიდევ დიდმა ილია ჭავჭავაძემ დაუდო. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს პროდუქციის მწარმოებლის შემოსავლების ზრდა და ყველა ეკონომიკური კომპონენტი, მათ შორის სოფლის მეურნეობა და სხვა დარგობრივი თუ ტერიტორიული განვითარების საკითხები უნდა განიხილებოდეს როგორც ინსტრუმენტი ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად. საქართველოს შესწევს უნარი ბოლოსდაბოლოს შექმნას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისეთი გარემო, სადაც ოპტიმალურად იქნება შერწყმული მატერიალური დოვლათის განაწილების ორი ძირითადი პრინციპი: ეკონომიკური და ეთიკური ანუ სოციალური. ასეთი პოლიტიკის ჩანასახი ქვეყანაში უკვე არსებობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული პროცესის სახით, თუმცა, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი წამოწყების მიმართ ადექვატური ღონისძიებების გატარების გარეშე ეს პროცესი მალე აუცილებლად შევა სტაგნაციის ფაზაში.
ახალი გამოწვევების მიმართ ადექვატური ღონისძიებების გატარების გარეშე ქვეყანა აღმოჩნდება „კეთილი ზრახვების მქონე ტირანიის” (ერიკ რეინერტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი) გავლენის ქვეშ, ანუ გვექნება დისფუნქციური ეკონომიკა, რომელიც ვერ ქმნის ძირეული ცვლილებებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს და რომელსაც არ შესწევს ქვეყნის დაჩქარებული განვითარებისთვის აუცილებელი სწორი პოლიტიკის გატარების უნარი.
აღნიშნული პრობლემების სისტემური გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეურნეობრიობისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, ძლიერი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბებას, მოსახლეობის აქტივობის ამაღლებას, სამეურნეო საქმიანობაში მათ მასობრივ ჩართულობას, აღწარმოების მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, შექმნის მყარ გარანტიებს ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი, აგრარული სექტორის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრისთვის.
ხელისუფლებამ სრულად უნდა გააცნობიეროს, რომ აგრარულ სექტორში ახლებურად გააზრებული აგროსამრეწველო კოოპერაციისა და ინტეგრაციის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თავის შეკავება ამ კუთხით ადექვატური, ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისგან, შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ნეგატიურად აისახება მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაგეგმილ სისტემურსინერგიულ ეფექტზე.
პაატა კოღუაშვილი,
სსმმა ნამდვილი წევრი