საავტორო ყველი ,,ჭყვიტი“ საცალო ქსელში გაიყიდება

ბაგრატ მეზურნიშვილი საავტორო ყველს “ჭყვიტს” ახალ საწარმოში დაამზადებს, რომელიც ლილოში ააშენა. როგორც მეზურნიშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, საწარმო ამ ეტაპზე “სურსათის ეროვნული სააგენტოში” სპეციალურ პროცედურებს გადის, რაც მას თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება. ეს კი მეწარმეს საშუალებას მისცემს, ყველი, რომელსაც ამჟამად ოჯახურ პირობებში ამზადებს ექსპორტზეც გაიტანოს და ადგილობრივ სუპერმარკეტებშიც გაყიდოს.

ბაგრატ მეზურნიშვილი “ჭყვიტის” ბრენდის ქვეშ 27 სახეობის ყველს აწარმოებს, რომლის დამზადების ტექნოლოგიაც თავად მოიფიქრა. ნაწარმს საკუთარ მაღაზიაში ყიდის, რომელიც ტურისტულ უბანში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ძირითადი მომხმარებლებიც სწორად უცხოელი ტურისტები არიან. კილოგრამი ყველის გასაყიდი ფასი 99 ლარია.

“ეს არის დაობებული ყველი, რომლის დამზადების ტექნოლოგიაც მე გამოვიგონე, ამისთვის ის ცოდნა გამოვიყენე, რაც ამერიკაში ცხოვრების დროს მივიღე, ამერიკაში წლების განმავლობაში ყველის საწარმოში ვმუშაობდი, ამ ცოდნას ქართული ტრადიციული გამოცდილება და ჩემი ფანტაზიაც მივაშველე და საბოლოოდ მივიღე ეს პროდუქტი.
“ჭყვიტს” ძირითადად ზაფხულის სეზონზე ვამზადებ, როდესაც ძროხა ყველაზე ცხიმიან რძეს იძლევა, შემდეგ კი დასაობებლად სპეციალურ ჭურჭელში ვინახავ. ყველი რეალიზაციამდე მინიმუმ ოთხი თვის განმავლობაში ძველდება. ერთი სახეობის ყველი მეორესგან განსხვავდება გემოთი, შემადგენლობით, ფორმით, ვიზუალით: ეს არის დაობებული ყველი ღვინით, კაკაოთი, ნივრით, ლურჯი ობით, ზაფრანით, რომელსაც გვირილის ფორმა აქვს და სხვა…

 ვამზადებ ასევე მძაფრი გემოების ყველს, რომელიც ცნობილია როგორც ,,სტინკი“, ანუ დამბალი მძაფრი სუნის და გემოს ყველის სახელწოდებით. მისი მომხმარბლები ძირითადად ევროპელები არიან, როდესაც ფრანგი, იტალიელი და გერმანელი ტურისტები მოდიან, ეგრევე ამ სახეობას კითხულობენ; ევროპაში ამ ტიპის ყველის ფასი 300 ევროდან იწყება” – განაცხადა მეზურნიშვილმა. 

პროდუქტს 2002 წლიდან ოჯახურ პირობებში ვაწარმოებ, მისი მომხმარებლები ძირიათადად უცხოელი ტურისტები არიან, რეალიზაციის 99% სწორედ მათზე მოდის, ქართველი მომხმარებელი კი მხოლოდ 1%-ია” – განაცხადა ბაგრატ მეზურნიშვილმა. 

როგორც ინდმეწარმე ამბობს, რადგან “ჭყვიტის” მიმართ უცხოელების ინტერესი დიდია, ყველის ნიმუშები საფრანგეთში, გერმანიაში, მოსკოვში, პეტერბურგსა და ყაზანში გადაგზავნა, სადაც საჭირო ნებართვების მოპოვების შემდეგ ექსპორტს გეგმავს.

,,ჭყვიტის“ სადისტრიბუციო ფასი 100-დან 120 ლარამდეა.
წყარო: bm.ge

 

წყარო: