საექსპორტო ოჯალეშის რთველი მარტვილში
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია, რომელიც სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ხარობდა, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო გადაშენების პირას იყო. მარტვილელი ზაზა გაგუა მათ შორისაა, ვინც ოჯალეშისა და სხვა ძველი ჯიშის ვაზის მოშენება დაიწყო და წარმოებული პროდუქცია ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გაიტანა.
თარგამეულში 4 წლის წინ გაშენებულ ვენახში წლეულს პირველი რთველია.
ვენახში ყურძენს ზაზას მეგობრების გარდა, უცხო ადამიანებიც კრეფენ. ზაზამ ისინი ფეისბუკით მოიწვია.
დაახლოებით 150 კილოგრამამდე ოჯალეში დაიკრიფა და მარანში დაბინავდა. მოგვიანებით მისგან საუკეთესო ხარისხის ღვინოს დააყენებენ, რომელიც უკვე იყიდება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში.
ზაზა გაგუა მარტვილში 2010 წელს, თბილისიდან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორად დანიშნეს. მან თავისი წინაპრების ძველი სახლიც აღადგინა, სადაც ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
მისი მეუღლე ქეთო ნინიძეც მეღვინეა.
მათ სახლში „საოჯახო მარანი – ოდა“ ფუნქციონიებს, სადაც სტუმრებს მარანში დამზადებულ ღვინოსთან ერთად, მეგრული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებიან.