სახელმწიფო აუდიტის ანგარიში_ მონიტორინგის მექანიზმები საკმარისი და ქმედითი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე დროულად გამოვლენილიყო

გამოქვეყნდა  „აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში“, სადაც ნათქვამია, რომ, აზიური ფაროსანას მავნებლების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრის სრული არიდება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა მათი დროული იდენტიფიცირება და ქმედებების მყისიერი განხორციელება ხელს უწყობს პოპულაციის შემცირებას, გავრცელების შედარებით მცირე არეალზე ლოკალიზებას და შესაბამისად, ზიანის შემცირებას.

ქვეყანაში მავნებლების შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციული მექანიზმები ნაკლოვანებებით გამოირჩევა.

სააგენტომ აზიური ფაროსანა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მასობრივი გავრცელების შემდგომ, 2016 წლის სექტემბერში დააფიქსირა, მაშინ, როდესაც აზიური ფაროსანას მიერ სასოფლო სამეურნეო კულტურები უკვე დაზიანებული იყო.

არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა საკმარისი და ქმედითი იმისათვის, რომ დროულად გამოვლენილიყო აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე. შესაბამისად, მავნებლის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს არა მასობრივი გავრცელების პრევენციული, არამედ − შემდგომი რეაგირების ხასიათი ჰქონდა. სააგენტოს ფიტოსანიტარიული კონტროლის მეთოდოლოგია, რომელიც მავნებლების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრის და მასობრივი გავრცელების შესახებ რისკის დროული იდენტიფიცირების და პრევენციის ერთ­-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, არის ზოგადი ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან დეტალიზაციას.

ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ხელს შეუწყობდა მავნებლების პოპულაციის ლოკალიზებას და შედარებით მცირე არეალზე გავრცელებას.

მავნებლის ეფექტიანი კონტროლის მიღწევა შესაძლებელია შესაბამისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებით, რომელიც უნდა მოიცავდეს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ დეტალურად გაწერილ ღონისძიებებს, მათი განხორციელების პერიოდების განსაზღვრის დასაბუთებულ საფუძვლებს, რესურსების ოპტიმალურ გათვლებს, მისაღწევ შედეგებს და მათ ინდიკატორებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩატარებული ღონისძიებების მუდმივ მონიტორინგს.

2017 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ძირითად სამოქმედო გეგმას წარმოადგენდა მხოლოდ აშშ­-ის ექსპერტების რეკომენდაციები და მთავრობის განკარგულება.

2018 წელს განკარგულებას დაემატა სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაც, რომელიც არ არის საკმარისად დეტალური, იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას და არ შეიცავს მისაღწევი შედეგების შეფასების ინდიკატორებს.

ამასთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული მავნებლის წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები თავდაპირველად, 2017 წელს, მოიცავდა მხოლოდ სამ მიმართულებას: მონიტორინგი, კონტროლის ღონისძიებები და ცნობიერების ამაღლება, ხოლო სამეცნიერო-­კვლევითი სამუშაოების მიმართულება, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ გრძელვადიან პერიოდში ბრძოლის ერთ­-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაემატა 2018 წელს.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზეhttps://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2019/aziuri_parosanas_da_sxva%20_mavneblebis_.pdf