„საქართველო – ღვინის სამშობლო“ _ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი
პირველად საქართველოში წლეულს, 7-8 ნოემბერს , „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი “საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიმართება.
კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand). ასევე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეადან.
9 ნოემბერს საქართველოს უძველესი მეღვინეობის ადგილ-მამულში “შატო ზეგაანი”, დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები, სადაც გაიმართება დეგუსტაცია-კონკურსის საზეიმო დახურვა.
კონკურსი გაიმართება „ბიოლის“ სამედიცინო ველნეს-კურორტის ტერიტორიაზე. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი“, თანაორგანიზატორი „ღვინის მაღაზია რეზერვი“, მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ასოციაცია „ქართული ღვინო“. საკონკურსო ნიმუშების მიღება და შენახვა, ყველა ნორმის დაცვით, უზრუნველყოფილი იქნება „ღვინის მაღაზია რეზერვის“ მიერ.