საქართველო მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე _ Sirha“

საქართველო პირველად არის  წარმოდგენილი ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე Sirha, რომელიც საფრანგეთის ქალაქ  ლიონში ტარდება.

აქვე გამოფენის პარალელურად  მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატი Bocuse d’Or მიმდინარეობს.

საქართველო გამოფენაზე „სუფრის ხელოვნების“ თემით, კვების დაწესებულების ბიზნეს სააგენტო „გასტრონავტის” ორგანიზებით მიემგზავრება. ახალგაზრდა ქართველი შეფ-მზარეულები  ტრადიციული ქართული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციასა და ავთენტურ ინგრედიენტებს წარადგენენ.

ქართული სტენდი მოიცავს ღია და დახურულ სამზარეულოებს. კერძები მომზადდება ღია სამზარეულოში და პროცესი პარალელურად ფართო ეკრანზე გაშუქდება . ქართული კერძების დაგემოვნება შესაძლებელია ორ სხვადასხვა ადგილზე: ტრადიციული ქართული ტექსტილით, ტაბლებითა და დივნით გაწყობილ არეს და ღია სივრცეს, სადაც ქართული სუფრის ინსტალაციაა განთავსებული.

გრძელი მაგიდის შუშის მასიურ ზედაპირზე ორიგინალურად არის განსახიერებული ძირძველი ქართული ტრადიციული სიმბოლოები.

მწვანე კედელზე საქართველოს რუკის კონტურია გამოსახული, ხოლო სტენდის კედლებზე სუფრასთან ასოცირებული ქართული სიტყვებია დატანილი.

ჭერის მოხაზულობები ძველი ქართული ტექნიკით ნაგებ გუმბათოვან ჭერში ხის ძელების განლაგებას ეხმიანება.

ღვინის დეგუსტაციისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი, რომელშიც ქვევრის ყელის სამი ნიმუშია წარმოდგენილი.