საქართველოდან უკვე 3500 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

ატმის კრეფა უკვე აქტიურ ფაზაში შედის და იგი აგვისტომდე გაგრძელდება. ფერმერებს იმედი აქვთ, რომ მოსავლის დიდ ნაწილს ექსპორტზე გაიტანენ. მოსავალი კარგია, ფასიც მისაღები და ატმის სეზონი მოგებიანი უნდა იყოს, იმედი აქვთ ფერმერებს.

საქსტატის მონაცემებით შარშან საქართველოდან 13 120 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, საიდანაც ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის, 13% _ სომხეთზე და 5% _ აზერბაიჯანზე.

დღევანდელი მონაცემებით ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3 500 ტონამდე შეადგინა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წლეულს ატმის მოსავლის აღება გვიან დაიწყო, რამაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი მცირეა.

შარშანა, ამ დროს საქართველოდან უკვე 5,544 ტონა ატამი და ვაშლატამა იყო ექსპორტირებული.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.