საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები

საქართველოდან განხორციელებული პროდუქციის ექსპორტს ბოლო 15 წლის განმავლობაში დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა, ქვეყანა სტაბილური სავაჭრო პარტნიორებისა და მაღალშემოსავლიანი საექსპორტო პროდუქტების ძიების პროცესშია.

საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად, გარდა მეზობელი ქვეყნებისა, შეგვიძლია მოვიაზროთ დსთ-ს და ევროკავშირის ქვეყნები. თუმცა, როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რამდენადაც მარტივია დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი, იმდენად არასტაბილურია.

ექსპორტი საქართველოდან, ‘000 USD

2008-2018 წლებში საქართველოდან სულ 23,5 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. აქედან, ყველაზე მეტი, მეზობელ აზერბაიჯანში (16.5%), სომხეთსა (9,2%) და თურქეთში (8,7%). თუმცა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და ჩინეთში. მხოლოდ 2017 და 2018 წლების მონაცემებს თუ განვიხილავთ, წილობრივად ყველაზე მეტი 13.7% ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, ხოლო აზერბაიჯანში 12.7%. ამავე პერიოდში, გაიზარდა ჩინეთის წილი 6.6%-მდე.

ფაქტია, რომ ქართველი მწარმოებლები და ექსპორტიორები ახალი ბაზრების ძიებაში არიან. მაღალ გადახდისუნარიანი და სტაბილური ევროკავშირის ბაზარი ძალიან მომხიბვლელია, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიც. 2008-2018 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შეადგენდა საქართველოდან განხორციელებული მთლიანი ექსპორტის 21.87%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, როცა ევროკავშირ-ში ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის თითქმის 30% შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა ბულგარეთში (საქართველოდან ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 28%), რასაც მოყვება იტალია (12%) და გერმანია (11%).

 საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, 2008-18 წწ

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ირაკლი გაბრიაძე,
რეზო ბერაძე,
მარიამ ზაბახიძე,

„სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი: ღირებულებათა ჯაჭვი და საექსპორტო პოტენციალი“