დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას! _ საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას მიეძღვნა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ეხება საქართველოსათვის უაღრესად საჭირო დარგს, სოფლის მეურნეობას, რომელიც ქვეყნის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას. ქართული ეკონომიკის განვითარებას არ ექნება მომავალი, თუ სოფლის მეურნეობის სფერო არ იქნება აგებული თანამედროვე პრინციპებზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპებადაა მიჩნეული და სწორედ ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ ძველი, ქართული ტრადიციები და ამასთან, ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ დარგი ისე, რომ არ უშლიდეს ხელს არც გარემოს დაცვას (რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის) და ამავე დროს, იყოს ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, იყოს მორგებული მსოფლიო ბაზრებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც სხვების გამოცდილების გაზიარებით უნდა ვისწავლოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენციას „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სფეროს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ესწრებოდნენ.

კონფერენციას  ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წამყვანი ექსპერტები და სპეციალისტები. 

კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ევროკავშირის (EU) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით იმართება.

როგორც კონფერენციაზე ითქვა, აქ მიღებული შედეგები შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში. კონფერენციაზე მსჯელობა იმართება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საქართველოში გამოყენებისა და ქართული რეალობისთვის ადაპტირებაზე.