საქართველოს კონსტიტუცია და მიწის კოდექსი

შენიშვნები (კომენტარები) კანონპროექტზე: „სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

პროფესორები: პაატა კოღუაშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე, ანზორ მესხიშვილი, მიხეილ ჯიბუტი

ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გამოწვეულია ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსის – მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ რეგულირების ისეთ  ძირითად პრობლემურ საკითხზე, როგორიცაა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება.

დიახ, საციცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხზე; და რომ პრობლემურია, იქიდანაც ჩანს, რომ ამჟამად, ამ მუხლში უკვე მეთერთმეტე ცვლილებაზეა საუბარი და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, თუ კი კანონის ნორმები ქვეყნის საერთო სახალხო მოთხოვნებთან და არა სახელმწიფო ხელისუფლების მოთხოვნებთან არ იქნება შესაბამისობაში.

ერთი მხრივ, საჭიროა მიწის კანონმა მიიღოს თანამდროვე, ცივილიზებული ფორმა და მეორე მხრივ, გასათვალისწინებულია რეგიონის ის განსაკუთრებულებანი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვინაიდან მიწასთან დაკავშირებული რეგულაციები ყალიბდება საკმაოდ რთული შემადგენლობის და სტრუქტურის მქონე მრავალი ფაქტორის გავლენით – ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციულის, სოციალურ-ეკონომიკურის, ლანდშაფტურ-ეკოლოგიურის, პოლიტიკურის, ფსიქოლოგიურის  და ა.შ.

ამიტომ, მიწის საკუთრების დაცვა კანონმდებლის მხრიდან, ჩვენ შემთხვევაში აუცილებელია ითვალისწინებდეს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ  ამავე დროს, მნიშვნელოვნად არ აზიანებდეს საკუთრების უფლებას. დღემდე არსებული ცვლილებები (საკონსტიტუციო სასამართლოს ორჯერ განხორციელებული ცვლილებების ჩათვლით) გამოირჩევა ურთიერთგამომრიცხავი, ნონსესური დასაბუთებულობებით, შექმნილია სახელმწიფო პიარინტერესების დასაცავად და არა საზოგადოების განვითარების სასარგებლოდ.

წარმოდგენილი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების მიზეზი მოცემულია განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ახლავს.  კერძოდ:

„  ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლების შეზღუდვის მიზანია მიწის, როგორც ამოწურვადი რესურსის, რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობის უზრუნველყოფა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება.“ ? ! (კომენტარების გარეშე).

ძირითადი მიზეზი კი   ა. ბ)  ქვეპუნქტშია მოცემული:

„  ა.ბ) კანონპროექტის მიზანი

2014 წლის 24 ივნისის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმა, რომლითაც უცხოელებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების ამსახველი ისეთი დაბალანსებული მექანიზმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესის დაცვას და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მისაღებ პირობებს შეუქმნიდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის მსურველ უცხოელებს, რომლებიც, საამისოდ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვებდნენ ამ კატეგორიის მიწაზე საკუთრების უფლებას და მისი დამუშავებისა თუ ინვესტიციების განხორციელების გზით მონაწილეობას მიიღებდნენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“

და, რისი აღიარებაა ყოველივე ეს? – შეუსრულებლობის თუ შეუძლებლობის? პასუხი თვითონვე მოჰყავთ ცოტა ქვემოთ:

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემუშავებული კანონპროექტით უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობების განსაზღვრა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელმა 2014 წლის 30 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს:

– სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ  ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით;

–  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა;

–    სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება და სხვ.“

კომენტარები ნამდვილად ზედმეტია…. ერთს კი დავსძენთ, რომ მოცემული ჩამონათვალები არასრულია და ნაწილია იმ მიწის კოდექსისა, რომლის შექმნის აუცილებლობაზე არაერთხელ დაგვისვამს საკითხი მთავრობისა და კანონშემოქმედებების წინაშე.

რაც შეეხება თვით ცვლილებებს:

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ:

ა) სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს,

ბ)  უცხოელს, თუ ის აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას: “……….

კომენტირების ნაცვლად, კითხვა გვებადება კანონშემოქმედთან – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საერთოდ საქართველოში არიან დარეგისტრირებულები, თუ….. რატომ მოხვდნენ   ა)  ქვეპუნქტში  და არა   ბ)-ში?!

რაც შეეხება ბ) ქვეპუნქტს, რომელიც უცხოელების საკითხს ეხება, იმდენი: „თუ, ვინაიდან, რადგანაც“ და ა. შ. ახსნა-განმარტებებია, რომელსაც ვითომ ამაგრებს განმარტებით ბარათში ჩამოთვლილი ქვეყნები მიწის გასხვისებისადმი უცხოელების მიმართ დამოკიდებულებით, რომ ისმის კითხვა, ვის ველოლიავებით? ანდა, ამდენი გაშიფვრები კანონის ვალდებულებაა, თუ კანონის გარკვეული მუხლის მითითების შედეგად შემუშავებული წესების ვალდებულება უნდა იყოს?

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ ადგილი აღარ ქონდეს კიდევ ერთ მორიგ ცვლილებას მოცემულ კანონში, რომელიც ისედაც რამოდენიმე მუხლიღაა დარჩენილი, ჩვენი წინადადებაა _  შეჩერდეს ცვლილებების შეტანის საკითხი და პირველ რიგში გამყარდეს სახელმწიფოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს მიწის საკუთრებისადმი დამოკიდებულებას უცხოელებთან მიმართებაში ისე, რომ საშუალება აღარ მიეცეს ისეთ დამოკიდებულებებს კანონების მიმართ, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიჩინა მიწის გასხვისებასთან მიმართებაში. ხოლო შემდგომ, კანონისმიერი შეზღუდვები მოხდეს რეფერენდუმის შედეგად ვინაიდან, არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები იმის განსაზღვრისათვის, თუ საკუთრების როგორი შეზღუდვა შეესაბამება ქვეყნის საზოგადოების კეთილდღეობას, მის ინტერესებს – ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა რომელიუმე ჯგუფის ან გუნდის, იქნება ეს სამთავრობო, მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა.

გასხვისების უფლებას საკუთრების გარანტირებულობის ბირთვად მიიჩნევენ, ამიტომ  გასხვისების აკრძალვების ან/და ამგვარი შეზღუდვების დასაბუთების საფუძველს მხოლოდ საზოგადოების ინტერესი უნდა შეადგენდეს; ხოლო, კანონმდებლისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანაა მოძებნოს ოპტიმალური თანაფარდობა საკუთრების პოლიტიზებასა და პიროვნების გარანტირებულობას შორის.

საკუთრების უფლება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით: „დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ მაგრამ, იგივე მუხლი ითვალისწინებს ამ საერთო წესიდან გამონაკლისებსაც:

  1. „ საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მაგრამ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით
  2. საკუთრების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მაგრამ ასევე მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში…“

კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების უფლებას, მაგრამ არ იძლევა მის ცნებას. იგი მხოლოდ პრინციპებს განსაზღვრავს, რომლებსაც ემყარება საკუთრება – გარანტირებულობა, შეზღუდვის შესაძლებლობა, მესაკუთრის ინტერესების დაცვა სასამართლოს მეშვეობით. ფაქტობრივდ, ეს არის იმ სივრცის განსაზღვრა, რომლის შიგნითაც კანონმდებელმა უნდა მოაწესრიგოს საკუთრების ურთიერთობები. საკუთრების ფარგლებს და მის კონკრეტულ შინაარსს ძირითადი კანონი არ განსაზღვრავს, ეს მიმდინარე კანონმდებლის ამოცანაა, საკუთრების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების ფარგლების ხელყოფის გარეშე.

   აქედან გამომდინარე, მიმდინარე კანონმდებლისათვის მყარად უნდა ჩამყალიბდეს ის ფარგლები, რომლიდანაც მას არ შეეძლოს გასვლა. 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები კი, მიწის მიმართ ბუნდოვნად ასახავენ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონმდებლის მიერ გამოყენების ფარგლებს. ამიტომ, ნაცვლად ორჯერ გამეორებული სიტყვებისა „ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“, პირველი პუნქტი უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „ ქვეყნისათვის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე“, რომელსაც უშუალოდ შეესაბამება „შეზღუდვა“; ხოლო „ჩამორთმევა“ ყველა შემთხვევისთვის შესაბამისობაში იქნება „ აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“.   

P.S. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. აამის განსჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ საქართველოს დღესდღეობით მმართველ ინსტანციებში დასაქმებულ პირთა შორის, მათ რიცხვში _ ცოლშვილიან მამაკაცთა და ქმარშვილიან ქალთა შორის _ ისეთ პირებს რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას ძალიან მცირე გამონაკლისით საქართველოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი მხოლოდ არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ.           

     საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობის რადიკალური შეცვლა _ ქართველების გასვლა საქართველოდან და ახალი მოსახლეობის შემოსვლა _ არსებითად ერთი, მაქსიმუმ ორი თაობის განმავლობაში მოხდება. ერთი (ან ორი) ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული უკვე მომხდარია: სააკაშვილმა სრული სოციალური უჩინარობიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მდგომარეობამდე მოიყვანა არავითარი ცნობილი წარმატებების არმქონე გ. პაპუაშვილი, რომელმაც გააყალბა საქართველოს კონსტიტუცია. სახელდობრ; სასამართლოს დადგენილებაში უცხოელი მოქალაქის სარჩელზე მიიღო განსაზღვრება, რომ ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელების საკუთრებაზე საქართველოს მიწის მიმართ არის უკანონო. სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება დაემყარა ორ სიყალბეს:

      პირველი, რომ მიწის ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არის საკუთრების შეზღუდვა იმ შემთხვევაშიც თუ ეს შეზღუდვა ხდება სათანადო ანაზღაურებით. სინამდვილეში, თუ ანაზღაურება ხდება, მაშინ არა აქვს ადგილი საკუთრების არანაირ შელახვას.

      მეორე, კონსტიტუციის ფორმულირება (მუხლი 21 პუნქტი 2) ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთვევებში დადგენილი წესით” უგულებელყო იმ საფუძველზე, რომ სასამართლო ვერ ხედავს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას იმაში, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გავიდეს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების საკუთრებიდან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში. ორივე ხსენებული პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსი იმდენად აბსურდულია, რომ შეუძლებელია მასზე იდგეს შერაცხადი პიროვნება, მით უმესტეს – კვალიფიკაციით იურისტი.

      საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მოქმედება სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება თუ არა, როგორც შეგნებული დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე. მოპასუხედ ამ პროცესზე იყო საქართველოს პარლამენტი (თავმ. დ. ბაქრაძე). მან არ შეასრულა თავისი მოვალეობა კონსტიტუციის ყალბი ინტერპრეტაციისაგან დაცვისა და არ მოითხოვა ექსპერტიზა თემაზე – არის თუ არა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტოტალური გადასვლა უცხოელთა საკუთრებაში ისეთი საშიშროება, რომლისგანაც დაცვა წარმოადგენს ,,აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას” – არის თუ არა საკუთრების შეზღუდვა ,,მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით” ,,საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება”. მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა ეს არ მოითხოვა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო ,,სასამართლოს მეგობართა” პოზიცია, რომელშიც გაანალიზებული იყო უცხოელებზე მიწის გაყიდვის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები.

ანალოგიურად მოიქცა საქართველოს შემდეგი მოწვევის პარლამენტიც (თავმ. დ. უსუფაშვილი): მან არ მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა ამავე თემაზე, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე, თავის ზემოხსენებული დადგენილებით დააკმაყოფილა უცხოელი მოქალაქის სარჩელი, რომელიც მიწის გაყიდვაზე დროებითი მორატორიუმის გაუქმებას ითხოვდა. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი წევრების პოზიცია, ისევე როგორც ორივე ზემოხსენებული პარლამენტის პოზიცია სხვაგვარად ვერ გაიგება თუ არა, როგორც შეგნებული შეთქმულება საქართველოს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ, მისი მოსახლეობის, როგორც ერის (ნატიონ) წინააღმდეგ და საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ.  სათანადო სამართლებრივი დევნა დამნაშავეთა მიმართ, ჩვენი აზრით, გარდაუალია, და ჩვენი შეუვალი მიზანია, რომ ეს დევნა შედგეს. ასევე დამნაშავე იქნება საქართველოს მთავრობა, რომელსაც კანონპროექტი აქვს შეტანილი პარლამენტში, რომელიც უშვებს არა მარტო უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუყოვნებლად მიყიდვას, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე გასხვისებასაც, რაც ყოვლად დაუშვებელია, აგრეთვე, პარლამენტი და მისი ყველა წევრი, რომელიც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს. არცერთს არ აცდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

    ხსენებული კანონპროექტის მიღება პარლამენტის მხრიდან იქნება უფლების უზურპაცია: პარლამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარდასულ თაობათა წინაშე, დღეს ცოცხალი მოსახლეობის წინაშე, რომელთანაც იგი მიწის გაყიდვის პროგრამით არ წარმდგარა და მომავალ თაობათა წინაშეც, რომლებსაც იგი, დანაშაულებრივი კანონის მიღების შემთხვევაში  – მეორე ხარისხოვანი ადამიანების – უმიწაწყლო ერის – ხვედრს უქადის.    

     ანალოგიურ სიტუაციებში – სახალხო რეფერენდუმის ჩატარება _ ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. პასუხისმგებლობა მძიმეა. იგი არავის აცდება. ეს არის არა მხოლოდ პროგნოზი, არამედ საქართველოს მოსახლეობის მყარი ნება.                

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.