საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა და მთავრობას უკან დაუბრუნა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
მომხსენებელმა იმ პარამეტრებზე ილაპარაკა, რაზეც 2020 წლის ბიუჯეტია დაფუძნებული. მისი თქმით, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0%-ით არის განსაზღვრული, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 48.5 მლრდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2019 წელს საგადასახადო შემოსავლების განახლებული პროგნოზი შეადგენს 11 310,0 მლნ ლარს. 2019 წლის განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული 2020 წლის მაჩვენებელიც, რომელიც მშპ-ს 25.0%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 12 130,0 მლნ ლარს.
გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე. მან დეტალურად მიმოიხილა დარგების მიხედვით სამინისტროებისა და უწყებების დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხების საკითხი. განსაკუთრებით დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების თაობაზე, რომელიც 353 მლნ ლარს შეადგენს. რომლის ფარგლებშიც სურსათის უვნებლობის მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის – 37.1 მლნ ლარია გათვალისწინებული. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის – 12.7 მლნ ლარი; ერთიანი აგროპროექტის დასაფინანსებლად 129.9 მლნ ლარია გამოყოფილი, რომელიც 32.5 მ,ლნ ლარით არის გაზრდილი. დანერგე მომავალის დასაფინანსებლად – 13.0 მლნ ლარია განსაზღვრული. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის 12.0 მლნ ლარი; მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროექტი – 5 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული განვითარება – 4.5 მლნ ლარი. სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის – 88.3 მლნ ლარი და სხვა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას შეფასებით მისასალმებელია ნებისმიერი გაზრდილი მაჩვენებელი, ნებისმიერ სექტორში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის პრიორიტეტულობა, კომიტეტისთვის მიუღებელია ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის 4 მლნ-ით შემცირება.
„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა არაერთი დისკუსია, რა თქმა უნდა მივესალმებით ნებისმიერ გაზრდილ მაჩვენებელს, ნებისმიერ სექტორში, მაგრამ ჩვენ ვართ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამ დარგის პრიორიტეტიზაცია. რასაც ახლა ვამბობ, ამ თემაზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, 4 მლნ-ით ვამცირებთ ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, ასევე შემცირებულია სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვის და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიმართულებით სახსრები. მესმის, რომ ფაროსანაზე შეიძლება იმდენი აღარ იყოს საჭირო, რამდენიც იყო წელს და შარშან, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით და სანამ შეჯამება არ მოხდება, მე მგონია ესეც არის ნაადრევი. ასევე შემცირებული გვაქვს ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი, ასევე არის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხში, გადამმუშავებელი მრეწველობის დარგში, სადაც სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეკონომიკური კომპონენტი, შემადგენელი იმ ეკონომიკისა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და როგორც აგრარული ქვეყანა ჩვენთვის ეს არის მაღალი პრიორიტეტის მაჩვენებელი“_ განაცხადა ოთარ დანელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სხვა პროგრამებთან ერთად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მოსავლის ამღები ტექნიკის დაფინანსების პროგრამა, რომელშიც 5 მლნ ლარია გამოყოფილი მოთხოვნილი 35 -ის ნაცვლად. ამ შემთხვევაში რა ვქნათ იმ 17 მლნ მოთხოვნაზე, რომელზეც ხელისუფლებას 500-მდე ბენეფიციარისთვის პირობა აქვს მიცემული. ამიტომ კომიტეტმა დღეს ბიუჯეტის პროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა. ოთარ დანელიამ მომხსენებელს მიმართა, რომ ხელახლა გადახედონ წარმოდგენილ ციფრებს, კონსულტაცია გაიარონ მთავრობაში და ამის შემდეგ დაუბრუნდება კომიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვას.