საქართველოს სოფლის მეურნეობაში საგანგაშო მდგომარეობაა

საქართველო ისტორიულად აგრარული, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ უკანასკნელ წლებში ამ დარგში მომუშავე გამოუცდელ და არაპროფესიონალ ხელმძღვანელთა ხელში, წარმოების არასწორად მართვისა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად, საზღვარგარეთიდან შემოტანილი დაბალხარისხიანი პროდუქტების გამსაღებელ ქვეყნად გადავიქეცით და ერთმილიარდიანი ბაზარი მთლიანად უცხოურ უხარისხო პროდუქციას დავუთმეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მთავრობა ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობას და მის განვითარებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015 წელს — 314,3 მილიონი ლარი, 2016 წელს —  321,3 მილიონი, ხოლო 2017 წელს 257,9 მილიონი ლარი გამოყო, სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტების წარმოება გაზრდის ნაცვლად შემცირდა.

 საქართველოს სოფლის მეურნეობა სასიცოცხლოდ საჭირო საკვებ პროდუქტებზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების მინიმალურ დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. ამ დროს საქართველოში მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელია და ყოველწლიურად სხვა ქვეყნებიდან ერთ მილიარდზე მეტი დოლარის ღირებულების დაბალი ხარისხის პროდუქტები შემოგვაქვს, რაც ნაყოფიერი მიწების მოცდენასთან ერთად ლარის გაუფასურებასაც განაპირობებს.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი იყო 552 ათასი ტონა ხორბალი, 70 ათასი ტონა სიმინდი, 90 ათასი ტონა ბოსტნეული, 5,9 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, 22,5 ათასი ტონა ღორის ხორცი, 800 ტონა ცხვრისა და თხის ხორცი, 55,1 ათასი ტონა ფრინველის ხორცი, 124,0 ათასი ტონა რძე და რძის პროდუქტები. ნიორიც კი, რომელიც შედარებით იოლი მოსაყვანია, ჩინეთიდან და ირანიდან შემოგვაქვს. მარტო ხორბლისა და ფქვილის შესაძენად ყოველწლიურად ქვეყნიდან გადის 240 მილიონამდე მყარი ვალიუტა მაშინ, როცა ამ თანხით ჩვენთან ხორბლის მწარმოებელზე ხელშეწყობით საკმარისზე მეტი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

აღნიშნული მდგომარეობა იმითაცაა გამოწვეული, რომ გაზრდის ნაცვლად სტრატეგიული კულტურების ნათესი ფართობები ყოველწლიურად მცირდება. 2014 წელთან შედარებით 2016 წელს საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 23,7 ათასი ჰექტრით არის შემცირებული, მათ შორის საგაზაფხულო კულტურების — 28 ათასი ჰექტრით. მკვეთრად არის შემცირებული ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის, სიმინდის, პარკოსანი, კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ნათესი ფართობები. შესაბამისად აგროტექნიკის დაუცველობით შემცირებულია ცალკეულ კულტურათა საჰექტარო მოსავლიანობაც. 2013 წელს ჰექტარზე წარმოებული იყო 2,4 ტონა ხორბალი, ხოლო ამ მაჩვენებელმა 2015 წელს მხოლოდ 1,7 ტონა შეადგინა. ძნელი მოსაძებნია მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, სადაც ხორბლის მოსავლიანობა ასეთი დაბალია. არადა ჩვენთან ამ მეტად საჭირო კულტურის წარმოებისთვის საუკეთესო კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობებია და თავისუფლად შეიძლება ჰექტრზე 4-5 ტონა ხორბლის წარმოება. ცხოველთა სულადობის და ხორცისა დ რძის პროდუქტების სიმცირე იმითაც არის გამოწვეული, რომ სოფლად გაძნელებულია ცხოველთა ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ცოფი, ჯილეხი, კლასიკური ცხელება, ღორის ჭირი და სხვა დაავადებები, რადგან თითოეულ რაიონს მხოლოდ ორი ვეტექიმი ემსახურება და მათ არ შეუძლიათ ამ დაავადებათა დროული პროფილაქტიკა და მკურნალობის ჩატარება. შედეგად ხშირია ცხოველთა დაცემები, განსაკუთრებით მეღორეობაში ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2014 წელთან შედარებით 2016 წელს ღორების რაოდენობა 33,5 ათასი სულით არის შემცირებული, ხოლო ფურისა და ფურ-კამეჩების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით — 53,7 ათასი სულით.

ამიტომაა, რომ ხორბლის, სიმინდის, ბოსტნეულის, ხორცის, რძისა და რიგი სხვა აუცილებელი პროდუქტების შემოტანა სხვა ქვეყნებიდან გვიხდება, ხოლო ჩვენი 400 ათას ჰექტარზე მეტი ნაყოფიერი მიწები ყოველწლიურად დაუხნავ-დაუთესავი რჩება, სადაც შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებდა ამ პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებას და შესაძლებელი იქნებოდა მათი სხვა ქვეყნებში რეალიზაციაც. ზემოთაღნიშნული მდგომარეობა იმითაცაა განპირობებული, რომ მიწა, ქვეყნის ეს უპირველესი სიმდიდრე, არ არის მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებული, არ არსებობს ნაყოფიერი მიწების დანიშნულებით გამოყენების პროგრამა, ამ საკითხის მოსაგვარებლად უკანასკნელ წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ ერთი ნაბიჯიც არ არის გადადგმული. არის ფაქტები, როცა ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მორწყული და შენარჩუნებული ნაყოფიერი მიწები იყიდება უცხოელებზე, რაც სამწუხაროდ სამინისტროს ზოგიერთ ხელმძღვანელს სწორადაც კი მიაჩნია. ცხადია, რომ შეუძლებელია სოფლის მეურნეობის წინსვლა-განვითარება თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე, რაშიც დღეს სოფლად მეტად მძიმე მდგომარეობაა. გასულ წლებში ამ დარგში მომუშავე დილეტანტებმა ნიადაგობრივ-კლიმატური, რელიეფური, კულტურათა მრავალფეროვნებისა და განლაგების გაუთვალისწინებლად, სოფლის მეურნეობაში შემოიტანეს თხუთმეტ სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული, ერთმანეთისგან განსხვავებული კონსტრუქციისა და სიმძლავრის ტრაქტორები და სასოფლო-სამეურნეო მანქანები, რომელთა ეფექტიანი გამოყენება, რემონტი და მალფუჭადი ნაწილებით მომარაგება მკვეთრად არის გაძნელებული, რაც ტექნიკის ხშირ მოცდენებს, შესრულებულ სამუშაოთა დაბალ ხარისხსა და აგროტექნიკური ვადების დარღვევას განაპირობებს.

სოფლის მეურნეობაში ტექნიკის სიმცირე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როცა საგაზაფხულო სამუშაოებზე ტრაქტორები აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადაჰყავთ და პირიქით, ხოლო თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების დროს კომბაინები აზერბაიჯანიდან შემოჰყავთ, რაც დიდ დანახარჯებთან ერთად, აგროწესების უხეშ დარღვევას და მოსავლის დანაკარგებს განაპირობებს.

სოფლად ტექნიკის სიმცირის გამო, ხშირ შემთხვევაში, საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ხვნა-თესვის და რიგი სხვა სამუშაოები აგროწესების დარღვევით სრულდება, რაც მკვეთრად ამცირებს მოსავლიანობას და ზარალს აყენებს მიწათმფლობელებს.

დღეისათვის, სოფლის მეურნეობაში ისედაც მცირე — 15177 ტრაქტორიდან სამუშაო მდგომარეობაშია მხოლოდ 10-12 პროცენტი, 44800 სასოფლო-სამეურნეო მანქანიდან — 20%, 523 მარცვლის ამღები კომბაინიდან 63 საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, სარემონტოა 80 ბალახის ამღები, 275 მოტობლოკი, რამდენიმე ასეული ნიადაგდამამუშავებელი და სათესი მანქანები, მცენარეთა დაცვის ტექნიკური საშუალებები და ა. შ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან არ არსებობს ტექნიკის შემკეთებელი და მარაგნაწილების სერვისი, რაც უარყოფითად მოქმედებს სოფლად არსებული ისედაც მცირე ტექნიკის მზადყოფნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე არაერთჯერ იქნა დაყენებული აღნიშნულის მოგვარების საკითხი, დღემდე შედეგი არ მოჰყოლია.
უკანასკნელ წლებში ასევე დილეტანტთა მიერ სესხითა და საბიუჯეტო თანხებით შეძენილია მილიონობით ღირებულების ისეთი ახალი ტექნიკა, რომლებიც ჩვენს პირობებში საერთოდ არ გამოიყენება და ხუთი წელია უმოქმედოდ ალაგია შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრებში და არც არავინ ზრუნავს ამ საკითხის მოგვარებაზე, ხოლო ამ ტექნიკის შეძენის ღირებულებას კი დღემდე იხდის სამინისტრო ბიუჯეტიდან. 2014 წელს გადახდილია 25,1 მილიონი ლარი, 2015 წელს — 26 მილიონი, 2016 წელს — 23 და 2017 წელს გადასახდელია 20 მილიონი ლარი.

როგორც შევიტყვეთ და რაც მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემაც დაგვიდასტურა, ამჟამად სამინისტროს პროგრამების მართვის სააგენტოში მუშავდება პროგრამა, რომელიც ეხება შპს „მექანიზატორის“ ისედაც მცირე ქონების, ე. ი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გასხვისების (გაყიდვის) საკითხს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ სააგენტოში არცერთი სპეციალისტი არ მუშაობს, რომელიც სრულყოფილად ფლობდეს სოფლად არსებული ტექნიკის ეფექტურად გამოყენების, ფერმერთა ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის, ტექნიკის რემონტის, ტექნიკური მომსახურებისა და მოვლა-შენახვის მეტად რთულ აგროსაინჟინრო საკითხებს. უფრო მეტიც, ამ პროგრამის შედგენისას მათ არ გაუვლიათ კონსულტყაციები სოფლად მომუშვე მექანიზატორებთან, მიწათმფლობელებთან, ამ დარგის არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მაღალკვალიფიციურ მეცნიერებთან. ამიტომ გონივრულ ეჭვს ბადებს ის, რომ მათ მიერ შედგენილი ტექნიკის გაყიდვა-გასხვისების პროგრამა, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს ტექნიკაზე ფერმერთა და გლეხთა დახმარებასა და ხელმისაწვდომობას.

ჩვენთან სოფლის მეურნეობაში არსებული ტექნიკის გაყიდვა და დაქუცმაცება ორჯერ მოხდა. პირველად 60-იან წლებში და მეორედ ნაციონალების პერიოდში და ორივეჯერ უმძიმესი შედეგი მიაყენა სოფლის მეურნეობას.

სოფლის მეურნეობაში მომუშავე კვალიფიციური მექანიზატორების აზრით, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კი არ უნდა გაიყიდოს, არამედ შესწავლილი იქნას ამ ორგანიზაციის საქმიანობა, გაეწიოს მას ყოველმხრივი დახმარება, რათა გააფართოოს მოქმედების არეალი, ყველა რაიონში შექმნას სერვის-ცენტრები და ამით ხელი შეუწყოს მიწათმფლობელთა საქმიანობას და სოფლის მეურნეობის წინსვლა-განვითარებას.

მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სოფლად ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისათვის არ მიმდინარეობს აგროსაინჟინრო და ტრაქტორისტ-მემანქანეთა კადრების მომზადება; აგრარულ უნივერსიტეტში უკვე მეხუთე წელია გაუქმებულია მექანიზაციის ფაკულტეტი, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლადშექმნილი აგროსაინჟინრო ფაკულტეტი ამზადებს მხოლოდ ინჟინერ-მელიორატორებს და არა აგროინჟინრებს და თუ ასე გაგრძელდა, უახლეს 4-5 წელიწადში სოფლის მეურნეობას არ ეყოლება ამ დარგის სპეციალისტები, რაც მკვეთრად გააუარესებს სოფლად ტექნიკის გამოყენებას.

როგორც ზემოთმოყვანილი მასალებიდან ნათლად ჩანს, მიუხედავად ჩვენთან კარგი კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობებისა, სოფლის მეურნეობა ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის დაკმაყოფილებას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რაც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

  1. ქვეყნის სოფლის მეურნეობის უკან სვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, პირველ რიგში, დარგის არასწორ მართვასა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არადანიშნულებით გამოყენებაში უნდა ვეძებოთ, რადგან ამ მეტად რთული და საჭირო აგრარული სფეროს გაძღოლას კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები ესაჭიროება.
  2. სამწუხაროდ, 2004 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობაში არ ყოფილა არცერთი ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც სწორად განსაზღვრავდა სოფლად არსებული მრავალფეროვანი დარგების განვითარებისა და ამ მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის საკითხებს. მხედველობაში გვაქვს მინისტრი და მისი მოადგილეები. უფრო მეტიც, სამინისტროში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურაა, ათი წელი სპეციალობით გეოლოგი ხელმძღვანელობდა, ხოლო დღეს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ თანამდებობაზე ექიმია დანიშნული, თანაც სამინისტროს ცენტრალური აპარატი სოფლის მეურნეობის არასპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, ასეთ არაპროფესიონალთა ხელში ძნელია იფიქრო დარგის სწრაფ და სწორ განვითარებაზე.
  3. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ 2017 წლის 15 აპრილს ტელეარხ „საფერავში“ გამოსვლისას მხოლოდ მარწყვის, მაყვლისა და მოცვის წარმოების გაზრდის საკითხებზე ისაუბრა, ხოლო მოსახლეობისათვის მეტად საჭირო ძირითადი პროუქტების წარმოებაზე ერთი სიტყვაც არ დასცდენია. ალბათ, სათქმელიც არაფერი ჰქონდა.
  4. ხელისუფლების მიერ დარგის განვითარებისათვის ყოველწლიურად დიდი რაოდენობით გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები არ იხარჯება ძირითადი და აუცილებელი კულტურების წარმოების გაზრდის ხელშეწყობისათვის, როგორიცაა მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი, ქერი), ბოსტნეული, მეცხოველეობა, მეღორეობა, მეჩაიეობა, მეფრინველეობა, აგრეთვე საჭირო ახალი ტექნიკის, მისი რემონტის, ტექნიკური მომსახურებისა და მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანის და მისი ეფექტურად გამოყენების საკითხებზე.

სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშესაწყობად, რაც კიდევ უფრო უკან დასწევს სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების წარმოებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს არაპროფესიონალთა მიერ გასულ წლებში შემუშავებულმა მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამამ ვერ გაამართლა, რადგან სატრაქტორო სამუშაოთა განფასებები ორჯერ იყო გაზრდილი, ხოლო ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო თანხები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. არ მიმდინარეობდა შესრულებულ სამუშაოებზე მონიტორინგი, რაც ამ სამუშაოების დაბალ ხარისხსა და გარკვეულწილად მცირე მოსავლიანობას განაპირობებდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბიუჯეტო თანხები არ იხარჯება ძირითადი კულტურების წარმოების ხელშეწყობაზე. სამაგიეროდ 2017 წლის ბიუჯეტში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე 43 მილიონი ლარია გათვალისწინებული მაშინ, როცა ეს დარგი ჩვენთან ყველაზე მეტად განვითარებულია. ამ თანხაში შედის ყოველწლიურად 5 მილიონი ლარის ხარჯვა ღვინო-მასალების პოპულარიზაციაზე მაშინ, როცა ამ ღონისძიების ჩატარება ჩვენს მეღვინეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, რადგან მათ აქვთ ამ საქმის მრავალწლიანი გამოცდილება და გააჩნიათ საჭირო თანხებიც. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ღვინისა და კულინარიის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, უცხოელი ჟურნალისტებისათვის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ სტატიების მომზადება-გამოქვეყნება, სარეკლამო რგოლების დამზადება, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოში აღმოჩენილი წიპწებისა და მერქნის შესწავლის ხელშეწყობა, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობა და ა. შ. რაც შეეხება ყურძნის ფასებს, ჩვენის აზრით, ეს საკითხი თვითონ მევენახეებმა და მეღვინეებმა უნდა დაარეგულირონ და ამ მიზნით საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაზე ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გამოიყოფა და იხარჯება ერთი მილიონი ლარი მაშინ, როცა ჩვენთან აგროსასურსათო პროდუქტების ბაზარი მთლიანად დაპყრობილი აქვს უცხოურ პროდუქტებს. საკითხავია, რისთვის ვხარჯავთ ერთ მილიონ ლარს ყოველწლიურად? ჩვენი აზრით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ასეთი პროპაგანდისტული ღონისძიებების ჩატარება საქართველოს სავაჭრო პალატის ძირითად სფეროს განეკუთვნება და არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას. უნდა ვივარაუდოთ და ასეც არის, რომ ზემოთხსენებულ ღონისძიებებზე ასეთი დიდი რაოდენობის არამიზნობრივი და უშედეგო საბიუჯეტო თანხების ხარჯვა სამინისტროს ხელმძღვანელების და მათი მუშაკების საზღვარგარეთ გართობას უფრო განეკუთვნება, ვიდრე რეალურ საქმიანობას. „დანერგე მომავალი“ — ამ ღონისძიებებზე 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 7 მილიონი ლარი, რომელიც ძირითადად დაიხარჯება მეხილეობის განვითარებაზე. მაშინ, როცა ჩაის კულტურის რეაბილიტაციაზე გამოყოფილია მხოლოდ 400 ათასი ლარი და ამ დარგის დაჩქარებული აღორძინება დიდ ეკონომიკურ შედეგს მისცემდა ჩაის მწარმოებლებსა და მთლიანად ქვეყანას.

სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტების წარმოების საქმეში შექმნილია მეტად მძიმე მდგომარეობა და საბიუჯეტო თანხები არ ხმარდება ამ კულტურების წარმოების ხელშეწყობას, გარდა ამისა, ქვეყანაში მეტად გაძნელებელია ლტოლვილთა, უმუშევართა და პენსიონერთა ყოფა-ცხოვრება. ამ დროს სამინისტროს ხელმძღვანელობა ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველ ცხოვრებას განაგრძობს, რადგან მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება არასწორადაა შედგენილი და კუთვნილზე ორჯერაა გაზრდილი.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის მიერ 2015 წელს ჩატარებული შემოწმებით დადგენილია, რომ მინისტრის ბრძანებით სამინისტროს ხელმძღვანელობასა და აპარატის თანამშრომლებს დანიშნული აქვთ, ისედაც მაღალ ხელფასებზე კიდევ იმდენივე ყოველთვიური დანამატი და გარდა ამისა ყოველკვარტალურად იღებენ პრემიას. კერძოდ, მინისტრის მოადგილეებზე ყოველთვიური დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100%, დეპარტამენტის უფროსებზე 75% და დანარჩენ პერსონალზე 45%. რაც ჩვენის აზრით ყოვლად გაუმართლებელია, რადგან მინისტრის მოადგილეებსა და აპარატის მუშაკებს ხელფასზე დანამატი და პრემია უნდა ეძლეოდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და არა ყოველთვიურად.

მკითხველისათვის გასაგები რომ იყოს, აქვე მოვიყვან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ყოველთვიური შრომის ანაზღაურებას, რაც ანალოგიურია სხვებისთვისაც. მინისტრის მოადგილის თვიური ხელფასი შეადგენს 2720 ლარს, დანამატიც 2720 ლარია, ე. ი. მინისტრის მოადგილის თვიური სახელფასო ანაზღაურება კუთვნილი 2720 ლარის ნაცვლად 5440 ლარს შეადგენს. ამას ემატება ყოველკვარტალური პრემია 1632 ლარი და კვარტალში ნაცვლად 8160 ლარისა იღებს 17952 ლარს. კიდევ უფრო მაღალია მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება. რაც შეეხება მინისტრის ანაზღაურებას, მისი თვიური თანამდებობრივი სარგო 3540 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველთვიური დანამატი 2710 ლარია, ე. ი. ყოველ თვეში მინისტრი ნაცვლად 3540 ლარისა იღებს 6250 ლარს. ამ დროს სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები, ნაცვლად წინსვლისა, უკან მიდის და მოსახლეობისათვის საჭირო პროდუქტების შესაძენად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველწლიურად მილიარდზე მეტი მყარი ვალუტა გადის ქვეყნიდან.

სრულიად გაუმართლებლად მიგვაჩნია აგრეთვე მინისტრს ჰყავდეს ხუთი მოადგილე, რადგან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი დატვირთვა და მინისტრის ორი მოადგილის გამონთავისუფლება ამ საქმიანობიდან ყოველწლიურად ბიუჯეტს მისცემდა 143616 ლარზე მეტ ეკონომიას, რომლის გამოყენება ერთი გადამამუშავებელ, საწარმოს შექმნას უზრუნველყოფდა.

როგორც ჩანს, ბიუჯეტის განხილვისას თანხების სწორად განაწილების საქმეს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტის საფინანსო და აგრარული კომიტეტები, არადა მათზეა ძირითადად დამოკიდებული სამინისტროს საბიუჯეტო თანხების სწორად და მიზნობრივად განაწილება. სოფლის მეურნეობაში არსებული უმძიმესი მდგომარეობისა და ახლო მომავალში მისი გამოსწორების საკითხებზე გასულ წელს ამ დარგის მეცნიერებთან ერთად ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს, მაგრამ ამ შეხვედრას და მათთან ორსაათნახევრიან საუბარს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ძნელია დაარწმუნო სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი და ძირითადი დარგების განვითარებისა და ტექნიკის აუცილებლობის საკითხების მოგვარებაში სამინისტროს ხელმძღვანელობა, როცა მათ ამ დარგში შესაბამისი არც ცოდნა-განათლება და არც პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. ასეთ არაპროფესიონალ ხელმძღვანელთა ხელში სოფლის მეურნეობა ვერ ვითარდება და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობას სამამულო აგროსასურსათო პროდუქტებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ერთმილიარდიანი აგრობაზარი მთლიანად უცხოურ პროდუქციას უჭირავს. ამიტომ აუცილებელად მიგვაჩნია: ეს მნიშვნელოვანი დარგი სწრაფად რომ განვითარდეს, უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, შეარჩიოს და სამინისტროში მოიყვანოს სოფლის მეურნეობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

ნათქვამია „პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო“!

ირაკლი დვალი,

საქართველოს მიწათმფლობელთა და მექანიზატორთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დამსახურებული მექანიზატორი.