საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები

2018 წლის 23 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელმაც აკადემიის პრეზიდენტად, განმეორებით, ხუთი წლის ვადით ერთხმად აირჩია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა და ჟურნალიახალი აგრარული საქართველოულოცავს ბატონ გურამს აკადემიის პრეზიდენტად არჩევას, უსურვებს მრავალ წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975); პროფესორი (1989), სსმმ აკადემიის წევრკორესპონდენტი (1992), სსმმ აკადემიის აკადემიკოსი (1995);

მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები: მებაღეობის მევენახეობის და მეღვინეობის / ინსტიტუტის უმცროსი და შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკი (1960-1973);

მცენარეთა დაცვის / ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1974-1983; 1987-1995);

აშშ, . ვაშინგტონი, საბჭოთა კავშირის საელჩო, საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი (1983-1987); აშშ ფიტოპათოლოგიური საზოგადოების წევრი (1984-1987); აშშ ენტომოლოგიური საზოგადოების წევრი (1983-1987);

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოსმდივანი (1995-2004); აკადემიის ვიცეპრეზიდენტი (2004-2013), აკადემიის პრეზიდენტი (2013-2018);  

ცენტრალური აზიისა და  სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის (CACAARI)  თავმჯდომარე (2015-2017);

FAO- ტროპიკული სოფლის მეურნეობის პროგრამის (TAP) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (FAO), (2015-2016);

CGAR (აშშ) ფონდის საბჭოს წევრი (2015-2016);

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბეტა სამუშაო ჯგუფის წევრი 2001 წლიდანდღემდე, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2007); 

ევროპის მცენარეთა  გენეტიკური რესურსების პროგამის (ECPGR) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2003-2012) და  ეროვნული კოორდინატორი საქართველოში (2003-2012);

PGR საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღანელი CAC ქვეყნებში (2005-2007);

ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის, სურსათისა და  ბუნებათსარგებლობის აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დღემდე;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის  ეკოლოგიური კომისიის წევრი, დღემდე;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის ბუნებრივი რესურსების საბჭოს წევრი, დღემდე;

ქართული ენციკლოპედიისაგრარული კომისიის თავმჯდომარე, 2008-დღემდე;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დღემდე;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დღემდე;

მეცნიერული შრომების რაოდენობა _ 216, მათ შორის 12 წიგნი, 2 მონოგრაფია, 8 რეკომენდაცია,  8 ბროშურა; 70-ზე მეტი ნაშრომი საერთაშორისო გამოცემებში. მცენარეთა დაცვის და მცენარეთა გენეტიკური რესურსების მიმართულებით, 20 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების ხელმძღვანელი.

    სახელმწიფო ჯილდოები, დამსახურების წოდებები და .. – “შრომის წარჩინებულიმედალი (1982); “ღირსებისორდენი (1999); ორივერცხლის დიდი მედალი” (2005, 2008) – დაჯილდოებულია საერთაშორისო ორგანიზაციების „CGIAR” და „ICARDA” მიერ; . ვავილოვის სახელობის მედალი (2013 .); აგრარულ დარგში წლის საუკეთესო მეცნიერი (2015).

ელგუჯა შაფაქიძესსმმ აკადემიკოსი   

 

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2018-20122 წლების სრულყოფის პროგრამა

ქვეყნის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, როცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ძირითადი ფუნქცია აგრარულ სფეროში არსებული სამეცნიერო – კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის სწორი ორგანიზება, საგრანტო თემების შესწავლა და მათი ექსპერტიზაა, აკადემიის, როგორც აგრარულ საკითხებში მთავრობის მრჩევლის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

აკადემიის მუშაობის ძირითადი მიმართულება არის და მომავალშიც იქნება მემცენარეობაში, მეცხოველეობაში და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება და მათი წარმოებაში გამოყენების ხელშეწყობა. სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული აკადემიის ყველა წევრის ძალისხმევაც.

წარსული ხუთი წლის განმავლობაში აკადემიაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: გაძლიერდა კოორდინაცია კვლევით ორგანიზაციებს შორის; დამყარდა საინტერესო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უცხოეთის კვლევით ორგანიზაციებთან; ჩატარდა თანამედროვე აქტუალურ პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენციები; დამუშავდა და გამოქვეყნდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების გზები; დაიბეჭდა და გავრცელდა რეკომენდაციები ფერმერთა დასახმარებლად სოფლის მეურნეობის განვითარების აქტუალურ საკითხებზე; ყოველწლიურად ტარდება კონკურსები აგრარულ დარგში საუკეთესო მეცნიერის, ასევე საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის გამოსავლენად. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს  დავასკვნათ, რომ აკადემია თანდათან იკავებს იმ ნიშას, რაც მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.   მიუხედავად საქმიანობის ერთგვარი გაუმჯობესებისა, ჯერ კიდევ ბევრი აქტუალური საკითხია გადასაწყვეტი.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ორგანიზაციული საკითხები:

აკადემია უნდა გახდეს ქვეყანაში აგრარული კვლევის ძლიერი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი. მის სისტემაში უნდა ფუნქციონირებდეს კვლევითი ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, ასევე აგრარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებში მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიებების დამუშავებაზე, ჩვენი აზრით აკადემიის სისტემაში უნდა ჩამოყალიბდეს: აგროტექნოლოგიის, აგროსაინჟინრო, მეცხოველეობის, პროდუქტთა გადამუშავების და შენახვის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრები. ასეთი სისტემა წარმატებით მუშაობს ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, რუმინეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, უნგრეთში, რუსეთში და სხვაგან. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ორგანიზაციული ფორმის შექმნა აუცილებელია, შესაბამისი დასაბუთებული მოსაზრებები წარედგინება საქართველოს მთავრობას. ცხადია, რომ ფუნდამენტური კვლევების გარეშე არ განვითარდება, ისეთი სამეცნიერო მიმართულებები, როგორიცაა: აგრობიოტექნოლოგია, მცენარეთა და ცხოველთა სელექცია, მავნებელ – დაავადებათა გავრცელების პროგნოზირება, ბიოსისტემების მოდელირება, აგრობიომრავალფეროვნება და სხვა, მათ გარეშე რამდენიმე წელიწადში აღარ გვექნება იმის საშუალება, რომ ვაწარმოოთ კვლევები თანამედროვე დონეზე, და, რაც მთავარია, აღარ გვეყოლება შესაბამისად მომზადებული ახალგაზრდა მეცნიერები. აქ რასაკვირველია საჭიროა მთავრობის ჩარევა და მათ მიერ მიზანმიმართული დაფინანსება.

აკადემიაში აუცილებელია შეიქმნას „ახალი ტექნოლოგიების დანერგვის“ განყოფილება, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიის წევრების მიერ დამუშავებული ღონისძიებების, რეკომენდაციების  ფერმერულ მეურნეობებში გამოყენებას. სქემა, ჩვენის აზრით, ასეთი იქნება: განყოფილების თანამშრომლები, აკადემიის პრეზიდიუმის მიერ შერჩეულ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებს ათანხმებენ ფერმერებთან, სადაც მათივე ხელმძღვანელობით ხდება ამ ახალი ღონისძიებების გამოცდა. წლის ბოლოს შეჯამდება მიღებული შედეგები, შესაბამისად, შემუშავდება დანერგვის ღონისძიებანი.  ასეთი მიდგომებით მივაღწევთ მეცნიერებისა და წარმოების (ფერმერების) დაახლოებას, რითაც შემდგომში ახალი ღონისძიებების გავრცელებას ანუ რეალურ დანერგვას განვახორციელებთ.

ჯერ კიდევ სრულად არაა გამოყენებული ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის გავრცელების ისეთი მნიშვნელოვანი ფორმა, როგორიცაა ტელევიზია – „საფერავი ტვ“. ახლებურად უნდა  შევხედოთ ამ საკითხს და სოფლის მოსახლეობას დროულად (პერიოდების მიხედვით) მივაწოდოთ ის პროგრესული ღონისძიებები, რაც აკადემიაში ან სხვა მომიჯნავე ორგანიზაციებშია დამუშავებული. ამის კარგი მაგალითი უნდა გახდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების გადაცემათა ციკლი, რომლის პერიოდულობა რეალური სიტუაციების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ვფიქრობ ეს ფუნქცია ახლად შექმნილმა „ახალი ტექნოლოგიების დანერგვის“ განყოფილებამ უნდა შეასრულოს.

ასევე ამ განყოფილებამ უნდა შეითავსოს – „მავნებელ – დაავადებათა დიაგნოსტიკისა“ და „ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის“ ფუნქციაც. ეს ორივე საკითხი ძალზედ აქტუალურია დღევანდელ პირობებში. ამისათვის განყოფილება უნდა აღიჭურვოს სპეციალური აპარატურით და შეივსოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სასოფლო – სამეურნეო წარმოებას სჭირდება ასეთი ინფორმაციები. ვფიქრობთ, განყოფილება შემდგომში უნდა მუშაობდეს თვითდაფინანსების პრინციპით.

უნდა გაძლიერდეს ახლად შექმნილი „ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი“-ს საქმიანობა. რეალურად აკადემიაში უკვე შექმნილია სათანადო პირობები (ინფრასტრუქტურა). დამუშავებულია სასწავლო პროგრამები, შერჩეულია მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ეს კურსები მომავალში თვითდაფინანსებაზე იმუშავებს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ არ გვაქვს პედაგოგების ანაზღაურების თანხები. ეს საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უნდა გადაწყდეს.

აუცილებელია აკადემიაში შეიქმნას სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, რომელიც სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით შეარჩევს სადისერტაციო საბჭოებს აგრონომიაში, ეკონომიკაში, აგროინჟინერიაში, მეცხოველეობაში და კვების მრეწველობაში. ვფიქრობთ, რომ ასეთი საბჭოების მუშაობა აკადემიაში კიდევ უფრო გაზრდის აკადემიის ავტორიტეტს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეს. რაშიც ამ ბოლო ხანს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს.

რადგან კანონი მეცნიერების შესახებ ჩვენც გვეხება, უნდა დავსვათ საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე, რათა აკადემიას მიეცეს დაფინანსება სტიპენდიანტების მოსაზიდად, რაც ახალგაზრდა კადრებით აკადემიის შემდგომი შევსების წყარო გახდება.

თანამედროვე ინფორმაციის მიღების და მისი შემდგომი გამოყენების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, აქაც გვაქვს გარკვეული წარმატებები, თუნდაც შოთა რუსთაველის ფონდით დაფინანსებული უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 5 საერთაშორისო კონფერენცია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბოლო კონფერენცია – „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში-ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“, სადაც კარგად გამოჩნდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევების მნიშვნელობა, რამაც ერთხელ კიდევ დაადასტურა ქართული ვაზის ისტორიული მნიშვნელობა. ახლო მომავალში ვფიქრობთ კონფერენციის ჩატარებას თემაზე: „საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“ ფირმა “ლომთაგორასთან” ერთად და „აზიური ფაროსანა (ჰალყომორპჰა ჰალყს)  – სასოფლო – სამეურნეო და ტყის  კულტურების საერთაშორისო პრობლმა”. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან სპეციალისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

       ასევე განსაზღვრული გვაქვს ჩავატაროთ სემინარი მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ცალკე უნდა გამოიყოს აგრარული კვლევის სფეროში კოორდინაციის სრულყოფის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული აკადემიაში. გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტთან და სოფლის მეურნეობის ხაზით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თუმცა, ჩვენი აზრით, საჭიროა მისი შემდგომი სრულყოფა. კერძოდ, ვფიქრობთ ჩავატაროთ პარტნიორთა ასამბლეა, სადაც ზემოთ აღნიშნული ყველა ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას და წარმოადგენს  თავის კვლევებს და ხედვებს ამ მიმართულებით. მოკლე ანოტაციები გამოქვეყნდება ბროშურის სახით. ასეთი შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. შესაძლებელია თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნას პარტნიორთა საბჭოც, რომელიც უხელმძღვანელებს ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ თუ რა მიმართულებით მუშაობს ესა თუ ის დაწესებულება და მოვახდინოთ საკითხების რეალური კოორდინაცია.

უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა რეგიონების სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების საკითხებზე. ამ მიმართულებით აკადემიას გარკვეული გამოცდილება აქვს. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აკად. ნოდარ ჭითანავასთან და აკად. ომარ ქეშელაშვილთან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ საკითხებში. დღეს ჩვენ უკეთესი სიტუაცია გვაქვს. აკადემიაში გვყავს რეგიონების წარმომადგენლები და მათი მონაწილეობით უნდა გადაწყდეს ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. თითოეულმა რეგიონმა უნდა იცოდეს თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რა კულტურებს უნდა მიექცეს ყურადღება, სად და როგორ უნდა განვითარდეს  გადამამუშავებელი საწარმოები. ამ საკითხებზე არის გარკვეული დაინტერესებაც პარლამენტის წევრების მხრივაც. საჭირო იქნება ჩვენი კონტაქტები რეგიონების ხელმძღვანელებთან და მათთან ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებების გაფორმება.

უნდა გავაგრძელოთ ფუნდამენტური და გამოყენებითი მნიშვნელობის ლიტერატურის მომზადება და გამოქვეყნებაგასულ წლებში გამოვეცით ორი წიგნი მევენახეობასა და მეხილეობაში. ვფიქრობთ გავაგრძელოთ ეს სამუშაოები და გამოვცეთ წიგნები: მებოსტნეობაში, სუბტროპიკულ კულტურებში, მარცვლეულ კულტურებში და სხვა. ასევე, მისაღებია აკად. . დიდებულიძის წინადადება რათა აკადემიამ დაიწყოს მუშაობა და გამოსცეს წიგნისასოფლოსამეურნეო ტერმინოლოგია“. მითუმეტეს, რომ ჩვენ უკვე შევიძინეთ საბეჭდი და გასამრავლებელი ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც უკვე დაიბეჭდა და გამოქვეყნდა 2017 წლის ჩვენი აკადემიის ანგარიში.

ვფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების და სხვა მრავალი საკითხის, რომელიც წარმოიშვება მუშაობის პერიოდში,  განხორციელება ხელს შეუწყობს აკადემიის საქმიანობის შემდგომ სრულყოფას, რაც საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის ხელშემწყობ პირობებს შექმნის და დააჩქარებს სასოფლო – სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პროცესს.

გურამ ალექსიძესსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.