საქართველოში 2019 წლიდან სამთო ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი დაიწყება

მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპული პროექტის “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ დასაწყებად, რომელიც საქართველოში სამთო ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად.

ერთობლივი პროექტი 4 წლიანია, 2019 წელს დაიწყება და ზემო სვანეთის, რაჭა – ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროქტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას.

შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესისთვის  სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება. 

პროექტის შემუშავება მოხდა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.