საქართველოში ბიოწარმოებას დიდი პერსპექტივა აქვს

დღეს გაგაცნობთ ახალგაზრდა აგრონომ  მაკა მაჭარაშვილს, რომლიც  50 ჰექტარ ვაშლისა და მსხლის ბაღებს უვლის. იგი პარალელურად კონსულტაციას უწევს შპს „აგრომაქსის“ და შპს „მდ სერვისის“ ბაღების მეპატრონეებს.

„აგრონომის გზას სკოლის დამთავრებისთანავე შეუდგა, 2007 წელს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა, როგორც თავად გვიყვება, უნივერსიტეტში ძირითადად თეორიულ განათლებას დაეუფლა, პრაქტიკულ ცოდნას, რაც ამ სფეროში მუშაობისა და წარმატებისთვის გადამწყვეტია, უნივერსიტეტში ვერ იღებდა: „იმის მიუხედავად, რომ აგრარულ უნივერსიტეტში  სწავლის პროცესში რადიკალური რეფორმები მიმდინარეობდა, პრაქტიკული სწავლება მაინც არ ტარდებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კონკურსის გავლის შედეგგდ მუშაობა  შპს „ჩირინას„ ჰოლანდიური ბაღის პროექტში დავიწყე.  აქ საშუალება მომეცა, რომ  პრაქტიკებზე ჰოლანდიის წამყვან, როგორც სანერგე, ასევე ხეხილის წარმოების მეურნეობის ფირმებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წავსულიყავი.“

მაკა აქტიურად არის ჩართული ჰოლანდიური ვახენგეიგის სწავლებებსა და ტრენინგებში, რომელიც, მნიშვნელოვნად ეხმარება გაეცნოს თანამედროვე აგროტექნოლოგიებს.

ამ ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვას რაც შეეხება,  როგორც ახალგაზრდა აგრონომი აღნიშნავს, ეს, ერთი მხრივ დაკავშირებულია საკანონმდებლო ბაზასთან, მეორე მხრივ მატერიალურ რესურსებთან, რათა ტექნოლოგიების შეძენასთან ერთად ფერმერებმა  შესაბამისი ტექნოლოგიების ეფექტიანად  გამოყენება ისწავლონ,  კვალიფიკაცია აიმაღლონ, განათლება მიიღონ: „თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე, ჩვენი აგროპროდუქტი ვერც შიდა და ვერც გარე ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. სამწუხაროდ,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ინტენსიურ  ტექნოლოგიებს ქართველი ფერმერების დიდი ნაწილი არც პრაქტიკულად და არც თეორიულად არ იცნობს“.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს და მისი მოგვარების გზებს, ახალგაზრდა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მიწის კერძო მფლობელობაში გადასვლის გაიოლების საკითხს განიხილავს, ასევე მოსაგვარებელია ფიტოსანიტარული ვითარებაც.

ბოლო დროს ქვეყანაში აქტიურდება ბიოწარმოების მიმართულება, ბევრი ფერმერი ფიქრობს თავისი მეურნეობის  ბიოწარმოებაზე გადაწყობაზე.

როგორც მაკა ამბობს, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში სასოფლო _ სამეურნეო სავარგულების მხოლოდ მცირე ნაწილია დამუშავებული, აქედან გამომდინარე, საქართველოს  ბიოპროდუქციის წარმოების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თუმცა, იკვეთება ხელისშემშლელი ფაქტორებიც.

„ბიოწარმოება მოითხოვს განათლების მაღალ დონეს, რისი მიღებაც დღეს საქართველოში შეუძლებელია, უცხოეთში სწავლა კი ძალიან ძვირია. ბიოწარმოება  უაღრესად პერსპექტიულია საქართველოში და, ალბათ, სამომავლოდ ჩვენი ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის დიდი წილი სწორედ ბიოპროდუქცია იქნება. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ეკო და ბიოპროდუქციის სერტიფიკატს გასცემს“.

როგორც მაკა ამბობს, აგრარულ დარგს საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ ახალგაზრდებს მოუწოდებს დაინტერესდნენ აგრარული დარგებით, მიიღონ საფუძვლიანი განათლება და შრომა დაუფასდებათ.

თეონა ნოზაძე,

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“