ლაგოდეხელი ფერმერი, 81 წლის შოთა ერიაშვილი წლეულს 80 ტონამდე ბატატის მოსავალს ელოდება
ბატატი, ტკბილი კარტოფილი (ლათ. Ipomoea batatas) — აბილილის გვარის გორგლიანი მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა. ტროპიკულ ქვეყნებში მოჰყავთ მრავალწლოვან, ხოლო სუბტროპიკულში ერთწლოვან კულტურად. აქვს 1-5 მ სიგრძის გართხმული ღერო, ფოთოლი მთლიანი და თათისებრ დაყოფილია. ყვავილი ვარდისფერი ან თეთრი. ნაყოფი ოთხთესლიანი კოლოფია. ბატატის ფესვები ვეგეტაციის დასასრულს წარმოქმნის სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის გორგლს, რომელიც მომწიფებისას შეიცავს 24-28% სახამებელსა და შაქარს. გორგლი იწონის 200 გრამიდან 3 კგ-მდე. ბატატის სამშობლოა მექსიკა და ცენტრალური ამერიკა.
ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში, ინდონეზიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ესპანეთში, იტალიასა და აშშ-ში. მოჰყავთ აგრეთვე თურქმენეთსა და საქართველოში — მხოლოდ საცდელ ნაკვეთებზე. ბატატის გორგლს იყენებენ საჭმელად, ამზადებენ კონსერვს, ფქვილს, სახამებელს, ბადაგს, მიწისზედა ნაწილი პირუტყვის საუკეთესო საკვებია.
საქართველოში ბატატის – იმავე ტკბილი კარტოფილის – მოყვანა დაიწყო. 81 წლის კახელი ფერმერი წლეულს აგვისტოში 60-დან 80 ტონამდე მოსავალს ელოდება. გასაღების ბაზარი უკვე მოძიებული აქვს. ცნობილია სავარაუდო ფასიც. რატომ გადაწყვიტა ბატატის მოყვანა, რისთვის გამოიყენება ბოსტნეულის ეს სახეობა და კიდევ რა გეგმები აქვს კახელ ფერმერს?
ბატატს ტკბილი გემო აქვს, გამოიყენება სხვადასხვა სახის კერძების მოსამზადებლად, იჭმევა როგორც უმი, ასევე შემწვარი, მოხარშული და გამომცხვარიც კი. ბატატის სამშობლოდ ითვლება კოლუმბია და პერუ, თუმცა ბოლო ხანების უმსხვილესი მწარმოებლები არიან ჩინეთი და ინდოეთი, ახლა კი ბატატის მოყვანა საქართველოშიც დაიწყო. ლაგოდეხში მცხოვრები 81 წლის შოთა ერიაშვილი, როგორც თავადვე ამბობს, პირველია ჩვენს ქვეყანაში, ვინც ამ ბოსტნეულის მასობრივი წარმოება გადაწყვიტა. შოთა ერიაშვილი პროფესიით ბიოლოგია. გვეუბნება, რომ აქ პირობები ბატატისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა:
„შემთხვევით ვნახეთ ინფორმაცია ინტერნეტში ტკბილი კარტოფილის შესახებ. მისი ნამდვილი სახელწოდებაა ბატატი, თუმცა ჩვეულებრივ კარტოფილთან ნათესაური კავშირიც კი არ აქვს. ჩვენ უკრაინაში ვიშოვეთ სათესლე მასალა და გამოვიწერეთ. ჩამოვიდა, დავთესეთ. მივიღეთ კარგი მოსავალი, რომელსაც ახლა მთლიანად სათესლედ ვიყენებთ“.
81 წლის ბიოლოგს, შოთა ერიაშვილს, ბატატის ნერგები საკუთარ საკარმიდამოში აშენებულ სათბურში გამოჰყავს. სათესლე მასალა, რომელიც უკრაინიდან გამოიწერა, უკვე დანერგილი აქვს და მას ღია გარემოში რამდენიმე დღეში გადაიტანს. წელს 2 ჰექტარ ფართობზე მოჰყავს. ამბობს, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და კარგი ამინდიც იქნა, დაახლოებით 60-დან 80 ტონამდე მოსავალს მიიღებს. შოთა ერიაშვილი ბატატის სასარგებლო თვისებებზეც გველაპარაკება:
„ახლა ნიადაგი მომზადებული მაქვს. წელს დაახლოებით 2 ჰექტარზე მომყავს, რისთვისაც 60-70 ათასი ნერგი გამოვიყვანე. ბატატი, ზოგადად, ძვირად ღირებული ბოსტნეულია, თუმცა, ამავე დროს, ძალიან სასარგებლო თვისებებს შეიცავს. მაგალითად, ჩვილი ბავშვების გამოსაკვებად ეს პროდუქტი არის რეკომენდებული, რადგან რძეც რომ არ ჰქონდეს დედას, მარტო ბატატის ფაფა რომ აჭამოს ჩვილს, ყველა საჭირო კალორიას მიიღებს ბავშვი“.
ვიდრე ბატატის მოყვანას დაიწყებდა, 81 წლის კახელმა ფერმერმა მისი გასაღების ბაზარი წინასწარ მოიძია. მას საქართველოში მსხვილ სუპერმარკეტების ქსელში შეიტანს. ამბობს, რომ ბატატის შესახებ საქართველოში შესაძლოა ბევრმა არაფერი იცოდეს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ბოსტნეულის ამ სახეობას დიდი პერსპექტივა აქვს. დღეს ბატატი საქარველოში მცირე რაოდენობით, თუმცა იყიდება. ის იმპორტულია და სხვადასხვა სეზონზე 5-დან 9 ლარამდე ღირს.
„ადგილზეც იყიდება მცირე რაოდენობით, თუმცა ჩემი პროდუქტი ძირითადად საქარველოში დიდ მაღაზიებში იქნება. მოთხოვნა თანდათანობით იზრდება, რადგან ჯერ მოსახლეობამ არ იცის ამ პროდუქტის შესახებ. ვფიქრობ, მომავალი წლიდან ისეთი კულტურების დანერგვას, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის. სათესლე მასალაც ნაყიდი მაქვს, თუმცა ჯერ არ ვილაპარაკებ“.
სოფლის მეურნეობის სამინიტროში გვითხრეს, რომ დღემდე საქართველოში ბატატი დიდ ფართობზე არავის მოუყვანია და ცალკეულ შემთხვევებში მხოლოდ ცდები ტარდებოდა. ბატატის პირველ მოსავალს კახეთში აგვისტოს თვეში აიღებენ. პროფესიით ბიოლოგი შოთა ერიაშვილი კი მომავალ წელს სხვა იშვიათი სახეობის ბოსტნეულის მოყვანასაც აპირებს.
წყარო: radiotavisupleba.ge