რა სარგებელს მისცემს ფერმერს ფერმერთა რეესტრში დარეგისტრაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმების და ფერმერთა რეგისტრაციას დაიწყებს.

 მთელ საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა და ორგანიზაციების _ ფერმების აღრიცხვა დაიწყება. როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, ამით შეიქმნება საინფორმაციო ბაზა, რაც გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვა მასტიმულირებელი პროექტის და პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფების უფრო ზუსტად შეირჩეს. 

პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარია და პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ფერმების და ფერმერთა რეგისტრაციის  პროექტი პასუხობს „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებას. ვალდებულება ითვალისწინებს ქვეყანაში 2018 წლის ბოლომდე ფერმების და ფერმერთა რეესტრში 100 000 ფერმის და ფერმერის  აღრიცხვას.

ფერმების და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით სააგენტოს პირველადი ინფორმაცია უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც დღემდე სხვადასხვა სახის ბაზები აქვთ შექმნილი.

მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ფერმების და ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების და ფერმების აღრიცხვას და კლასიფიკაციას მოახდენს. მიღებული ინფორმაციის გადაამოწმებს, დააზუსტებს და დაადასტურებს სააგენტო, სატელეფონო გამოკითხვის გზით.

პირველ ეტაპზე ფერმების და ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად მხოლოდ იმ პირებს დაუკავშირდებიან, რომელთაც საკუთრებაში/სარგებლობაში დარეგისტრირებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი 0,25 ჰექტარზე ნაკლებს არ შეადგენს და ამავდროულად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის, პროგრამის ბენეფიციარები არიან, ან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით სარგებლობენ.

ფერმერთა რეესტრში საკუთარი ინიციატივით დარეგისტრირების მსურველი პირები რეგისტრაციას სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით შეძლებენ, სადაც დარეკვის და საკუთარი ფერმერული მეურნეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რომელიც დადასტურდება გადამოწმების შედეგად, პირი რეესტრში ავტომატურად დარეგისტრირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.