საქართველოში შესაძლოა მეაბრეშუმეობის განვითარება დაიწყოს
საქართველოში შესაძლოა მეაბრეშუმეობის განვითარება დაიწყოს – როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმეობის ხელმძღვანელმა ნარგიზ ბარამიძემ განუცხადა, ამჟამად მათთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეაბრეშუმეობის დაფინანსებისთვის საჭირო პროექტის შექმნის პროცესი მიმდინარეობს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პროექტს ვაკეთებთ, რომ იქნებ როგორმე მეაბრეშუმეობა დაფინანსდეს. ჯერ მხოლოდ მონახაზები არსებობს, რამდენად განხორციელდება, ვერ გეტყვით, თუმცა დადებითი ძვრები არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეხვედრები გვაქვს და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. მინისტრიც დაინტერესებულია. პროგრამა არის გაკეთებული, მაგრამ ცალკეულ დარგში პროექტები ჯერ გასაკეთებელია და ალბათ უახლოეს ხანში ესეც იქნება.
ეს საკითხი ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ თუ განვითარდა, შემდგომ ფინანსებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროექტი განხორციელდა, ეს პირველ რიგში სოფლად მყოფ მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით დაეხმარება. ნარგიზ ბარამიძის განმარტებითვე, დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობა უნდა დაკმაყოფილდეს, მათ შორის, აბრეშუმის ქსოვილის წარმოებისთვის საჭირო ქარხნის მშენებლობაც.
„უნდა გაშენდეს ისევ თუთის პლანტაციები იმიტომ, რომ აბრეშუმის ჭიას გამოსაკვებად თუთის ფოთოლი სჭირდება. თუ ეს დოკუმენტი დამტკიცდა, აბრეშუმის ქარხნის მშენებლობა აუცილებელი იქნება. პირველ ეტაპზე პარკიდან ძაფის ამოსახვევი ქარხანა იქნება საჭირო, ხოლო შემდგომ ქსოვილის დასამზადებელი საფეიქრო საწარმო. ასეთი გეგმა გვაქვს და ვნახოთ, სიტუაცია როგორ წარიმართება”, – განაცხადა ქალბატონმა ნარგიზ ბარამიძემ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე,
წყარო: bm.ge