სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა  ლუის ფაორომ მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიზანია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სააგენტოს ერთობლივი ძალიხმევით მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერება და მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლება.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბებულ კოოპერატივებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მარკეტინგული  მასალების მომზადება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის ინდივიდუალური ან ჯგუფური ტრენინგების ჩატარებას .

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1102 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.