სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის რეფორმა

 2018 წლის 29 ივნისს, G4G-ის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსია, თემაზე „სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის რეფორმა“. შეხვედრა გაიმართა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში. შეხვედრაზე განიხილეს მიწის რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობა, მიღწევები და სირთულეები. მიწის რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით, ISET-მა წარმოადგინა პოლიტიკის ნარკვევი (იხ. აღნიშნულ ბმულზე), რომელიც მომზადდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების ფერმერთა ასოციაციების, ბანკებისა და ამზომველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისევე, როგორც მიწის რეგისტრაციისა და აგრარული სექტორის ექსპერტები.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა გიგლა მიქაუტაძემ (პროექტ „რეფორმეტრის“ კოორდინატორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი), რომელმაც ისაუბრა აღნიშნული კვლევის საჭიროებასა და მიზნებზე. ასევე, მოკლედ მიმოიხილა არსებული პრობლემები და ის შეზღუდვები, რომლებიც კვლევის პროცესში წარმოიშვა და უმეტესწილად დაკავშირებული იყო საჯარო რეესტრის მიერ ინფორმაციის გაუცემლობასთან, თუ რა რაოდენობის ფართობი დარეგისტრირდა რეფორმის ფარგლებში.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ პოლიტიკის ნარკვევი წარადგინა ირაკლი (რატი) კოჭლამაზაშვილმა (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე). აღნიშნული პრეზენტაციის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა გადავიდა დისკუსიის რეჟიმში, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაესვათ კითხვები ან დაეფიქსირებინა თავიანთი მოსაზრება. დისკუსიისას განხილულ ძირითადი საკითხები:

♦ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ რეფორმის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა;

♦ ასევე, მიწის რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმის ვადამ, რომელიც სრულდებოდა მიმდინარე წლის 30 ივნისს, გადაიწია 2019 წლის პირველ იანვრამდე;

♦  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის ნაკლებობა და, ასევე, რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტზე ინფორმაციის ნაკლებობა რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად, რაც აფერხებს სრულყოფილი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას;

♦ დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სპორადული მიწის რეგისტრაციის მიდგომის რისკები და მასთან შედარებით სისტემური მიდგომის უპირატესობები;

♦  ასევე, აღინიშნა, რომ უმჯობესია სახელმწიფომ სისტემური მიდგომა გამოიყენოს ჯერ, და შემდგომ სპორადული მიდგომით მოხდეს შევსებების გაკეთება;

♦ გამოიკვეთა რეფორმის პროცესში გამოვლენილი პრობლემები (როგორც ადამიანური რესურსის, ისეტექნიკური პრობლემების არსებობა). კვალიფიციური ამზომველები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილნი, არ მიდიან რეგიონებში სამუშაოდ, რადგან სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის ანაზღაურების ფასი დაბალია, ვიდრე ხარისხიანი ნახაზის გასაკეთებლად არის საჭირო;

♦ იმ შემთხვევაში, თუ სისტემური მიდგომა იქნებოდა გამოყენებული, მასშტაბის ეკონომიიდან გამომდინარე, უკვე საკმარისი იქნებოდა აღნიშნული საფასური;

♦  ამ ეტაპზე სახელმწიფო ქონების დარეგისტრირება იქნებოდა ნაჩქარევი, რადგანაც შეიძლება ამას პრობლემები შეექმნა, რამდენადაც კერძო სექტორს საკუთრებაში არსებული მიწები ჯერ სრულად არ აქვს დარეგისტრირებული, რაც გადაფარვების გამო სადაო შემთხვევებს მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. სისტემური მიდგომის შემთხვევაში კი ერთიანად დარეგისტრირდება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო მიწები;

♦ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გააზრებულ რეგისტრაციას დაახლოებით 4 წელი დასჭირდება (ცნობისათვის, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ფართობი უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში);

♦ ფაქტია, რომ საჯარო რეესტრი ვერ ამუშავებს თავის მონაცემთა ბაზებს. ამ კუთხით შესაძლებელია, საჯარო რეესტრმა კვლევით ცენტრებთან ითანამშრომლოს;

♦ მედიაციამ არ იმუშავა თითქმის 99%-ის შემთხვევაში;

♦ სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტების შეფასება ჯერ ადრეა, თუმცა გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ პილოტს ბევრი პრობლემა ახლავს თავს, რაც მიდგომების დახვეწას საჭიროებს;

♦ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი ამ რეფორმაში ნაკლებია, მასში ძირითადად ჩართულია იუსტიციის სამინისტრო;

♦ რეკომენდებულია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწის რეგისტრაციის პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, რამდენადაც, უპირველეს ყოვლისა, მის ინტერესშია დარეგისტრირებული მიწები და განვითარებული მიწის ბაზარი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების კატალიზატორი უნდა გახდეს. საჯარო რეესტრი (ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები) უნდა იყოს ტექნიკურად მიწის რეგისტრაციის განმახორციელებელი, ხოლო ინიციატივა უნდა აიღოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რათა მოვახდინოთ მიწის მთლიანი ფონდის სრულყოფილად რეგისტრაცია. ეს გრძელვადიან და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს, სადაც ყველა ნაბიჯი მაღალ ხარისხობრივ დონეზე დაიგეგმება და განხორციელდება, რადგან შეცდომების დაშვების უფლება ქვეყანას აღარ აქვს.