შეფუთული სენაჟის მცირე მექანიზაცით დამზადება მცირეკონტურიან სათიბებში

შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგია სენაჟის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

შეფუთული სენაჟის ტექნოლოგიას ის უპირატესობა აქვს, რომ საკვების ყოველი ბარდანა ჰერმეტული მინისაცავია და მისი გახსნა არ ქმნის საკვების განმეორებითი ფერმენტაციის საშიშროებას, რაც ტრანშეისა და საკვების სხვა საცავის ჰერმეტიზაციის დარღვევის შემთხვევაში გვხვდება.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას საკვების დანაკარგები საველე სამუშაოების ყველა ეტაპზე 3%-ს არ აჭარბებს.

სენაჟი საკვები ერთეულებისა და პროტეინის მაღალი გამოსავლიანობის გარდა, მიღებული საკვების ენერგეტიკული ყუათიანობით, დაბალი თვითღირებულებითა და შრომის დანახარჯების მაჩვენებლებით გამოირჩევა.

საზღვარგარეთის ქვეყნებში სათიბების დიდ მასივებში შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი გადაწყვეტილია.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის მქონე მეურნეობათა 75,2 %-ს 1-2 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს და 5 სულამდე ფური ჰყავს, თანამედროვე შეფუთული სენაჟის დასამზადებელი დიდგაბარიტიანი, მაღალი წარმადობის ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. ამის გამო მცირე მეურნეობების მცირეკონტურიან სათიბებში მაღალი კვებითი ღირებულების შეფუთული სენაჟის თანამედროვე ტექნოლოგიისა და მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამზადების საკითხი ძალზე აქტუალურია.

მცირეკონტურიან ნაკვეთებში მცირე მექანიზაციით შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგია თავიდან ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს:

— მინდორში შესასრულებელი სამუშაოები: ბალახის მოთიბვა, ოპტიმალურ ტენიანობამდე შეჭკნობა, აღება და საწნეხამდე მიტანა;

— სტაციონარულ პირობებში შესასრულებელი სამუშაოები: სასენაჟე მასის დაქუცმაცება, დაწნეხვა, ჰერმეტულად შეფუთვა და შენახვა.

შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის საწყისი ოპერაცია, ბალახის თიბვა, 5კვტ (7ც.ძ) სიმძლავრის მოტობლოკით (მაგალითად BCS P.S.A) — სათიბელათი შეიძლება ჩატარდეს (სურ. 1), რომლის წარმადობა საათში 0,3ჰა-ია, ხოლო სასენაჟე მასის დაქუცმაცება — ბალახის საქუცმაცებელ „Êóáàíåö”-ით (ელექტროძრავის სიმძლავრე -2კვტ) — 300კგ`სთ. შეფუთული სენაჟის დასამზადებელი მცირე მექანიზაციის მანქანათა კომპლექსში სიახლეა შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარი (სურ.3).

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის (პატენტი  CE P2009 4870 B) დანიშნულებაა მცირეკონტურიან სათიბებში მცირე მექანიზაციის ბაზაზე შეფუთული სენაჟის დამზადება, სადაც სათიბების დიდ მასივებში სამუშაოდ რეკომენდებული დიდგაბარიტიანი და დიდი წარმადობის მანქანების გამოყენება შეუძლებელია.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის სტაციონარულ პირობებში გამოყენება შეიძლება როგორც ცხოველის სადგომთან, ასევე მინდორში, ტრაქტორის ან მოტობლოკის სიმძლავრის ასართმევი ლილვით.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის ძირითადი კვანძები და ნაწილებია: 1 — ამძრავი; 2— შნეკი; 3— შნეკის გარსაცმი; 4— ბუნკერი; 5— უძრავი კამერა; 6 — მოძრავი კამერა; 7 — მიმმართველი; 8 — გორგოლაჭები; 9 — ლარტყა; 10 — მუხრუჭი; 11 — ზამბარა; 12-16 — ჭანჭიკები; 13 — უღელაკი; 14 — მოძრავი ლოყა; 15 — უძრავი ლოყა; 17 — ფრიქციული ხუნდები; 18 — ანჯამი; 19 — პოლიეთილენის ტარა; 20 — საკეტი; 21-22 — მოძრავი კამერის ნაწილები.

სასენაჟე მასის საწნეხი სამუშაო ორგანოს შერჩევისას არჩევანი შნეკზე გაკეთდა, რომელიც დგუშიან, ვალცებიან, რულონურ და სხვა სახის სამუშაო ორგანოებთან შედარებით კონსტრუქციული სიმარტივით და მაღალი საიმედოობით გამოირჩევა. სამუშაო პროცესის შესრულებისას ორი ოპერაცია: სასენაჟე მასის დაწნეხვა და შეფუთვა ერთ დანადგარში, ერთდროულად, უწყვეტ ნაკადში მიმდინარეობს, რის გამოც შესაძლებელია ცილინდრული ფორმის დაწნეხილი სასენაჟე მასის ბარდანის სიგრძისა და სიმკვრივის რეგულირება.

დანადგარის დაპროექტებას საფუძვლად დაედო აკადემიკოს რ. მახარობლიძის თეორიული კვლევებით დამუშავებული, დაწნეხილი ბალახეული მასის სასურველი სიმკვრივის მისაღებად საჭირო სამუშაო ორგანოს გეომეტრიული, კინემატიკური და დინამიკური პარამეტრების საინჟინრო გაანგარიშების საფუძვლები.

ელექტროამძრავი შერჩეულია შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის სამუშაო ორგანოს — შნეკის ასაძრავად და შედგება: ელექტროძრავას, რედუქტორისა და მართვის პულტისაგან. ელექტროძრავას სიმძლავრეა 5,5 კვტ, ბრუნვის სიხშირე — 1450 ბრ/წთ, რედუქტორის ბრუნვის სიხშირე გამომავალ ლილვზე 72 ბრ/წთ-ია, ამძრავი შნეკთან დაკავშირებულია ქუროთი.

შნეკი  — შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის ძირითადი სამუშაო ორგანოა. მისი დანიშნულებაა, სასენაჟე მასის მიმღები ბუნკერიდან 4 მოძრავ კამერაში 6 სასენაჟე მასის მიწოდება და დაწნეხვა. შნეკი ცილინდრული ფორმისაა და აქვს ცვალებადი ბიჯი. ბიჯის ზომა იცვლება 350, 320, 270, 260 მმ. ზღვრებში. შნეკის სამუშაო ბრუნვის სიჩქარეა 72 ბრ/წ, დიამეტრი — 350 მმ, სიგრძე — 1300 მმ. შნეკი ჩასმულია 400 მმ. დიამეტრის გარსაცმში. შნეკის გარსაცმზე მიდუღებულია სასენაჟე მასის მიმღები ბუნკერი (4), ხოლო მის გასწვრივ გაგრძელებაზე დამაგრებულია შნეკის გარსაცმის (3) დიამეტრის, ცილინდრული ფორმის უძრავი კამერა (5).

შეფუთული სენაჟის დამზადების საწყის ეტაპზე, უძრავ კამერაზე (5) წამოაცვამენ პოლიეთილენის ტარას (19) და მოძრავ კამერას (6).

მოძრავ კამერაში (6) უძრავი კამერიდან (5), შნეკის (2) დაწოლის შედეგად, სასენაჟე მასით შევსების მიხედვით შედის პოლიეთილენის ტარა (19), რომლის შევსების პროცესში წარმოიქმნება ამ კამერის ფორმისა და გაბარიტული ზომების ბარდანა.

მოძრავი კამერა (6) წარმოადგენს სიგრძეზე სამ ნაწილად გაჭრილ ცილინდრს და შედგება 3-ე სურათის (21) და (22) პოზიციების ფორმის ნაწილებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან სახსრულადაა შეერთებული ანჯამებით (18) და ჩაკეტილია საკეტით (20). მოძრავი კამერის დიამეტრი არის 430 მმ, სიგრძე — 600 მმ. მოძრავი კამერის ერთი მხარე დახშულია, რომელზეც ლარტყაა (9) დამაგრებული.

მუხრუჭის (10) დანიშნულებაა დაწნეხვის პროცესში ლარტყაზე (9), წინასწარ მოდებული სამუხრუჭე ძალის ზემოქმედებით, მოძრავ კამერაში (6), სასენაჟე მასის დაწნეხვის სიმკვრივის რეგულირება.

მუხრუჭი დანადგარის მოძრავი კამერის (6) დახშულ ძროსთან, გარედან გაგრძელებაზე დაკავშირებულია ლარტყით (9), რომლიც მოქცეულია ფრიქციულ ხუნდებს (17) შორის.

სამუშაო პროცესის დაწყების წინ ჭანჭიკები (12) და (16) ამოხრახნილია და ფრიქციული ხუნდები (17) და ლარტყა (9) თავისუფალია ზამბარების (11) დაწოლისაგან. ჭანჭიკის (16) უღელაკში (13) ჩახრახნით ზამბარები (11) შეიკუმშება და გაიზრდება დრეკადობის ძალის დაწოლა ფრიქციულ ხუნდებზე და სათანადოდ ლარტყაზე, რაც მოძრავ კამერაში (6), სასენაჟე მასით შევსების პროცესში არსებულ ბარდანაში, გამოიწვევს სიმკვრივის, სამუხრუჭე ძალის პროპორციულად გაზრდას.

ჭანჭიკის (12) უძრავ ლოყაში (15) ჩახრახნით ფრიქციული ხუნდები (17) და ლარტყა (9) განთავისუფლდება ზამბარების დაწოლისაგან .

მოძრავ კამერაში (6), პოლიეთილენის ტარაში (19) დაწნეხილი სასენაჟე მასის ოპტიმალური სიმკვრივის სიდიდის შესაბამისი დამუხრუჭების ძალა ექსპერიმენტით დადგენილი 3.5…4.0 კნ-ის ზღვრებში იცვლება.

სენაჟის საფუთავი ტარა (19): (სურ.3) სხვადასხვა პირობებში ჩატარებული ცდებით დადგენილია, რომ პოლიეთილენის ფირში შეფუთული ბალახოვანი საკვების ფერმის ტერიტორიაზე, საძროხესთან ახლოს კომპაქტურად შენახვისას გამოირიცხება საკვების ის დანაკარგები, რაც გვხვდება ფერმიდან დაცილებული საცავებიდან (კოშკი, ტრანშეა) დაკონსერვებული საკვების გადაზიდვის დროს.

საკვების გარანტირებულად შენახვის მიზნით საფუთავმა მასალამ შეფუთული საკვების ჰაერისგან სრული იზოლაცია უნდა უზრუნველყოს.

აღმოჩნდა, რომ პოლიეთილენის ფირი დროთა განმავლობაში ჰაერს ატარებს, რის გამოც ჰერმეტულად შენახვის მიზნით დაწნეხილ საკვებს 4-6 ფენა პოლიეთილენის ფირით ფუთავენ. ფენათა რაოდენობა დამოკიდებულია ბალახის სახეზე, ტენიანობაზე, რულონების ან ბარდანების დაწყობის, შენახვის პირობებსა და ხანგრძლივობაზე. შეფუთული სენაჟის შენახვის მაქსიმალური ხანგრძლივობა ორი წელიწადია.

საქართველოს კლიმატური პირობებისა და ცხოველის შენახვის ტექნოლოგიიდან გამომდინარე, შეფუთული სენაჟის ბარდანას შენახვის ვადა 10-12 თვეა და სრულიად საკმარისია 3-4 ფენა პოლიეთილენის ფირით დამზადებული შესაფუთი ტარა.

პოლიეთილენის ფირის ჰერმეტულობა ძირითადად დამოკიდებულია გარემოს ჰაერის ტემპერატურაზე. რაც მეტად თბება რულონი მზის სხივების ზემოქმედებით, მით მეტია მისი ჰაერგამტარობა.

სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ფირი სხვადასხვანაირად რეაგირებს გამოსხივებაზე, რის გამოც რულონის ტემპერატურაც განსხვავებულია. მუქი ფერის ფირი მეტად ცხელდება, რაც ზრდის მის ჰაერგამტარობას, ამიტომ საჭიროა ფირი იყოს თეთრი ან ღია მწვანე ფერის.

ბარდანას შესაფუთავი პოლიეთილენის ტარის ზომები დამოკიდებულია შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის უძრავი კამერის დიამეტრზე (430მმ) და სიგრძეზე (600მმ). მიღებული ბარდანას მასა (27-35კგ) შეესაბამება 2 ფურის სადღეღამისო რაციონით გათვალისწინებული სენაჟის მაქსიმუმს.

შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის მანქანათა კომპლექსი არ განიხილება სენაჟის საფუთავი ტარის პოლიეთილენის მასალის გარეშე. პოლიეთილენის ფირის ხარისხი განსაზღვრავს შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის ძირითადი მოთხოვნის შესრულებას, კერძოდ, სენაჟის საწყისი ხარისხის შენარჩუნებას არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. უხარისხო საფუთავი მასალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიის არსის სრული დისკრედიტაცია, ამიტომ სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა საფუთავი პოლიეთილენის ფირის დამამზადებელი ფირმის შერჩევას. არ შეიძლება ამ საქმეში ნაკლებად ცნობილი ფირმის ჩართვა.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად: სასენაჟე მასის მიმღებ ბუნკერში (4) (სურ. 3) ჩაყრილი, 45-55% ტენიანობამდე შემჭკნარი და დაქუცმაცებული სასენაჟე მასა ამძრავის (1) ჩართვის შემდეგ შნეკით (2) მიეწოდება უძრავ კამერაში (5) და იწყება მისი პოლიეთილენის ტარაში (19) დაწნეხვის პროცესი. პოლიეთილენის ტარა (19), სასენაჟე მასით შევსების მიხედვით, შნეკით განვითარებული დამწოლი ძალით, შიგნიდან აწვება მოძრავი კამერის (6) დახშულ ძროს და მასთან დაკავშირებულ ლარტყას (9).

ლარტყა (9) მუხრუჭის ფრიქციული ხუნდებით (17) დამუხრუჭებულია წინასწარ დადგენილი (4კნ) სამუხრუჭე ძალით. დამწოლი ძალა ცდილობს სამუხრუჭე ძალის დაძლევას, რაც განაპირობებს დაწნეხილი სასენაჟე მასის სიმკვრივის გაზრდას. სამუხრუჭე ძალის დაძლევის შემდეგ მოძრავ კამერაში (6) გადასული პოლიეთილენის ტარა (19), უცვლელი სამუხრუჭე ძალის პირობებში, აგრძელებს შევსებასა და მოძრავი კამერის (6) მიმმართველებზე (7) გადაადგილებას მანამ, სანამ მოძრავი კამერა (6) არ გამოვა უძრავი კამერის არედან.

მოძრავი კამერის (6) უძრავი კამერის არედან გამოსვლა იმის ნიშანია, რომ პროცესი დამთავრდა.

ოპერატორი გახსნის მოძრავი კამერის (6) ჩამკეტს (20) და იღებს დაწნეხილ და შეფუთულ ბარდანას, ამოწმებს მის ჰერმეტულობას და გზავნის შენახვის ადგილზე, ხოლო მოძრავ კამერას ხელით გააგორებს მიმმართველებზე და დააბრუნებს საწყის მდგომარეობაში პროცესის თავიდან დასაწყებად.

ექსპერიმენტების შედეგებით: 4კნ ძალით დამუხრუჭებისას დაქუცმაცებული სასენაჟე მასის სიმკვრივე 400კგ/მ3-ზე მეტია, რაც 25%-ით აჭარბებს ანალოგიურ პირობებში დაწნეხილი დაუქუცმაცებელი სასენაჟე მასის სიმკვრივეს.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის წარმოებაში დასანერგად საჭირო ეტაპების გავლის შემდეგ სტაბილური დამუხრუჭების ძალის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დანადგარის სამუხრუჭე სისტემის კორექტირება და პოლიეთილენის მასალით რამდენიმე ფენიანი სენაჟის საფუთავი ტარის დამამზადებელი მაღალი პროფესიული დონის ფირმის შერჩევა.

აღნიშნული ღონისძიების ჩატარება უზრუნველყოფს შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის წარმოებაში შეუფერხებელ მუშაობას.

რეზო რუსიეშვილი, ვასილ მოთიაშვილი, ტარიელ უშარიძე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი