შუაფხოში რძის გადამმუშავებელი თანამედროვე საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მაღალმთიანი რეგიონების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის“ ფარგლებში  უკანა ფშავში, დაბა შუაფხოში რძის გადამმუშავებელ თანამედროვე საწარმოს ააშენებს.

„საწარმოსათვის შეიძენს 200 ათასი ლარის ტექნიკას. საწარმოს შემოსავალი პირველ წელიწადს 300 ათას ლარს მიაღწევს. ექვსი წლის თავზე კი _ 2 მილიონს“ – ამის შესახებ  დღეს საზოგადოებრივი არხზე, გადაცემა „ეკონომეტრში“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა განაცხადა. ტექნიკურად აღჭურვილი საწარმო ადგილობრივ კოოპერატივს, რომელსაც მინიმუმ 11 ფერმერი შექმნის, უსასყიდლოდ გადაეცემა.

მსგავსი საპილოტე პროექტები „სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის“ ფარგლებში მაღალმთიანი რეგიონების 24 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროგრამის ღირებულება 6 მილიონი ლარია.

პროგრამის მოსალოდნელი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შესახებ საუბრისას გელა ხანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს უკანა ფშავში არსებული 24 ათასი ჰექტარი საძოვრის გამოყენება თითქმის ვერ ხერხდება და აქ ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ 600 სული საქონელი ყავს, მაშინ, როდესაც ასეთი რესურსით 15 ათასი სულის გამოკვება შეიძლება. საპილოტე პროგრამამ ბიძგი უნდა მისცეს მესაქონლეობის განვითარებას და უკანა ფშავის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას.

„ ეს კუთხე  დღეს ძირითადად სოციალური დახმარებით თუ არსებობს, რამდენიმე წელიწადში მას თვითონ შეეძლება ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვა, რადგან პროგრამის ფარგლებში შექმნილი კოოპერატივები შემოსავლების გაზრდის შემდეგ თვითონ გახდებიან დამკვეთები და შექმნიან სამუშაო ადგილებს, რაც მთაში მოსახლეობის დამაგრებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა გელა ხანიშვილმა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების 6 მილიონიანი პროგრამის“ ამოქმედების შესახებ დადგენილება მთავრობის სხდომაზე გასულ კვირასა მიიღეს.

ლელა კურდღელაშვილი

პროდიუსერი

წყარო: http://1tv.ge/ge/news/view/163021.html#news/tags/შუაფხო

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.