სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

 საქართველოს მთავრობის 50-მდე წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და გახორციელების პრაქტიკის შესახებ, რომელიც თბილისსა და ბორჯომში, 11-14 ოქტომბერს ჩატარდა.

 საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მდგრადი სოფლის განვითარების მთავარ კონცეპტუალურ საკითხებზე, გაეცნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებს, სოფლის განვითარების პროგრამების დაგეგმივსა და წარმართვის პროცესს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებაში დაინტერესებულ მხარეთა როლს და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.

ტრენინგ-სესიებზე, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სოფლის განვითარების პოლიტიკის პრაქტიკულ ასპექტებს, კერძოდ: სოფლის განვითარების პროგრამების ეფექტურობის გაზრდა, განხორციელების სინერგიისა და ეფექტიანობის მიღწევა, დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური და კრეატიული დიალოგის ფასილიტაცია, ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თემებთან კავშირების გაძლიერება.

მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების მმართველობასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე; ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო მოქმედებებზე და თითოეული მათგანის კონტრიბუციასა და როლზე როგორც პერსონალურ ისე ინსტიტუციურ დონეზე.

ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავდა შესაბამისი საჯარო უწყებების მოხელეთა ცოდნის გაღრმავებას სოფლის განვითარების საკითხებში, სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ თემატურ მუშაობაში ჩართული უწყებების ადამიანური და ინსტიტუტციური შესაძლებლობების გაძლიერებას ინკლუზიური პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობით.

 ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.

საქართველოში პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება და 2013-2019 წლებისათვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს.

პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

წყარო: www.enpard.ge