სოფლის მეურნეობაში საქმიანობა რისკიანია და დაზღვეა ზარალის შემცირების საუკეთსო გამოსავალია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის რაიონში სეტყვით დაზარალებულ ფერმერებთან შეხვედრა გამართეს.
„დაზარალებულთა დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 2014 წლიდან ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამას ვახორციელებთ და მუდმივად ვაფრთხილებთ ფერმერებს, რომ რისკების შემცირების ერთადერთი გზა დაზღვევაა. სახელმწიფო სოლიდურ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის. ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ია; ვაზზე 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგრარულ დარგში საქმიანობა რისკიანია. დღესაც იმავეს გავიმეორებ, დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც ამ რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაზარალებულ ფერმერებს გარკვეული დახმარება შესთავაზა, კერძოდ: სეტყვით დაზარალებულ მეურნეებს ყოველ ჰექტარ დაზიანებულ ფართობზე გადეცემა 200 ლარიანი ვაუჩერი, დაზარალებული ფერმერები მიმდინარე სეზონზე სრულად განთავისუფლდებიან სარწყავი წყლის გადასახადისგან, რომელიც ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს, სამინისტრომ უკვე იშუამდგომლა ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და შეთანხმებასაც მიაღწია, რომ დაზარალებულ ფერმერებს აღებული სესხები გადაუვადდეთ, ასევე იგეგმება დახმარების, დონორული პროგრამის ამოქმედება.
_ ზარალი ძალიან დიდია და შესაბამისად ემოციური ფონიც მაღალია მოსახლეობაში, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ _ აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის, თუმცა, ჩვენც შეზღუდული ვართ რესურსებში და გარდა იმ შეთავაზებისა, რაც დღეს შევძელით.
იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პროექტების განხორციელება მოხდება, მათ შორის, იქნება დონორული მხარდაჭერა. ასევე, ამ ეტაპზე პრიორიტეტია მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებების გადაწყვეტა, დაზიანებული ნარგავების გადარჩენა.
შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით ვმსჯელობთ დამატებით პროექტებზე, რაც მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებულ ზიანს გარკვეულწილად შეუმსუბუქებს.
როგორც ცნობილია, სეტყვამ სხვადასხვა სახის ზარალი გორის რაიონში 30-მდე სოფელს მიაყენა, ფერმერებს მთლიანად ან ნაწილობრივ გაუნადგურდა ხეხილი, ბოსტნეული, მარცვლეული კულტურები.
ფერმერთა ნაწილი მთავრობის შეთავაზებით უკმაყოფილოები არიან და ისინი ზარალის ანაზღაურებას აგროდაზღვევის თანამონაწილეობის პროგრამით გათვალისწინებული პროცენტით ითხოვენ.