სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პერიოდულად მართავს შეხვედრებს ახალგაზრდებსა და ლაბორატორიის სპეციალისტებს შორის.

ამჟამად, სადიაგნოსტიკო დეპარტამენტების საქმიანობის დეტალურად გასაცნობად, ლაბორატორიას მომავალი ვეტერინარები, ფიტოსანიტრები და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები ესტუმრნენ.

დარგის სპეციალობების მიხედვით, ტემპუსის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის  და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს პერმანენტულად უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.

სალომე ქარელი