სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი: ღირებულებათა ჯაჭვი და საექსპორტო პოტენციალი

საქართველოს კლიმატური პირობები მრავალი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა, თუმცა საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უმრავლესობას  უჭირს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე კონკურენციის გაწევა.

პროდუქციის დაბალ კონკურენტუნარიანობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის დაბალი მოსავლიანობა, სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა სუსტი ჯაჭვი, მიწის მაღალი ფრაგმენტაცია და მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამას გარდა პროდუქციის დაბალი ხარისხი, არასტანდარტულობა და შესაბამისი სერთიფიკატების უქონლობა პროდუქციის გასაღებისთვის მხოლოდ „ნაცნობ“ ბაზრებს ტოვებს ხელმისაწვდომს (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით კი რუსეთი), რომლებიც მეტად არაპროგნოზირებადია.

საექსპორტო ბაზრების სასურველ ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ მაღალშემოსავლიანი და სტაბილური ევროკავშირის ბაზარი, სადაც გარკვეული სახის ბარიერები მოიხსნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით. აღნიშ­­ნული ხელშეკრულება საქართველოს სხვა გარე მიმწოდებლებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა, ევროკავშირის ბაზარი ნებისმიერი მომწოდებლისგან ელოდება მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც სერთიფიკატებით დადასტურებული შესაბამისი სტანდარტების დაცვითაა ნაწარმოები. აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება ქართველი მწარმოებლებისთვის ზრდის პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ხარჯებს და ამცირებს კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას ევროკავშირის ბაზარზე.

მოცემული კვლევის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების შესახებ. მათ შორის, სექტორის ფართო პრობლემატიკისა და საექსპორტო პოტენციალის, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის და მასზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების შესახებ. ნაშრომს საფუძვლად უდევს 2017-18 წლებში საქართველოს 7 რეგიონში სპეციალურად შერჩეული 7 პროდუქტის1  საექსპორტო პოტენციალისა და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი და წარმოადგენს მიღებული შედეგების ერთგვარ განზოგადებას მთლიან სოფლის მეურნეობის სექტორზე.

მოცემული ნაშრომის პირველ თავში განხილულია საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემები, რასაც მეორე თავში მოჰყვება საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისა და საექსპორტო პროდუქტების მოკლე მიმოხილვა, მათ შორის განხილულია ევროკავშირის ძირითადი საიმპორტო პროდუქტები.

მესამე თავი მიმოიხილავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მეოთხე თავში მოჰყვება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში შეტანის პოტენციალისა და პრობლემების შესახებ შემაჯამებელი მიმოხილვა.

მეხუთე თავში მკითხველს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია საქართველოში სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის შიდა რგოლების (ნედლეულის მომწოდებლები, ფერმერები და საოჯახო მეურნეობები, კოოპერატივები, შუამავლები, ბაზრები და მარკეტები, ექსპორტიორები, ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლები) და მასზე მოქმედი გარე ფაქტორების (ასოციაციები, საკონსულტაციო ცენტრები, განათლების შესაძლებლობები, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო და დონორო ორგანიზაციები) შესახებ.

მომდევნო თავში შეჯამებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ის  საფრთხეები და გამოწვევები რომელიც მოცემულია  სექტორში. მეშვიდე თავი კი აჯამებს იმ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ დაინტერესებულმა მწარმოებლებმა კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

ნაშრომი ვრცლად იხილეთ თანდრთულ ფაილში