SOS! _ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება იკლებს
პოლიტიკურ ორომტრიალშიც არ უნდა დაგვავიწყდეს სოფლის მეურნეობის ის დარგები, რომლებიც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
ერთ-ერთი ასეთი დარგია ხორცის წარმოება, განსაკუთრებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, რომლის რაოდენობაც ქვეყანაში ყოველწლიურად მცირდება, სოფლებში სიდუხჭირის გამო, უმეტესწილად ყიდის პირუტყვს.
რამდენიმე წლის წინათ კი მცირე ფერმერებს გარკვეულ კონდიციამდე მიჰყავდათ ახალმოგებული ხბოები და გაყიდვების პროცესი დროში გახანგრძლივებული იყო, რაც თავისებურად ბუნებრივ მარაგს ქმნიდა ქვეყნისთვის. 600 ათასზე მეტი ფურის არსებობა ქაოსურად აყალიბებდა სახორცე მიმართულებას და ბაზარიც ვერ გრძნობდა ფასების რყევას, მაგრამ პირუტყვის გაყიდვების ასაკი შემცირდა, ძროხების რაოდენობა იკლებს, ძროხის ხორცი გადადის დეფიციტში, ამიტომ თუ ქვეყანაში ვერ შევქმნით ინდუსტრიულ ხორცის წარმოებას, გავხდებით ძროხის ხორცის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა.
იმპორტირებული ხორცი კი ხარისხიანი ვერ იქნება, რადგან თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას შიდა მოხმარებისთვის სჭირდება ხარისხიანი ხორცი. ასეთი ხორცის იმპორტი კი ძვირია.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, განავითაროს პირუტყვის ხორცის წარმოების ინდუსტრია, 200-მდე ფერმერს (ან კოოპერატივს) შეუძლია გარდატეხა შეიტანოს ხორცის წარმოების ინდუსტრიაში.
პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ მოთხოვნა ხარისხიან ხორცზე და ეს მოიტანს განვითარებას, სხვადასხვა უწყებების მიერ გამოცხადებული ხორცზე მოთხოვნა უნდა ეყრდნობოდეს ხორცის მაღალ ხარისხს და არა – დაბალ ფასს.
აუცილებელია შევიმუშაოთ პირუტყვის ხორცის სტანდარტები და დახლებზე კატეგორიებად იყიდებოდეს. მაღალხარისხიანი ხორცის სერტიფიცირების სისტემა უნდა ხდებოდეს სახელმწიფო დონეზე, რის შემდეგაც ხარისხზე მომუშავე ასოციაციებმა უნდა გაამკაცრონ მოთხოვნები (მსოფლიო ტენდენცია გამკაცრებაზეა ორიენტირებული).
გთავაზობთ „ახალი აგრარული საქართველოს“ № 4-ში გამოქვეყნებულ სტატიას: „მსოფლიო ხორცის წარმოება – საქონლის ხორცის წარმოება საქართველოში – რეალობა და პერსპექტივა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მიხეილ ჭიჭაყუა
ასოციაცია „მომავლის ფერმერი“
მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელი