სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თხილის ლურჯი მოცვით ჩანაცვლება მცდარი ნაბიჯია
არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველო თურქეთის შემდეგ მსოფლიოში თხილის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო რომელსაც წელიწადში საექსპორტოდ 200 მილიონადე აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაჰქონდა. ეს კულტურა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რიგ რაიონებს კვებავდა, მაგრამ 2017 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი მკვეთრად დაეცა აზიური ფაროსანას შემოსევის გამო, რომლმაც მეთხილეები ფაქტობრივად უშემოსავლოდ დატოვა. ის თხილი კი რისი შეგროვებაც ფერმერებმა მოახერხეს, ძალზე დაბალი ხარისხის იყო.
ამის შესახებ 2019 წლის პირველ ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე _ „კაკლოვანი კულტურები საქართველოში, წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი”, ექსპერტებმა ვრცლად ილაპარაკეს (კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროექტების ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა).
ზოგიერთმა ექსპერტმა კონფერენციაზე გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება თხილის წარმოება საქართველოში უწინდელ დონემდე აღარ განვითარდეს, რადგან მოცემულ მომენტში ბევრი ფერმერი თხილის პლანტაციებს ლურჯი მოცვი ანაცვლებს, იმ მიზეზით, რომ აზიური ფაროსანა ლურჯ მოცვს არ აზიანებს. მეორე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, კენკროვანი კულტურების გაშენების მიმართ მთავრობის უპრეცენდენტო ყურადღება და ფინანსური დახმარებაა, რაც სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ ხორციელდება.
სახელმწიფო ფერმერებს კენკროვანთა ნერგების ღირებულებას 70%, ხოლო 50%-ით წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებას უფარავს. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების, მაღალმთიანი დასახლებების და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ფერმერებს სახელმწიფო კიდე უფრო დიდ სუბსიდიას აძლევს.
ამის მიუხედავდ, ბევრი სპეციალისტი, მათ შორის ფერმერებიც, ფიქრობენ, რომ თხილის ლურჯი მოცვით ან სხვა კენკროვნებით ჩანაცვლება არ ღირს, რადგან ეს ბიზნესის სრულიად სხვადასხვა სეგმენტებია. თხილის შენახვა და რეალიზაცია იოლია, კენკრა კი მალფუჭებადი პროდუქტია, ის ჯერ სათუთად უნდა მოიკრიფოს, გარკვეულ ტემპერატურაზე გაცივდეს, დაფასოვდეს და სწრაფად გაიყიდოს. მცირე ფერმერთა უმრავლესობას კი ლურჯი მოცვის, ან სხვა კენკრის გასაციებელი, დასაფასოებელი და გადასამუშავებელი ინფრასტრუქტურა არ აქვს, მეტიც, მას არ აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება როგორ გაყიდოს კენკრა. ამდენად ეს ბიზნესი უფრო თავსმოხვეული პრობლემებია, რომელიც არ იცის ჩვენმა გლეხმა როგორ მოაგვაროს. მაშინ როცა ლურჯი მოცვის მოყვანა არცთუ მარტივი საქმეა და მისი ექსპორტზე გატანა უფრო რთულია.
ამ საქმიდან, ლაპარაკია ლურჯ მოცვზე, როგორც კონფერენციაზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ჯერ-ჯერობით ფულს ისინი შოულობენ, ვისაც ნერგები ევროკავშირის ქვეყნებიდან და უკრაინიდან შემოაქვთ, თუმცა ბოლო პერიოდში ლურჯი მოცვის პოპულარული ჯიშების ნერგების წარმოება ადგილობრივმა მეწარმეებმაც დაიწყეს.