სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა, რომლის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა

გუშინ, 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა.

პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ.

,,ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით და საუკეთესო გემოვანი თვისებებით გამოირჩევა“_ განაცხადა კომპანიის დირექტორმა ლუის სანზ კასადომ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა აღნიშნა:  ,,ეს პროექტი იქმნება ქართველი ფერმერების ჩართულობით, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერით აუშენდებათ ფერმები, რათა რაც შეიძლება მეტი ღორის მოშენება შეძლონ. შემდეგ კი მათგან გარანტირებულად მოხდება ღორების შეძენა”. მისივე თქმით, მათ რაჭაში უკვე ააშენეს სანაშენე ფერმა და 500 ქართული ღორი ჰყავთ; სამომავლოდ საქართველოს 9 რეგიონში იგეგმება ფერმების აშენება.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ბევრი ქართველი ჩაერთვება პროექტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.