სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 კომპანიას რძის პროდუქტების საწარმოო პროცესი შეუჩერა

 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებელი, გადამმუშავებელი და რეალიზაციის სფეროს 424 საწარმო შეამოწმა. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 საწარმო, მათგან 11-ს უხეში დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.

საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის რძის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაც.

ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24  საწარმო. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსასაზღვრად აღებულია 105 ნიმუში; Listeria monocytogenes-ის კვლევაზე _ 120, ხოლო სალმონელაზე _ 255 ნიმუში. მნიშვნელოვანია, რომ  ამ მხრივ დარღვევა არ გამოვლენილა.

რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, დასახელება „ყველი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგ.: რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის” მითითება დაუშვებელია.

ცვლილებები შეეხო ასევე „შემცირებული ცხიმის შემცველობის კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელია იმ დროს თუ კარაქში რძის ცხიმის შემცველობა  39%-ზე ნაკლების და 79% -ზე მეტი არ არის.

ტერმინი- კარაქის» გამოყენება დაუშვებელია ეტიკეტზე, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებაში  რძის ცხიმის გარდა გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი.

რძის ტექნიკური რეგლამენტი იცავს როგორც მომხმარებლის უფლებას, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.