სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის ნორმის შესახებ დადგენილება ძალაში შევიდა

2017 წლის პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა დადგენილება სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმის შესახებ. „ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შესახებ, დაკავშირებით, შემუშავდა სამეცნიერო დასკვნა და რეკომენდაციები, რის საფუძველზეც მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებით განისაზღვრა სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმა, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.


ახალი რეგულაციის მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გრ. მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა საკვები ტრანსცხიმს არ უნდა შეიცავდეს.

აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში,  ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათი ამოიღოს რეალიზაციიდან და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 1000 ლარით. ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის მიზნით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის 136 ნიმუშს აიღებს.

ტრანსცხიმი არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივიჰიდროგენიზაციის დროს. ხშირად იყენებენ რძის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად, მარგარინში, სპრედში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმში, სწრაფი კვების პროდუქტებში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი რეგულაცია, რომელიც სურსათში ტრანსცხიმების დაშვებულ ნორმას განსაზღვრავს, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში უკვე დადგენილია ტრანსცხიმების ზღვრული ნორმები სურსათში და მიიღეს შესაბამისი კანონები. ეს ქვეყნებია: დანია, ნორვეგია, ირლანდია, უნგრეთი, ავსტრია და შვეიცარია.

ევროპის ქვეყნებში ტრანსცხიმების რეგულირების შესახებ კანონის მიღებისა და ტრანსცხიმების უარყოფითი ზემოქმედებაზე მოსახლების ინფორმირებულობის შედეგად, მწარმოებლები იძულებული გახდნენ შეეცვალათ წარმოების ტექნოლოგია ისე, რომ საბოლოო პროდუქტში ტრანსცხიმების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტი არ ყოფილიყო.

წყარო: http://commersant.ge/?view=post&id=129723&lang_id=ge