ტაშისკარის ისტორიული სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ტაშისკარის არხი (დოღლაურის არხი) საინჟინრო სარწყავი სისტემა შიდა ქართლში, სოფელ ტაშისკართან,  მდინარე  მტკვრის მარცხენა ნაპირზე იწყება და  აღმოსავლეთისკენ, უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, სოფელ ზემო შაქშაქეთთან კვეთს მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს და მთავრდება სოფელ ბრეთის მახლობლად.

არხის სიგრძე 62 კილომეტრია, წყლის ხარჯი 12,0 მ³/წმ. ამოქმედდა 1959 წელს. რწყავდა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სავარგულებს _ 10 ათას ჰექტარზე მეტი მოცულობის სავარგულს.  

შიდა ქართლში შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის, რომელიც წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული, რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარეობს სათავე ნაგებობის და წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაცია.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული წყალმიმღები კვანძის, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მათი მექანიკური აღჭურვილობის სრულად აღდგენა. გალერეის სარეგულაციო კვანძის, სარქველიანი ფარებისა და ამწე მექანიზმების რემონტი.

აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, გამანაწილებელი არხის 5კმ სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი მონოლითური ბეტონით, ხოლო ფერდები რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება.

დაგეგმილია წყალგამშვები კვანძების და საექსპლუატაციო გზის მოწყობა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე სარწყავი წყლის მიწოდება 380 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბებნისის და ურბნისის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.