თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გახსნა.

WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი – მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი.

გამოფენაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.

საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯიაში“ იმართება.

WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

წლეულს გამოფენაზე პირველად მონაწილეობენ საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის The Wine & Vine Innovation Cluster Inno’Vin-ის ორგანიზატორები. საკუთარ სტენდზე ფრანგი სტუმრები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ.

გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.

13 ივნისს, მე-11 ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში, 11-12 ივნისს ჩატარდა. კონკურსზე 81 კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 300-მდე ნიმუში იყო წარდგენილი .

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველ ღვინის სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალები: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ალისტერ კუპერი (დიდი ბრიტანეთი), მარჩელო რეტამოლი (ჩილე), მეთიუ რობერტ ვილკინი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი დაქიშვილი, ნიკა აღდგომელაშვილი და მიხეილ მესხი შედიოდნენ.

ავტორი – ილია კილაძექეთო სვანაძე