თევზჭერის საზაფხულო ფესტივალი რუსთავში
სპორტულ თევზჭერაში რუსთავის საზაფხულო ფესტივალში მონაწილეობა ხობელმა ცაბუნია ვართაგავამ მიიღო. ის ღია ტურნირის ერთადერთი ქალი მონაწილე იყო და წამახალისებელი თასიც გადასცეს.
სამოქალაქო აქტივისტი და „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი წლებია მოყვარული მეთევზეა, ოფიციალურ ტურნირში კი პირველად მიიღო მონაწილეობა. ცაბუნია ვართაგავასთვის თევზჭერა დასვენების საუკეთესო საშუალებაა:
„თევზის ჭერის პროცესი მიყვარს, იმიტომ რომ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს ისვენებ, გონებას ათავისუფლებ. თევზჭერას არ ვუყურებ როგორც საკვების მოპოვებას, საერთოდ არ ვჭამ თევზს. პროცესია საინტერესო. ბევრი რაღაც უნდა გათვალო, უნდა კონცენტრირდე თევზზე, რა მეთოდით უნდა ითევზავო, რაზე მოვა. დაჭერაც მაგარი ადრენალინია, რომ მოქაჩავს ანკესს, ზუსტად უნდა იცოდე როდის ამოიყვანო ისე, რომ არ დააზიანო“, – უთხრა „ლაივპრესს“ ცაბუნია ვართაგავამ.

სპორტული თევზჭერის ფესტივალში მონაწილეობა ჯამში 69 მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო. ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა, თასი და მედლები კი გამარჯვებულებს.
ფესტივალი საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 23 ივნისს, რუსთავის პარკის ტბაზე ჩატარდა.

ღია ტურნირის მიზანი საქართველოში სპორტული თევზჭერის პოპულარიზაციაა.