თირკმლის ჩაი _ (Orthosiphon Stamineus)
თირკმლის ჩაი მარადმწვანე, ტროპიკული წარმოშობის, ძლიერ დატოტვილი, ნახევრად ბუჩქი ან ბუჩქი მცენარეა, ველურ მდგომარეობაში იგი 1,5 მ სიმაღლის იზრდება, კულტურაში 50-70 სმ-ს არ აღემატება. იგი მიეკუთვნება ტუჩოსებრთა ოჯახს და ენათესავება ოციუმის გვარს.
საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში საკმაოდ კარგად ცნობილი სამკურნალო მცენარეა, მისი სამშობლოა და გავრცელებულია ბუნებრივად: ინდონეზიაში, ინდოეთში, ფილიპინების კუნძულებზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში.
ჩვენს ქვეყანაში თირკმლის ჩაიზე პირველი ცნობები 1939 წელს, სოხუმში ჩაუტარებიათ. 1959 წელს ქობულეთში გააშენეს პლანტაციაც, ის ასევე მოჰყავდათ ხობის რაიონის შუა ხორგის სპეციალიზირებულ მეურნეობაში.
თირკმლის ჩაი ფართოდაა გამოყენებული მრავალი ქვეყნის მედიცინაში, მათ შორის აშშ-ში, ინდოეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. მისი დადებითი განმკურნებელი თვისება აღნიშნულია ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა: გულსისძარღვების, თირკმლების და შარდსადინარი გზების, საკვებმომნელებელი ორგანოების და სხვა დაავადების სამკურნალოდ. ორგანიზმიდან გამოჰყავს აზოტიანი პროდუქტები (შარდოვანა), შარდმჟავას მარილების ქლორიდები. ნაყენის სახით მას იყენებენ თირკმლებისა და შარდის ბუშტის მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, გულის უკმარისობისას, რომელსაც თან ახლავს შეშუპება, ასევე გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვების, სკლეროზითა და ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
თირკმლის ჩაის ფართოდ გამოყენება, თირკმლის მწვავე ქრონიკული დაავადების, ნეფრიტის (თირკმლის ანთება), თირკმლისა და ღვიძლის კენჭოვანი დაავადების დროს. მკურნალობის ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ორ-სამ დღეში.
თირკმლის ჩაი სითბოსმოყვარული მცენარეა, 30-ზე დაბალი ტემპერატურის დროს ის იღუპება. კარგად ვითარდება 250-ის პირობებში, როდესაც ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 4000 მმ-ს აჭარბებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, თირკმლის ჩაი ჩვენთან მოჰყავთ, როგორც ერთწლიანი კულტურა. ის კარგად ხარობს ჩვენს პირობებში სუსტი მჟავე რეაქციის, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე.
თირკმლის ჩაის დამახასიათებელი ბიოლოგიური თავისებურებაა ის, რომ მას აქვს ფესვების ადვილად რეგენერაციის უნარი. ბუნებრივი გამრავლების პირობებში თირკმლის ჩაის ყლორტები ეხება რა ნიადაგს, იქვე წარმოშობს ფუნჯა ფესვებს.
ჩვენს პირობებში საწარმოო მიზნისათვის მიღებულია თირკმლის ჩაის გამრავლება ვეგეტატიური წესით, რადგან იგი შედარებით ადვილად ფესვიანდება. მართალია, თირკმლის ჩაი უხვად ყვავილობს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში მსხმოიარობს და იძლევა თესლს, რადგან თესლი მომწიფებამდე ცვივა.
თირკმლის ჩაის ჩითილების გამოყვანა ძირითადად მიმდინარეობს წლის ცივ დროში (ოქტომბერი-მაისი) თბილ სათბურში, ხოლო გაზაფხულზე _ კვალსათბურში.
სადედე მცენარეების მისაღებად სექტემბერში, პლანტაციებში უნდა აჭრან კენწრული ნაზარდები და დასაფესვიანებლად სათბურში დარგან. 1 ჰა-ზე 35-40 ათასი ცალი ჩითილი ეტევა. ნორმალური დაფესვიანებისათვის საჭიროა ტემპერატურა 24-280-ის ფარგლებში იყოს. საკალმედ უნდა აიჭრას 5-6 სმ სიგრძის ყლორტები ორი წყვილი ფოთლითა და კენწრული კვირტით.
გაზაფხულზე კალმები 5×5 სმ კვების არით უნდა მოათავსონ. კალმები ზრდის სტიმულატორით თუ დამუშავდება, უკეთეს შედეგებს მივიღებთ. დარგვის შემდეგ კალმები უნდა მოირწყას და დაიხუროს ხის ჩარჩოებით.
ასეთ პირობებში, დაფესვიანება_6-7 დღეში ხდება. კალმების დაფესვიანების შემდეგ, კვალსათბურებს უნდა მოაცილონ მარლის ჩარჩოები. თირკმლის ჩაისათვის გამოსადეგია საშუალო თიხნარი, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგები. მისთვის უვარგისია მჟავე რეაქციის მქონე, მძიმე თიხნარი ნიადაგები.
თირკმლის ჩაის პლანტაციის გასაშენებლად გამოსადეგია ისეთი ნაკვეთები, რომლებიც დაკავებული იყო ერთწლიანი სათოხნი კულტურებით.
სპეციალიზირებულ მეურნეობებში, სადაც იწარმოება სამკურნალო მცენარეები და მიმდიანრეობს მათი მონაცვლეობა, თირკმლის ჩაი შეიძლება ერთიდაიმავე ნაკვეთზე დარჩეს 1-2 წლის განმავლობაში.
მიწის დამუშავების დროს შეტანილი უნდა იქნეს ფოსფორი 120 კგ, კალიუმი 100 კგ და აზოტი 120 კგ ჰექტარზე.
თირკმლის ჩაისათვის პლანტაციაში ოპტიმალური კვების არედ დადგენილია 70X35 ან 70X40 სმ გაადგილება. ჩითილები უნდა დაირგას 10-15 სმ სიღრმის კვლებში, სადაც წინასწარ უნდა შეტანონ ჰა-ზე 20 ტ-მდე ორგანული სასუქი. დარგვა ჩვენს პირობებში უნდა ჩატარდეს მაისის მეორე და ივნისის პირველ ნახევარში, დარგვის შემდეგ აუცილებელია მორწყვა.
თირკმლის ჩაის მოსავალსა და სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს მცენარის 2-4 ფოთლიანი კენწრული ნაზარდები-დუყები.
კრეფა იწყება მცენარის აქტიური ზრდის დასრულებიდან 1-2 კვირის შემდეგ, სავეგეტაციო პერიოდში 2-3-ჯერ. პირველი და მეორე კრეფის დროს უნდა მოკრიფონ მხოლოდ დუყები, ხოლო მესამე კრეფისას-დუყები და ყველა მწვანე ფოთოლი. საშუალო მოსავალი ჰექტრიდან დაახლოებით 800 კილოგრამია. იყრება დაწნულ კალათებში, მოკრეფილი მასა 24-25 საათის განმავლობაში 4-6 სმ სისქის ფენებად უნდა გაშალონ საშრობ სტელაჟებზე, უნდა აურიონ 2-3 ჯერ. შემდეგ იყრება მავთულის ბადიან უჯრებში, აშრობენ სპეციალურ საშრობ კარადებში 60-700 ტემპერატურის პირობებში, 12-14 საათის განმავლობაში.
თირკმლის ჩაის მზა პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ტენიანობა არაუმეტეს 13%, მინერალური მინარევი არაუმეტეს 2%, ორთავე მხარეს მუქი ფოთლები, ცალკეული ღეროები არა უმეტეს 2,5 მმ-ისა და თანაყვავილედების ნაწილები უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 4%-ს.
თირკმლის ჩაის სამკურნალო პრეპარატია თბილი და ცივი წესით დამზადებული ნაყენი. თბილი წესით დამზადებული ნაყენი უფრო ეფექტურია. იგი შემდეგნაირად მზადდება: იღებენ 3-4 გ მზა პროდუქციას (3-4 გ ფოთლისა და დუყის გამხმარი მასა), აქუცმაცებენ 5 მმ-ის სიდიდის ნაწილებად, შემდეგ დაასხამენ 200 მლ მდუღარე წყალს და 10-15 წუთს ადუღებენ, ერთი საათის შემდეგ კი ფილტრავენ. ავადმყოფმა თბილი ნაყენი უნდა მიიღოს დღეში 2-ჯერ ჭამამდე, 20 წუთით ადრე.
ასეთივე წესით მზადდება და მიიღება თირკმლის ჩაის ცივი ნაყენი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იგი 4 საათის შემდეგ უნდა გაიფილტროს.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმა აკადემიკოსი