თუ ქართული რძის წარმოებას გაუჭირდა, იმპორტი მას ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს
„თუ ქართული რძის წარმოებას გაუჭირდა, იმპორტი მას ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს“, – ამის შესახებ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა bm.ge-ისთან განაცხადა.
კახა კონიაშვილის თქმით, ბაზარზე რძის პროდუქტები 5%-დან 10%-მდე უკვე გაძვირდა, რაც განპირობებული იყო მსოფლიო ბაზარზე რძი ფხვნილის გაძვირებით, ამ ყველაფერს კი, ერონული ვალუტის გაუფასურებაც დაემატა.
“არცერთი ბიზნესმენი, არცერთი მეწარმე, რომელიც რაღაც პროდუქციას აწარმოებს, ქვეყანაში არასოდეს არ არის დაინტერესებული, რომ მისი გასაყიდი პროდუქციის ფასი გაიზარდოს, იმიტომ რომ ეს ავტომატურად ურტყამს გაყიდვებს. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა ეცადოს მეწარმე, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ის ფასი, რომელიც უნდა მას, რომ ბაზარზე ჰქონდეს, ვერ განხორცილდება, იქიდან გამომდინარე, რომ რძის ფხვნილის ფასმა მსოფლიო ბაზარზე მოიმატა და პლუს ამ გაუფასურებული ლარის პირობებში მისი შესყიდვა კიდევ უფრო ძვირი ჯდება. ეს აისახა თვითღირებულებაზე და შესაბამისად, გასაყიდ ფასზე. დღეს რაღაც პროცენტით რძის პროდუქტები გაძვირდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს გაძვირება გაცილებით უფრო ნაკლებია, იმასთან დაკავშირებით, რა პროცენტითაც შეიმცირა კომპანიამ მოგება. თუ ქართულ წარმოებას გაუჭირდა და მან თავისი პროდუქცია უბრალოდ ბაზარზე ვეღარ გაყიდა, იმპორტი ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს. მაგალითად, უკრაინა რომ ავიღოთ ან ბელორუსეთი, იქ ჭარბი წარმოებაა რძის პროდუქტების, შესაბამისად, ერთ დღეს შეიძლება ჩვენ ქართული პროდუქციის მაგივრად უკრაინული პროდუქცია ვიყიდოთ“, – აცხადებს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი.
ანუკა ჯოხაძე
bm.ge