თუშური ყველი იტალიის ყველის ფესტივალზე
25 წლის თუშმა ფერმერმა გიორგი ქარსამაულმა იტალიაში, ქალაქ ბრაში, ყველის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა და იქაური სპეციალისტების მოწონებაც დაიმსახურა.
ფერმერს გუდის ყველი თუშური მეთოდით თუშეთში, სოფელ ვესტომთის საწარმოში გამოჰყავს.
იგი, უმარილო, მშრალ თუშურ ყველს დაძველების ტექნოლოგით ამზადებს.
გიორგიმ ქარსამაული ყველის დამზადების ძველი თუშური ტრადიცია შარშან აღადგინა.
,,გამოფენებში მონაწილება ძალზე მნიშვნელოვანია, იგი ჩვენი პროდუქციის გაცნობის კარგი საშუალებაა.
სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. მინდა, რომ მეყველეობა პოპულარული დარგი გახდეს. წლეულს ყველის რაოდენობასაც გავზრდი, ბაზარზე 5 სახეობის ყველს გავიტანთ.
ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა ამ სფეროსთან და დაახლოებით 12 – 13 წლიდან მეც დავიწყე ყველის წარმოება. ტრადიციული თუშური მეთოდით ვაკეთებთ გუდის ყველს, რომელიც ცხვრის ტყავში მწიფდება, ისე, როგორც ჩემი წინაპრები აკეთებდნენ“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ქარსამაულმა.
ახალგაზრდა ფერმერი სამომავლოდ ბაზრების მოძიებასა და ყველის სხვა სახეობების წარმოებას გეგმავს.
წყარო: knews.ge