წარმატებული საოჯახო ბიზნესი

კახაბერ ბეჟიაშვილმა ფერმერობა 5 წლის წინათ 800 ფრთა მეკვერცხული ქათმის მოშენებით დაიწყო, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ფერმა მოაწყო და წარმატებულ საოჯახო ბიზნესად აქცია. დღეს 3700 ფრთა ჰყავს და მისი პროდუქტით რამდენიმე სავაჭრო და საკვები ობიექტი მარაგდება.

მეკვერცხული ქათამი საქართველოში ნაკლებად იჩეკება, ძირითადად უცხოეთიდან შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისს საგარეჯოს რაიონი წარმოადგენს, სადაც ამ მიმართულების რამდენიმე ფერმა უკვე არსებობს და არის ახალი წამოწყებებიც, ჩნდება პატარა ფერმები. მეკვერცხული ქათმების ყოლა აქტუალურია სახლის პირობებშიც.

მეკვერცხული მიმართულების ფერმერულ მეურნეობებში მნიშვნელოვანი საწარმოო რგოლია სარემონტო მოზარდეულის გამოზრდა. წიწილების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ასაკის შესაბამისად შეიქმნას მოვლა-შენახვისა და კვების საჭირო პირობები. საჭიროა ინკუბატორიუმი, საფრინველის მომზადება, პროფილაქტიკური შესვენების ვადები, სინათლის რეჟიმი, განათების ინტენსიურობა, ტემპერატურის რეჟიმი, ფარდობითი ტენიანობა, გამოზრდის ხერხები, დასმის სიმჭიდროვე, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე… ამ მხრივ კახაბერ ბეჟიაშვილს თეორიული ცოდნა არ ჰქონდა, თუმცა, საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა და ფერმერის როლი წარმატებით მოირგო.

„პროფესიით სოფლის მეურნეობის თემებთან ახლოს არ ვყოფილვარ, მაგრამ გადავწყვიტე ოჯახთან ერთად მეფრინველეობის მიმართულებით წამომეწყო საქმიანობა. თავიდან იყო შეცდომები, რთულია, როცა არ იცი, სად გაყიდო კვერცხი და კიდევ ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემაა… წინასწარ უნდა დაგეგმო გონივრულად ყველაფერი, რომ კარგ შედეგზე გახვიდე. დამწყებთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს თანხის მოძიება. ამ მხრივ სახელმწიფო გვთავაზობს შეღავათიან კრედიტს და ფერმერებს გვეხმარება. მნიშვნელოვანია ფერმის სწორად მოწყობაც და იმ გარემოებების გათვალისწინებაც, რამაც შესაძლოა „შეგვაფერხოს“. მაგალითად, ზაფხულში კვერცხის ფასი ეცემა… დღეს ჩემი ოჯახი ფინანსურად ამ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. შრომა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ საწყის ეტაპზე — განსაკუთრებით.

დღეს საშუალო და მცირე მასშტაბის ფერმერებს ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაში გვეხმარება კომპანია „ნუტრიმაქსი“, რომელიც წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე“, — ამბობს კახაბერ ბეჟიაშვილი.

ახალგაზრდა ფერმერის თქმით, პროფესიული განათლება და თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ პრაქტიკა აუცილებელია.

იგი სხვა ფერმერებს თავის გამოცდილებას უზიარებს და სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს.

თეონა ნოზაძე,

ასოციაცია “მომავლის ფერმერი„